გუანტანამერა, გუაჰიდა გუანტანამერაააააააააააააა... ეეეეე, რა კარგია ცხოვრება - გააბოლე სიგარა და უცქირე დილიდან საღამომდე, შაქრის საამქროდან სახლისკენ მიმავალ შოკოლადისფერ გუაჰიდებს. გუანტანამერაააააა...
გააგრძელა სიმღერა ნარცისო როდრიგეს მესამემ, მაგრამ ამ დროს მის თავში სულ სხვა მელოდიამ გამოიღვიძა, თვალწინ ცათამბჯენები, ავტომობილების ხმაური, შლაპებსა და სოლიდურ პიჯაკში გამოწყობილი მისტერები და მოკისკისე გაპრანჭული ქალბატონები წარმოუდგა, რომლებსაც ფრანგული სუნამოს მძაფრი შლეიფი მიჰყვებოდათ და ნარცისო მესამეს თავისკენ იხმობდნენ.
აზრზე მოსულმა ნარცისომ უმალ თავში წამოირტყა ხელი, პირიდან თამბაქოს ნარჩენები გადმოაფურთხა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა სახლისკენ.
- რავედია, რავედია, ქანცგამოცლილი მივარდა ცოლს და სანამ ქალი რამის თქმას დააპირებდა, ამღერდა:
- ნიუ-იორკ, ნიუ-იოოოოოოოოოოოოოოოოორკ...
რავედია ვერაფერს მიხვდა.
დიდი მეოცნებე ვინმე გახლდათ ეს ნარცისო მესამე. რავედია კი წყნარი, კუბელი გვახიდა იყო, მუცლით პატარა ნარცისო მეოთხეს ატარებდა (ნარცისო დიდს ღრმად სწამდა, რომ ბავშვი ბიჭი იყო) და მალ-მალე ქუჩისკენ იყურებოდა, ჩემი ნარცისო ხომ არ მოდისო.
ნარცისო კი მთელ დღეებს ქუჩაში ატარებდა და ამერიკულ მომავალზე ოცნებობდა. ერთ დღესაც იმდენი ქნა, რომ რავედიას თავგზა აუბნია და ორივე ამერიკის გზას დაადგა. თუმცა იქ ჩასულს მალევე გაუცრუვდა იმედები. მეგაპოლისში თავის დამკვიდრება უბრალო ლათინოსისთვის, თან კომუნისტისთვის, იოლი არ იყო.
ერთი დღე სადგურში გაათენეს, მეორე - უსახლკაროთა თავშესაფარში, მერე ნარცისომ ვიღაც პორტუგალიელები გაიცნო, რომლებიც ნიუ ჯერსიში მიდიოდნენ პორტში სამუშაოდ და მათ გაჰყვა. ცოტა კი წყდებოდა გული, რომ "დიდ ვაშლში" (ნიუ იორკი) არ მოუწევდა ცხოვრება, მაგრამ მაგის კაცი იყო ნარცისო, ისევ კუბაში დაბრუნებულიყო?
რა კარგია, რომ ასეთი კონტაქტურია, თორემ რა ეშველებოდათ. კარგი ადამიანები აღმოჩდნენ პორტუგალიელები, ნარცისოს და რევედიას ძალიან დაეხმარნენ. ნიუ ჯერსიში ნარცისო პორტში მოეწყო მუშად და იქვე პატარა ბინაც იქირავა.
რამდენიმე თვეში ქვეყანას ნარცისო როდრიგეს მეოთხე მოევლინა. მერე კი გავიდა წლები და რევედია აკვანში ორ ქალიშვილს არწევდა, პატარა ნარცისო კი... რევედიას ამერიკელ დაქალებს ეჯდა გვერდით. ზოგი ქსოვდა, ზოგი კერავდა, ბიჭუნა კი მონუსხული ადევნებდა თვალს, როგორ იქმნებოდა ჩვეულებრივი ძაფებისგან საოცარი სამოსი. ჰოდა, როგორც კი გაიზარდა, განაცხადა, დიზაინერობა მინდაო.
ნარცისო უფროსს გულზე კი შემოეყერა, მაგრამ ნარცისო უმცროსი მამაზე ჯიუტი აღმოჩნდა და დაამთავრა თუ არა სკოლა, ეგრევე "დიდ ვაშლში" გაემგზავრა. "პარსონსში" ჩააბარა და რამდენიმე წელიწადში უკვე პროფესიონალად მოგვევლინა. ახლა მთავარი იყო სამსახური ეშოვა, თუნდაც სადმე, პატარა სამკერვალოში. აბა, მაგის კაცი იყო, ისევ ნიუ ჯერსიში დაბრუნებულიყო? ამ ფიქრში იყო, რომ ზურგს უკან ხმა მოესმა:
- როდრიგეს!
