საახალწლო სამზადისი ყველასათვის გამორჩეულად საყვარელი პერიოდია: ნაძვის ხე, ბურთები, განათებები და რა თქმა უნდა, საჩუქრები. ამ უკანასკნელზე კი ყველაზე მეტ დროს ვხარჯავთ საუკეთესოს ძიებაში, იმისათვის, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს საყვარელ ადამიანებს. ერთადერთი რამ, რაც არ დარჩება დიდი ხნით თაროზე და არ დაედება მტვერი, ტკბილი საჩუქრებია. გემრიელი ტკბილეული კი ყველასათვის სასურველი საჩუქრების სიაში შედის. ტრიუფელები - ერთი შეხედვით ძვირად ღირებული ტკბილეულია, რომელიც სინამდვილეში სახლის პირობებშიც მარტივად მზადდება.
ჩაინიშნეთ!
ინგრედიენტები
- შავი შოკოლადი 150 გ.
- ნაღების კარაქი 8 გ.
- ნაღები 70 გ
- კაკაოს ფხვნილი 50 გ.
მომზადების წესი:
- დაადნეთ ორთქლზე მწარე შოკოლადი
- აიღეთ ჯამი, მოათავსეთ კარაქი და დაასხით 35% ცხიმიანობის ნაღები. როგორც კი წამოდუღებას დაიწყებს, დაასხით შოკოლადი. კარგად მოურიეთ და მიიღებთ შოკოლადის განაშს.
- შედგით მიღებული განაში 29 წუთით საყინულეში იმისათვის, რომ მყარი კონსისტენციის გახდეს, რათა მისი ფორმირება ტკბილეულის სახით უფრო მარტივი გახდეს.
- კაკაო გაცერით და საყინულედან გამოიტანეთ განაში.
- მიეცით პატარა ბურთების ფორმა და ამოავლეთ კაკაოში. დაფერთხეთ ტკბილეული ზედმეტი ფხვნილისგან.
- მიღებული ბურთულები შედეთ მაცივარში.
თქვენი საახალწლო ტრიუფელებიც მზად არის. სურვილისამებრ შეგიძლიათ ქოქოსის ფანტელებით, დაფხვნილი თხილით გააფორმოთ კაკაოს ნაცვლად. შეფუთეთ ლამაზ ყუთებში, გაუკეთეთ საახალწლო ბაფთა და მიართვით საყვარელ ადამიანებს.
გემრიელად მიირთვით!