ფორთოხლის ჯემი თქვენს სააღდგომო სუფრას განსაკუთრებულ სურნელს შესძენს - რეცეპტი - Marao

ფორთოხლის ჯემი თქვენს სააღდგომო სუფრას განსაკუთრებულ სურნელს შესძენს - რეცეპტი

2021-04-12 18:11:28+04:00

როცა ჰაერში მიხაკის, დარიჩინისა და ცუკატების გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს და დიასახლისები განსაკუთრებული მონდომებით ცვლიან ერთმანეთში საუკეთესო პასკის რეცეპტებს, ყველა ვხვდებით, რომ აღდგომის დღესასწაული კარს მოგვადგა. აღდგომას მსოფლიოს 95 ქვეყანაში უამრავი ადამიანი ზეიმობს. წითელი კვერცხებით, საგულდაგულოდ დათესილი ჯეჯილითა თუ შოკოლადის ბაჭიებით გაწყობილ მაგიდაზე საპატიო ადგილს იკავებს პასკა - სააღდგომო სუფრის შეუცვლელი ატრიბუტი. იმისთვის, რომ იდეალური პასკის საყიდლად ქალაქის საუკეთესო საკონდიტროს უშველებელ რიგში დგომა თავიდან აირიდოთ, მოამზადეთ ფორთოხლის ეს მარტივი პასტა და გაულამაზეთ აღდგომის დღესასწაული თქვენი ოჯახის წევრებსაც.

ინგრედიენტები:

2 ც. დიდი ზომის ფორთოხალი

250 გრ შაქარი

მწიკვი ლიმონმჟავა

მომზადება:

კარგად გარეცხეთ ფორთოხალი და დაჭერით პატარა კუბებად ისე, რომ არ გათალოთ. მოაყარეთ 250 გრ შაქარი და გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში მანამ, სანამ საკუთარ წვენს არ გამოიღებს. მიღებული მასა წვენთან ერთად გადაიტანეთ ქვაბში და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში.

ფორთოხალი გამოაცალკევეთ ზედმეტი სითხისგან და გააცივეთ. შემდეგ კი მოათავსეთ ბლენდერში და დააბლენდერეთ, სანამ ერთიან მასას არ მიიღებთ. ჯემს, სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ დარიჩინი ან მუსკატის კაკალი.

მიღებული მასა გადაიტანეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. ჯემი იდეალურია ნამცხვრებისა და ფუნთუშებისთვის, განსაკუთრებით კი, სააღდგომო პასკისთვის. ის თქვენთვის საყვარელ ტკბილეულს განსაკუთრებულ არომატს, გემოსა და სურნელს მიანიჭებს და სააღდგომო სუფრას კიდევ უფრო გაგილამაზებთ.