როგორ “გავზარდოთ” ჩვენი იღბალი ან საკუთარი ბედნიერება ოთახის მცენარეების დახმარებით - Marao

როგორ “გავზარდოთ” ჩვენი იღბალი ან საკუთარი ბედნიერება ოთახის მცენარეების დახმარებით

2020-09-10 08:42:21+04:00

ჩვენ გვიყვარს ყვავილები და სხვადასხვა მცენარე, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ მწვანე მეგობრებს ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა შეუძლიათ. მაგალითად, სიხარულის, ბედნიერების, იღბლის...
ყველა ადამიანს შეუძლია იქონიოს მცენარე, რომელსაც თუ გაახარებს და მოუვლის, მისი ცხოვრება ბევრად უკეთესად წარიმართება. მთავარია ვიცოდეთ, რომელია ჩვენი თილისმა მცენარე.

ცეცხლის ნიშნებმა უნდა გაახარონ ისეთი მცენარეები, რომლებიც ბევრ ჟანგბადს გამოყოფენ. განსაკუთრებით ღამის საათებში, რადგან იმისთვის, რომ ცეცხლი ენთოს, აუცილებელია ჟანგბადი. რაც უფრო მეტი ჟანგბადია, უფრო დიდია ცეცხლის ძალა. თუ ხართ ცეცხლის სტიქია და არ გყოფნით სინაზე და ყურადღება, თქვენ უნდა გაზარდოთ და გაახაროთ სანსევიერია - ვეფხვისტყავა.

თუ ხშირად გაწუხებთ სულიერი სიცარიელე და წარსულის უთქმელი, მოუშუშებელი ტკივილები, მოუარეთ და გაზარდეთ კალანხოე ან ალოე.

ხოლო თუ მატერიალური წინსვლა და ფინანსები გჭირდებათ, მაშინ აუცილებელია გაახაროთ ბეგონია. უმჯობესია სამეფო ბეგონია.

ძველ დროში ხშირად შეხვდებოდით ოჯახებში პატარა ქოთნის მოყვავილე მცენარეს. Myrtle (myrtus) ხელს უწყობს ოჯახში სიმშვიდის და ჰარმონიის დამყარებას. სასურველია, ცოლ-ქმრის ოთახში მირტლი მთელი ყვავილობის განმავლობაში იდგას. ცეცხლის ნიშან წყვილს ის სტაბილურობას და ხანგრძლივ ერთგულ ურთიერთობას მოუტანს.

ჰაერის სტიქიის მცენარე-თილისმები - თუ მატერიალური კეთილდღეობის ამაღლება გსურთ, გაახარეთ „ბარაქის ხე“. მისი მოვლა დაგეხმარებათ გადალახოთ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წინაღობები. გახსოვდეთ, რომ ფულის ხეს არ უყვარს ხშირი მორწყვა. უყვარს ჰაერი და მზე.

თუ ფინანსებზე უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის პირადი ცხოვრების დალაგებაა, მაშინ გირჩევთ მოუაროთ გარდენიას და ციკლამენებს (ყოჩივარდა),  ხოლო თუ გსურთ მარტო იყოთ, მაშინ მოაშენეთ იები ან გაახარეთ კაკტუსი. მას აქვს ისეთი მაგიური ძალა, რომელიც აფრთხობს თაყვანისმცემლებს.

წყლის ნიშნების მცენარე-თილისმები. წყლის ნიშანს ყველა სტიქიაზე მეტად სჭირდება სამყაროსთან ჰარმონიზაცია და სასურველი ენერგეტიკის მიღება. ამიტომ, მათთვის აუცილებელია ისეთი მცენარეები, რომლებსაც დაუმეგობრდებიან, რათა მათი უარყოფითი ენერგია მცენარეებმა შეიწოვონ და მათი სუფთა მწვანე ენერგია წყლის ნიშნებმა გაიზიარონ. ერთ-ერთი ასეთი მცენარეა ქლოროფიტუმი. ის ხელს უწყობს ნეგატიური ენერგიის პოზიტიურად ტრანსფორმირებას.

ყველაზე ძალიან ამ მცენარეს უყვარს სამზარეულო. ამიტომ მოათავსეთ იქ. ქლოროფიტუმს წარმატება მოაქვს და ეხმარება მწვანე დიდი ენერგიით ისეთ ადამიანს, ვინც მას ზრდის და უვლის იმ მიზნით, რომ მერე სხვა ახალ სახლში გადაიტანოს. ამიტომ, თუ ამ ყვავილს გაახარებთ იმ აზრით, რომ მალე ახალსახლობა გექნებათ - ეს იმუშავებს. მორწყვისას მცენარეს დაელაპარაკეთ, უთხარით, რომ ის ძალიან მოუხდება თქვენს ახალ სამზარეულოს, რომელიც იქნება მზიანი და ნათელი. სახლის ენერგოინდიკატორად ითვლება გერანია-ბალბა, რომელიც უდიდეს ძალას ფლობს, დაიცვას სახლი უარყოფითი ფაქტორებისაგან.

მიწის ნიშნები და მათი მცენარე-თილისმები - ამ სტიქიისთვის სასურველი და მისაღებია ქრიზანთემები. ქოთნის ვარდები სასურველია მეწამული ან ყვითელი ფერის იყოს. ეს უკანასკნელი სასიცოცხლო ენერგიის გენერატორად ითვლება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვარდი თავის დადებით ენერგიას გამოსცემს წრიული იმპულსებით და გარემოს კარგი ენერგიით ავსებს. დააკვირდით, არც ერთი ჩინური ბაღი არაა ქრიზანთემის გარეშე. ქრიზანთემას შეუძლია თქვენი სახლი დაიცვას ბნელი ენერგიისგან და ნეგატიური გამოსხივებისგან. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მოყვავილე ქრიზანთემა არასდროს დადგათ საძინებელ ოთახში, რადგან თრგუნავს თქვენს ქალურ ენერგიას.

მიწის სტიქიისთვის ბედნიერება მოაქვს ციტრუსოვან მცენარეებს, ხელს უწყობს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას.

დაბოლოს, მთავარი: რომელი ნიშანიც უნდა იყოს თქვენი - წყალი, ჰაერი, მიწა თუ ცეცხლი, მთავარია მცენარე, რომელსაც მოიტანთ სახლში და გაახარებთ, ჩადებთ სიყვარულის ენერგიას, რომელსაც ის შემდეგ ასმაგად დაგიბრუნებთ. აარჩიოთ სულით და გულით, თქვენ თავად მიხვდებით, რომელი მცენარე შეიძლება გახდეს თქვენი მეგობარი და არ დაგავიწყდეთ, თავადვე აჩუქოთ თქვენს მცენარეებსა და ყვავილებს სიყვარული.

დალილას ბლოგი