ალბათ ამაზე არაერთხელ დაფიქრებულხართ. მართალია, მოგწონთ, როდესაც თმის ფერს ხშირად იცვლით, მაგრამ თქვენს თმას ასეთი ექსპერიმენტები მაინცდამაინც არ ეპიტნავება. მაშ, რა უნდა ქნათ?
რა და გამოიყენეთ არამტკიცე საღებავები! არამტკიცე საღებავები კანის ბუნებრივ პიგმენტზე არ მოქმედებს და არც თმის სტრუქტურას არღვევს. ასეთი ტიპის საღებავები სამ სახეობად იყოფა.
არამტკიცე გელს, ქაფს, მუსს, ლაქს და ტუშს ვარცხნილობის გაკეთებისას იყენებენ.
ელფერის მიმცემი საშუალება თმის საფარში ნაწილობრივ აღწევს და 6-8 დაბანის შემდეგ ქრება. ამ საშუალებებით თქვენ ვერ შეძლებთ თმის გაღიავებას. ქერა ქალებს ვურჩევთ, დაიმახსოვრონ, რომ "შეძენილი" ფერის მოშორება მათ ძალიან გაუჭირდებათ.
თუ თქვენ ადრეც იუფერულებდით თმას და თან იხვევდით, შესაძლოა, მისი სტრუქტურა დაგეზიანებინათ. მტკიცე საღებავით შეღებვას მანამდე არ გირჩევთ, სანამ ელფერის მიმცემი საშუალება მთლიანად არ ჩამოიბანება.
არსებობს რბილი საღებავები, რომლებიც 10-20 დაბანას უძლებენ და მცირე რაოდენობის მჟანგავს შეიცავენ. ასეთი საღებავი, ჩვეულებრივთან შედარებით, გაცილებით ნაკლებად მოქმედებს თმაზე და მას არ აზიანებს.
არამტკიცე შეღებვა - საექსპერიმენტოდ შესანიშნავი საშუალებაა. ტონიკით თმის ფერის მკვეთრად შეცვლა შეუძლებელია და არ იფიქროთ, რომ იგი თმისთვის არ არის მავნებელი.
თუკი თქვენ ამ პროცედურას თვეების განმავლობაში, ორ კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, თმას სამუდამოდ დაიზიანებთ. საღებავის ნაწილაკები ხომ თმისთვის მაინც უცხო ნივთიერებაა და მას აშრობს, ამიტომ ნუ გაგიტაცებთ თმის დროებითი შეღებვა.
უკანასკნელ პერიოდში, სილამაზის სალონებში მომსახურების ახალი სახეობა - ილუმინირება შემოიღეს. ეს თმის შეღებვის განსაკუთრებული ტექნოლოგია გახლავთ.
ილუმინირება არამტკიცე შეღებვის სახეობას განეკუთვნება, ეფექტი 1-2 თვე გრძელდება და თმას სულ მცირე ზიანს აყენებს. ჩვეულებრივი საღებავებისგან განსხვავებით, ილუმინირების გამოსაყენებელი საღებავი ნაკლებად მჟანგავია.
მისი ph-ი თმის ბუნებრივ ph-თან ახლოსაა, რის გამოც თმა სიმშრალისა და სიუხეშისგან დაცულია, ამასთან არც "იწვება". თუკი ასეთი შეღებვის შედეგი არ მოგეწონათ, თმას სპეციალური საშუალებით უცბად ჩამოგბანენ, ისე, რომ თმის სტრუქტურა არ დაზიანდეს.
ჟურნალი "ბომონდი"