ტრადიციული ევროპული საახალწლო დესერტი - Marao

ტრადიციული ევროპული საახალწლო დესერტი

2019-12-24 10:00:26+04:00

ეს ნამცხვარი ევროპაში, შობა-ახალი წლის პერიოდში თითქმის ყველა მაღაზიაში იყიდება. „საშობაო მორი“ - ასე ჰქვია გემრიელ დესერტს, რომლის კლასიკურ რეცეპტს ჩვენ შემოგთავაზებთ.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი 100 გ
  • შაქარი 200 გ
  • ვანილის შაქარი 1 პაკეტი
  • კვერცხი 5 ც
  • კვერცხის გული 3 ც
  • კარაქი 250 გ
  • მწარე შოკოლადი 100 გ
  • ხსნადი ყავა 3 ჩ/კ

მომზადების წესი:

  1. აიღეთ 4 კვერცხი და გააცალკევეთ ცილები და გული. ცილები ცოტა ხნით გადაინახეთ, გულები ათქვიფეთ 100 გრამ შაქართან ერთად. შეურიეთ ვანილის შაქარი.
  2. დაუმატეთ მეხუთე კვერცხი მთლიანად და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი. განაგრძეთ ცომის მოზელვა.
  3. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა. მყარი ქაფის ფენა უნდა მიიღოთ. დაუმატეთ ცომს.
  4. საცხობ სინზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი (საცხობი), წაუსვით კარაქი და ოდნავ მოაყარეთ ფქვილი.
  5. ცომი თანაბარ ფენად დააფინეთ (1 სმ სისქის). აცხვეთ 200 გრადუსზე, 10 წთ. გამოიღეთ ბისკვიტი და დააფარეთ ნამიანი ჩაის ტილო 5-10 წთ. შემდეგ დანით აკურატულად აიღეთ პერგამენტიდან და ისევ დააფინეთ ტილო.
  6. დაადნეთ შაქარი ორთქლზე (ოდნავ წყალი დაუმატეთ), უნდა მიიღოთ სიროფი. ჯამში ჩადეთ კვერცხის გულები და ნელა დაუმატეთ მას სიროფი.
  7. კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ ძალიან რბილი, თითქმის დამდნარი კარაქი და კარგად ათქვიფეთ.
  8. შოკოლადის ფილა დაადნეთ. მომზადებული კრემი 2-ად გაყავით. ერთში დაუმატეთ ხსნადი ყავა და აურიეთ, მეორეში - დამდნარი შოკოლადი.
  9. ორივე კრემი სქელი უნდ აიყოს. თუ თხელი გამოგივიდათ, ცოტა ხნით მაცივარში შედეთ.
  10. ბისკვიტს წაუსვით თანაბარ ფენად ყავის კრემი და ძალიან ფრთხილად დაახვიეთ რულეტი. ზემოდან სქლად დაადეთ შოკოლადის კრემი და გაუკეთეთ ხაზები, რომ ხის ფაქტურას დაემსგავსოს.
  11. მჭრელი დანით მოაჭერით ნამცხვარს კიდეები, რომ ლამაზი გამოვიდეს. შედეთ მაცივარში, სანამ კრემი არ გამყარდება.
  12. მორთეთ სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!