კარგად ვიცით, რამდენად სასარგებლოა ეს ციტრუსი, მაგრამ ყველამ არ იცის, როგორ მიიღოს მისგან მაქსიმალური სარგებელი. არადა, ეს ძალიან მარტივია. საკმარისია, კარგად გავრეცხოთ ლიმონი, მოვათავსოთ საყინულეში რამდენიმე საათით, შემდეგ კი გავხეხოთ კანიანად და კურკებიანად.
ლიმონის კანში 5-ჯერ მეტი ვიტამინია, ვიდრე ლიმონის წვენში! ასევე, მას შესანიშნავად გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან და შეუძლია შეაჩეროს დაბერების პროცესი.
რა თქმა უნდა, გაყინვის დროს ვიტამინების რაღაც ნაწილი კვდება, მაგრამ საკმარისი რჩება იმისათვის, რომ სარგებელი მოუტანოს ჩვენს ორგანიზმს. ნებისმიერი ნაყოფის გაყინვისას მასში ვიტამინების 90% რჩება.
დაუმატეთ გახეხილი ლიმონი ნებისმიერ კერძში: სალათებში, ნაყინში, სუპებში, მაკარონში და სხვა კერძში. ასევე, სასმელებში: ღვინოსა და ვისკიშიც კი. კერძი საოცარ არომატს შეიძენს, ისეთს, როგორიც აქამდე არ გაგისინჯავთ.
როგორ გავრეცხოთ სწორად ლიმონი იქამდე, სანამ გავყინავთ?
მეთოდი #1
თავდაპირველად აადუღეთ წყალი. ჩადეთ ლიმონი საწურში (თუშფალანგში) და დაასხით ადუღებული წყალი. შემდეგ აიღეთ ჯამში ცივი წყალი და ჩადეთ დამდუღრული ლიმონი. გაფცქვენით ხილისა და ბოსტნეულის სპეციალური საფცქვნელით. თუ ასეთი არ გაქვთ, შეგიძლიათ ხაოიანი ღრუბლით გაწმინდოთ გამდინარე წყლის ქვეშ. კარგად გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და რამდენიმე საათი აცალეთ, რომ ბოლომდე გაშრეს.
მეთოდი #2
ჩაასხით ბოთლში წყალი და ვაშლის ძმარი პროპორციებით 3:1-ზე. დაახურეთ ბოთლს თავსახური და კარგად შეანჯღრიეთ. მოასხით ეს ნარევი ლიმონს და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ ჯაგრისით ან ხაოიანი ღრუბლით კარგად გარეცხეთ ლიმონი გრილი წყლის ქვეშ. ბოლოს გადაავლეთ სუფთა, გამდინარე წყალი და გააშრეთ.
არ შედოთ ლიმონი საყინულეში, თუ ის კარგად გამშრალი არ არის. გასაყინად ხილი სპეციალურ კულინარიულ ცელოფანში გადაახვიეთ. ზედმეტი სინოტივე შესაძლოა ყინულად იქცეს, ეს კი პროდუქტს გემოს შეუცვლის.
გახადეთ თქვენი კერძი უფრო გემრიელი და სასარგებლო გაყინული ლიმონის მეშვეობით.