ზაფხული ყოველთვის დასვენებასთან, აგარაკთან, ზღვასა და მთასთან ასოცირდება. განსაკუთრებით სახალისო ეს პერიოდი ბავშვებისთვისაა, რომლებიც დამღლელი ზამთრის, სიცივისა და სწავლისაგან ”გათანგულები” დასვენებისკენ მიისწრაფვიან.
კურორტისკენ გამგზავრება და შემდეგ უკვე დასვენება სასიამოვნო და უსაფრთხო რომ იყოს როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის, გთავაზობთ პედიატრის, ქალბატონ მანანა შოშიაშვილის საკმაოდ საინტერესო და საჭირო რჩევებს.
- ქალბატონო მანანა, როგორ მოვამზადოთ ბავშვი მგზავრობისთვის?
- ბავშვის ტრანსპორტირება ინდივიდუალურად შეარჩიეთ. განსაკუთრებული სიფრთხილე ჩვილ და 1 წლამდე ასაკის ბავშვების მგზავრობის დროს გვმართებს. შეეცადეთ, ტრანსპორტში გააკონტროლოთ ტემპერატურის რეჟიმი, რომ ბავშვი დაცული იყოს როგორც გადახურების, ასევე გადაციებისგან. შეუქმენით მათ ჩვეული, ოჯახური გარემო, რათა ტრანსპორტში თავი კომფორტულად და სასიამოვნოდ იგრძნონ.
- დღის რა მონაკვეთშია უმჯობესი ვამგზავროთ ბავშვი?
- არ არის სასურველი შუადღით მგზავრობა. ბავშვისთვის მგზავრობა დამღლელი რომ არ იყოს, ყოველთვის გაითვალისწინეთ მგზავრობის ხანგრძლივობა, მარშრუტი და მოიქეცით შესაბამისად - მოუმარაგეთ ბავშვებს საკვები, ხილი, სასმელი წყალი. თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლებელია და სასურველიცაა, დააძინოთ პატარა.
- რა წამლები უნდა ვიქონიოთ ”საზაფხულო აფთიაქში”?
- არის პირველადი მოხმარების ის საგნები, რომლებიც, სასურველია, ყოველთვის თან იქონიოთ. ესენია - ბამბა, ბინტი, იოდის ხსნარი, ბრილიანტის მწვანე, წყალბადის 3%-იანი ზეჟანგი, თერმომეტრი, ოყნის ბალონი, ტემპერატურის საწინააღმდეგო პრეპარატები (აბების ან სიროფის სახით).
- მთის კურორტებზე ხშირად ვხვდებით მწერებს. როგორ დავიცვათ მათგან თავი?
- დიახ, მთის კურორტებზე, განსაკუთრებით, ტყიან ზოლებში, მართლაც ძალიან აქტუალურია მწერები. ამიტომ აუცილებელია ოთახებში ფანჯრებსა და კარებზე დამცავი ბადეები; საღამოს სეირნობისას სასურველია ბავშვებს ეცვათ სამოსი, რომლებიც მაქსიმალურად დაფარავს სხეულის შიშველ ნაწილებს, რათა დაცულნი იყვნენ მწერების კბენისგან.
თუ მწერმა მაინც დაკბინა ბავშვი, ნაკბენი ადგილობრივად დაამუშავეთ ბრილიანტის მწვანეთი, ხოლო თუ გაჩნდა ალერგიული უბნები, გამოიყენეთ გვირილის, ორკბილას საფენები.
რაც შეეხება ზღვის კურორტებს, მკაცრად დაიცავით ე.წ. პლაჟზე მზის და წყლის აბაზანების მიღების გრაფიკი. სასურველია, მზითა და წყლით დილის 9:00-11:00 და საღამოს 17:00 საათის შემდეგ დატკბეთ.
თუმცა ამ დროსაც აუცილებელია მზის დამცავი ქუდებისა და კრემების გამოყენება. მაგრამ თუ პატარა მზისგან მაინც ”დაზარალდა”, აუცილებლად დაალევინეთ ბევრი სითხე და გაასინჯეთ ექიმს.
- გარდა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევებისა, ასევე ხშირია ბავშვებში ტემპერატურის მატება. როგორ მოიქცეს ამ შემთხვევაში მშობელი?
- ტემპერატურის მატების შემთხვევაში გახადეთ ბავშვს ზედმეტი სამოსი, დაალევინეთ ჭარბად სითხე და თუ ამ ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო, გამოიყენეთ სიცხის დამწევი საშუალებები ასაკის შესაბამისად. თუ ტემპერატურა არ იკლებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
- დაბოლოს, როგორ დავამუშავოთ ჭრილობები?
- ჭრილობების დამუშავება აუცილებელია გამდინარე წყლით, საპნითა და შემდგომ წყალბადის ზეჟანგით. იმ შემთხვევაში, თუ ჭრილობა სისხლმდინარეა, ჩამოთვლილი ღონისძიებების შემდეგ აუცილებელია გადახვევა დამწოლი ნახვევით.
გისურვებთ ბედნიერ დასვენებას.
ნინო ჯანიძე
ჟურნალი ”და ქალი”