შეხედავს ინგრედიენტს და იდეაც მოდის – კრეატიული, გიჟური და ისეთი, ჯერ რომ არავის გაუკეთებია.
ზიზი ბერაია პროფესიით ეკონომისტია. ამჟამად – დიასახლისი და ორი შვილის დედა.
კულინარია ბავშვობიდანვე იტაცებდა. 9 წლის იყო, სამზარეულოში ფუსფუსი რომ დაიწყო და მას შემდეგ, ალბათ, ერთი დღეც არ ყოფილა კულინარიის გარეშე. „როგორც კი სამზარეულოს მარტოს დავიგულებდი, იწყებოდა ჩემი ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა. ეს ის საქმეა, რაც არასოდეს მღლის და მბეზრდება“, – ამბობს ზიზი.
არ უყვარს სტანდარტული რეცეპტები და ყოველთვის ცდილობს, რაღაც შეცვალოს, კერძი სხვანაირად წარმოაჩინოს. წინასწარ არასოდეს ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს. ინგრედიენტის დანახვისას უცებ მოსდის იდეა. კულინარიისადმი დიდი ინტერესისა და სიყვარულის მიუხედავად, ეკონომისტის პროფესია აირჩია: „მიზეზი მარტივია. როგორც ხდება ხოლმე – „უფრო გამოგადგება“, „უფრო პერსპექტიულია“... დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, სულ სხვანაირად დავგეგმავდი ჩემს ცხოვრებას, მაგრამ გვიანი ალბათ არც ახლაა, – ამბობს ზიზი. ასე რომ, კულინარიის ხელოვნება არსად არ უსწავლია და მისი იდეები დიდი ფანტაზიის დამსახურებაა.
მეგრული სუში
ძირითადად, ქართული სამზარეულოს მოდერნიზებაზე ფიქრობს: „ქართული კერძების სხვა სახით წარდგენა, რაღაც ახლის შეტანა მინდა. დიდი სურვილი მაქვს, მქონდეს პატარა კაფე, მყუდრო გარემოთი, განსხვავებული ინტერიერითა და კერძებით. მინდა, თითოეული სტუმარი ვამოგზაურო სხვადასხვა კუთხეში და ბავშვობა გავახსენო, ბებიების მომზადებული კერძები, მაგრამ ახლებურად, თანამედროვე და განსხვავებული სახით.“
ფხალის ასორტი ბაჟეში, აჭარულის ნავში
„ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, ბევრი პროდუქტი მაქვს თუ არა. რაც მომეპოვება, იმითი ვაწყობ კერძს. ყველაფრისგან შეიძლება გამოძერწვა, თუ მოინდომებ.“