დიასახლისებისთვის კარგად ნაცნობია, როცა უთოს ძირი მიეწვება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი სასჯელია ამ დროს უთოობა. მოულოდნელად გაჩენილი ლაქა, გაფუჭებული ტანსაცმელი და უსიამოვნო სუნი...
ეს არცერთ ჩვენგანს არ გვჭირდება. მიჰყევით ჩვენს რჩევებს და ეს პრობლემა აღარასოდეს შეგაწუხებთ. ამოირჩიეთ მეთოდი, რომელიც უფრო მარტივად მოგეჩვენებათ და შეუდექით საქმეს.
მარილი უთოს ზედაპირის გასაწმენდად
1. საუთოებელ მაგიდაზე დააფინეთ ბამბის ქსოვილი ან პირსახოცი – ისეთი რამ, რისი გადაგდებაც არ დაგენანებათ.
2. ქსოვილზე დაყარეთ ერთი სუფრის კოვზი მსხვილად დაფქული მარილი. განსაკუთრებით ეფექტურია ზღვის მარილი.
3. ჩართეთ უთო მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მთლიანად გამოუშვით ორთქლი.
4. აუთოეთ მარილმოყრილი ქსოვილი ძლიერი დაწოლის გარეშე და რამდენიმე წუთში დატკბით შედეგით. უთოს ზედაპირი სარკესავით ბზინვარე იქნება.
მარილისა და ძმრის ნარევი
1. ძმარი და მარილი თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს და დადგით საშუალო ცეცხლზე, სანამ მარილი სრულიად არ გაიხსნება. ძმარი არ უნდა ადუღდეს. სუნი, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ამ ხსნარით გაწმენდილი უთოს ზედაპირი ამად ღირს.
2. გააგრილეთ მიღებული ხსნარი იქამდე, რომ თითებს არ წვავდეს. უმჯობესია, რეზინის ხელთათმანებით დაიცვათ ხელები. ძველი ჩვარი დაასველეთ ხსნარში და ფაქიზად გაწმინდეთ უთოს ზედაპირი.
3. ამის შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი სუფთა ჩვრით. ახლა ჩართეთ უთო და ზედაპირის საბოლოოდ გაწმენდისთვის გააუთოეთ ძველი ქსოვილი.
ქიმიური საწმენდი საშუალებები
1. მთლიანად დაცალეთ წყლისგან უთო.
2. ჩართეთ უთო ბამბის ქსოვილის უთოობის რეჟიმზე.
3. აიღეთ სქელი ბამბის ქსოვილი, დააფინეთ საუთოებელ მაგიდაზე და ზედ დაასხით უთოს ზედაპირის გასაწმენდი სითხე რეკომენდებული რაოდენობით. უთოს გამწმენდი საშუალებები სხვადასხვაგვარია: ზოგიერთი მათგანი უნდა დაესხას ქსოვილზე, ხოლო ზოგი – პირდაპირ უთოს ზედაპირზე.
4. ქსოვილი აუთოეთ წრიული მოძრაობებით, შემდეგ გამორთეთ და დაელოდეთ უთოს გაგრილებას. შეამოწმეთ ორთქლის გამოსაშვები ნაპრალების სისუფთავე და აუცილებლობის შემთხვევაში გაასუფთავეთ დარჩენილი საწმენდი საშუალებებისგან ყველა ნაპრალი.
როგორ გავწმინდოთ ორთქლის გამოსაშვები ნაპრალები
1. ნაპრალები მარტივად გაიწმინდება ძმრისა და მარილის ხსნარში დასველებული ყურის საწმენდი ჩხირით. შემდეგ კი სუფთა ჩხირით მოაშორეთ ძმრიანი სითხე.
უთოს ზედაპირის გაწმენდის სხვა მეთოდები
1. ერთ-ერთი პოპულარული მეთოდია – უთოს ზედაპირის სოდით გაწმენდა. გახსენით სოდა წყალში პასტის კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული მასა წაუსვით ჩვარზე და გაუსვით მასზე უთო. შემდეგ გაწმინდეთ ზედაპირი სუფთა ჩვრით.
2. თანაბარი რაოდენობით წყლისა და ძმრის ხსნარი ჩაასხით უთოს რეზერვუარში, შემდეგ გააცხელეთ უთო. რამდენიმე წუთის განმავლობაში აუთოეთ ძველი ბამბის ქსოვილი. ამის შემდეგ დაცალეთ რეზერვუარი ხსნარისგან, ზედაპირი კი სუფთა პირსახოცით გაწმინდეთ.
3. ცოტაოდენი კბილის პასტა წაუსვით უთოს ზედაპირზე, განსაკუთრებით, ჭუჭყიან ადგილებზე. შემდეგ გაწმინდეთ სუფთა ჩვრით. ჩართეთ უთო, გააცხელეთ და გააუთოეთ ძველი ქსოვილი.