როდესაც აგარაკზე ვსაუბრობთ, რატომღაც თვალწინ ინგლისური გაზონი ან ვარდებით და სხვა ეგზოტიკური მცენარეებით მორთული ეზო წარმოგვიდგება.
ეს ლამაზია, ვერ შეგედავებით, მაგრამ აბა, ერთი წუთით ეგზოტიკური მცენარეების მაგივრად სამკურნალო ბალახები წარმოიდგინეთ. ვერ წარმოგიდგენიათ? გვინდა დაგარწმუნოთ, რომ აგარაკის მორთვა სამკურნალო ბალახებით და მცენარეებითაც შეიძლება და ეს არა მარტო სასარგებლო იქნება თქვენი და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობისთვის, არამედ ძალიან ლამაზი სანახაობაც.
ყველა ადამიანს ძალიან უყვარს უქმეების აგარაკზე გატარება, ბუნებაში გასვლა. სასიამოვნო სურნელი კი ჩვენი კარგი განწყობის გარანტიაა, თუმცა, დაგვერწმუნეთ, კარგ განწყობას ჯანსაღ ენერგიას თუ დავუმატებთ, თავს კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ. ამაში კი სწორედ ჩვენ მიერ ნახსენები სამკურნალო მცენარეები დაგეხმარებათ. საამოსოდ თქვენს ბაღში ამ ლამაზმა მცენარეებმა უნდა გაიხაროს, რაც, სხვათა შორის, ბევრად იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე ეგზოტიკური ყვავილების გახარება.
გვირილა
დავიწყოთ ყველასთვის კარგად ნაცნობი გვირილით. ეს დეკორატიული მცენარეა, რომელიც ძალიან ლამაზად ყვავის ივნისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე. მას ძალიან უყვარს სინათლე და მორწყვა, თუმცა, ზომაზე მეტ ტენიანობას ვერ იტანს. ასე რომ, ის გაშლილ და მზიან ადგილას უნდა განვათავსოთ.
რაც შეეხება გვირილის სამკურნალო თვისებებს, ის ოდითგანვე ცნობილია, როგორც ანთების საწინააღმდეგო უებარი საშუალება. იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს, ძალიან კარგად შველის კბილის ტკივილს და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას.{{ArticleSplitCont}}
ექინაცეა
ამ მცენარის ერთი შეხედვით უბრალო ყვავილს ადამიანის მონუსხვა შეუძლია. ეს მცენარე ყვავილობს ივლისის შუაგულიდან სექტემბრამდე. თუ ბაღში ეს მცენარე გაქვთ, უნდა შეეგუოთ იმ ფაქტსაც, რომ ფუტკრებიც ხშირად გესტუმრებიან, რადგან ექინაცეა თაფლის მცენარეა. ეს მცენარე მეორე წლიდან ყვავილობს, ძალიან უყვარს სინათლე და ვერ ეგუება ოდნავ ჩრდილსაც კი.
ექინაცეა კარგად შველის ჭრილობებს, ანთებით პროცესებს, დამწვრობას. ფართოდ გამოიყენებენ გველისა და მწერების ნაკბენების წინააღმდეგ.{{ArticleSplitCont}}
პიტნა
სურნელი, ხასხასა მწვანე ფერი, სისადავე და სილამაზე ამ მცენარის დამახასიათებელი ნიშნებია. პიტნა უძველესი დროიდან ითვლება ერთ-ერთ სამკურნალო მცენარედ მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რომ ეს უებარი სამკურნალო ბალახია, მდიდარია A და C ვიტამინებით, ასევე, მარგანეცით. ხშირად მიირთვით პიტნის ჩაი და ნახავთ, როგორ კარგად იგრძნობთ თავს.
პიტნა საკმაოდ სწრაფად იზრდება და იმდენად სწრაფად ვრცელდება ახლომახლო ტერიტორიაზე, რომ თავისუფლად შეუძლია მეზობელი მცენარის გაძევება. მისი დათესვის დროს ეს ფაქტორი აუცილებლად გაითვალისწინეთ და ცალკე გრუნტი გამოუყავით.
სხვათა შორის, ამბობენ, რომ პიტნამ ენერგიის და ფულის მოტანა იცისო.
იხილეთ სტატია სრულად