Louis Vuitton-ი საშობაო კამპანიების ტალღის წინა პლანზეა. მისი სადღესასწაულო რეკლამა, რომლის რეჟისორიც ცნობილი გარი ფრიდმანია, LV ტედი დათვის შესახებ გვიამბობს — მთავარი გმირი თიხის სიურრეალისტურ პეიზაჟებში მოგზაურობს, რომლებიც საშობაო კლასიკურ ფილმებს მოგვაგონებს.
ცხადია, თითოეული 3D ანიმაციური სცენა სავსეა Louis Vuitton-ის პროდუქტებით. 60-წამიანი ვიდეოს საუნდტრეკად კი The Turtles-ის “Happy Together” შეარჩიეს — 1960-იანი წლების ფსიქოდელიური როკ-ენ-როლის სიყვარულის ერთ-ერთი უდიდესი ჰიმნი.
როგორც ბრენდი აღნიშნავს, რეკლამის მთავარი მიზანი „საშობაო ზღაპრის შექმნა იყო, მომხიბვლელი და პოზიტიური ამბის, რომელშიც ემოციები და დეტალების განცდა ხაზს უსვამს Louis Vuitton-ის შემოქმედებას“.
„ბრენდის ორი საკულტო პერსონაჟის რომანტიკული კომედია“ სამყაროს სწორედ ინტიმურ, საინტერესო, უცნაურ და რთულ მოგზაურობად წარმოგვიდგენს. რეკლამა ორი ანიმაციური გმირის გაერთიანებით და იმის გამოცხადებით მთავრდება, რომ მთელი მოგზაურობა თოვლის გლობუსში, ან შესაძლოა, პატარა ბავშვის გონებაში ხდება…
წყარო: palitranews.ge