ყიყლიყოზე სწრაფი და გემრიელი საუზმე ქვეყნად არ არსებობს. განსაკუთრებით, საახალწლო გემრიელობების შემდეგ, როცა მარტივი და სწრაფი ხემსის მომზადება გსურთ და თანაც, უამრავი პური დაგრჩათ და მისი გადაყრა გენანებათ. იცით ყიყლიყოს წარმოშობის ისტორია და მისი განსხვავებული რეცეპტები?..
შეიძლება საქართველოში ყიყლიყოს ასეთი სახელი იმიტომ შეერქვა, რომ მას ადრიან საუზმეზე მიირთმევენ და დიდი მზადება არ სჭირდება. ამასთანავე, ის გემრიელი და ნოყიერია. ქალაქურ ლექსიკონში ყიყლიყოს ასეთი განმარტება აქვს: "საჭმელი ერთგვარი. ყანჭებად დაჭრილი პური, ამოვლებული გათქვეფილ კვერცხში და ტაფაზე შემწვარი."
ყიყლიყოს წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს:
ჯვაროსნები საკუთარ თავს "ქრისტეს ღარიბ რაინდს", "ტაძრის რაინდს" უწოდებდნენ. Temple - ტაძარი ფრანგულად გამოითქმის, როგორც ტამპლი და მათ ტამპლიერებიც შეერქვათ. როგორც ამბობენ, სიღარიბის გამო მათი ძირითადი საკვები კვერცხში ამოვლებული შემწვარი პური იყო, რომლის თან წაღებაც და გზაში მირთმევაც მარტივად შეიძლებოდა. ამასთანავე, ცილებს, ნახშირწყლებსა და ცხიმებსაც შეიცავდა. წლები გავიდა, ხოლო ყიყლიყოს სახელი "ღარიბი რაინდი" შერჩა. მეორე ვერსიით, სახელი "ღარიბი რაინდი" 1787 წელს წარმოიშვა. ეს იყო გერმანიისა და სკანდინავიური ქვეყნების სტუდენტების ყველაზე ღარიბული და მარტივად მოსამზადებელი კერძი.
გერმანული "ღარიბი რაინდის" მოსამზადებლად დაგჭირდებათ: გამხმარი პური, 1 ჭიქა რძე, 2 ცალი კვერცხი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 3ს/კ შაქარი, ცოტა ფქვილი და მწიკვი დარიჩინი.
რძე და კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი. დაალბეთ მასში თანაბარ ზომაზე დაჭრილი პურის ნაჭრები. შეწვით კარაქში ორივე მხრიდან, ზემოდან მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი, მიირთვით ცხელი.
ინგლისში ყიყლიყოს მდიდრული სახელი, ედუარდ III-ის პატივსაცემად "უინძორის ღარიბი რაინდი" შეარქვეს, რომელმაც XIV საუკუნეში ორდენი "უინძორის ღარიბი რაინდი" დააარსა. ინგლისში ყიყლიყოს რამდენიმენაირი რეცეპტი არსებობდა. ერთ-ერთის თანახმად, გჭირდებათ:
ძველი პურის 4 ნაჭერი, 1 სადილის კოვზი კარაქი, 1 ს/კ შაქარი, 1 ს/კ ნაღები, 150 მლ რძე, 4 კვერცხის გული, 75 გრამი კარაქი, 1 ჩაის კოვზი დარიჩინი, ჟოლოს ან მარწყვის ჯემი. მომზადება: შაქარი, კვერცხის გულები, რძე და ნაღები ათქვიფეთ. ჩაალბეთ მასში პურის ნაჭრები, შებრაწეთ ორივე მხრიდან, ზემოდან მოაყარეთ დარიჩინი და მიირთვით ჟოლოს ან მარწყვის ჯემთან ერთად. მეორე რეცეპტში რძე ღვინითაა ჩანაცვლებული.
საფრანგეთში ყიყლიყოს "დაკარგულ პურს" ეძახიან, რადგან იგი, ძირითადად, "გამოცოცხლებული", გამომხმარი, საჭმელად უვარგისი პურისგან მზადდება. ჩვეულ რეცეპტს უმატებენ ვანილს, შემწვარს კი ზემოდან აყრიან დაჭრილ ნუშსა და ხილს.
აშშ-ში ყიყლიყოს "ფრანგულ ტოსტს" ეძახიან, მაგრამ არა ფრანგების პატივსაცემად, არამედ ჯო ფრენჩის, რომელიც ახალშებრაწული ყიყლიყოებით ვაჭრობდა და ინგლისურის გრამატიკა ცუდად იცოდა. ამიტომ კერძს ფრენჩის ტოსტი კი არა, "ფრანგული ტოსტი" შეერქვა. ამერიკული "ღარიბი რაინდის" მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ძველი პურის 12 ნაჭერი, 6 ცალი კვერცხი, 6 სადილის კოვზი რძე, მარილი, დაფქული ბაჰარი, ვანილის ექსტრაქტი და ერბო შესაწვავად. შემწვარ ყიყლიყოებს ამერიკელები თაფლით, ჯემით, კეტჩუპით ან სხვადასხვა სოუსით მიირთმევენ.
საინტერესოა, თქვენ როგორ ამზადებთ ყიყლიყოს და რასთან ერთად მიირთმევთ მას?..