პაკო იყო, მისი თანაკურსელი. ისიც ლათინოსი.
- დაიცადე. მომისმინე, სამსახური გინდა?
- როგორ არა.
- ჩუ, რასაც გეტყვი, ჩვენ შორის უნდა დარჩეს.
- გეფიცები, არა.....
- ჰო, კარგი, კარგი, მჯერა. ენ კლაინთან სჭირდებათ "ინკოგნიტო დიზაინერი".
- ???
- ე, რას ვერ მიხვდი, შენ სახლში შეასრულებ შეკვეთებს და ესკიზებს შუამავლის დახმარებით მოდის სახლს მიაწვდი. კარგად გადაგიხდიან.
სიტყვა "ინკოგნიტომ" დიდად ვერ მოხიბლა, მაგრამ დათანხმდა, სხვა რა გზა ჰქონდა. მერე პაკომ ნარცისოს ახალი ამბავი მოუტანა, კელვინ კლაინთან დიზაინერი სჭირდებათო და ესკიზებით დატვირთული ნარცისოც CK-ის მოდის სახლს მიადგა.
მიიღეს, ოღონდ არც იქ დარჩენილა დიდხანს, 1995 წელს, ნიუ-იორკი დატოვა და პარიზში ჩავიდა, სადაც პირდაპირ Cerutti-ში მივიდა, CK-ის რეკომენდაციითა და ესკიზებით. როდრიგესის მისვლამდე Cerutti, ძირითადად, მამაკაცის ტანსაცმლის ხაზს ავითარებდა, ახალგაზრდა კუბელმა კი მას ახალი სუნთქვა შეჰმატა ქალის სამოსის ნატიფი კოლექციის ხაზით, სადაც უხვად იყო საქორწილო კაბები.
ჩერუტტი ფერფლიდან აღდგა, მაგრამ ვინ იყო ნარცისო? არავინ, თავის დასაკრავად ერთი შავგვრემანი ბიჭი გამოდიოდა, მაგრამ ხალხისთვის ის Cerutti-ის რიგით ხელქვეითად რჩებოდა და დარჩებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა.
კენედების კლანი
- გამარჯობა, - სახელოსნოში ქერათმიანი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა.
- გაგიმარჯოს, - ძლივს ასწია თავი ესკიზიდან ნარცისომ.
- თქვენ ნარცისო ხართ?
- დიახ.
- მე ქეროლაინი ვარ, საქორწილო კაბა მინდა, ძალიან სადა, მაგრამ ისეთი, რომ ყველამ მასზე ილაპარაკოს.
- სადა და ამავდროულად ისეთი, რომ... - გაეცინა ნარცისოს.
- დიახ, დიახ. გთხოვთ რა, უარი არ მითხრათ.
უარი არ უთქვამს. როგორ შეიძლებოდა ჯონ კენედი უმცროსის საცოლისთვის უარის თქმა, თან ქეროლაინი ისეთი მავედრებელი თვალებით უყურებდა, რომ... ყველა საქმე გადადო და ქეროლაინის კაბის შექმნას შეუდგა.
ქორწილის დღეს პატარძალი მშვენიერი იყო, მაგრამ კაბამ მაინც დაჩრდილა. ახლა უკვე თავის დასაკრავად გამოსული კუბელი ბიჭის სახელი ყველამ იცოდა და მას ფეხზე წამომდგარნი უკრავდნენ ტაშს. მერე ქეროლაინი და ნარცისო დამეგობრდნენ და ქეროლაინმა მეგობარს ურჩია, საკუთარი მოდის სახლი გაეხსნა.
1998 წელს, ნარცისო როდრიგესმა მილანში საკუთარი, პირველი ქალის კოლექცია წარმოადგინა, ცოტა გაუბედავად იყო, პოდიუმზე მუხლების კანკალით გამოვიდა, მაგრამ აპლოდისმენტებმა ძალა შეჰმატა და სტიმული მისცა. იმავე წელს, Perry Ellias-ის გრანტი მიიღო, როგორც საუკეთესო დებიუტანტმა.
როდრიგესის კომპლექსი
ჟურნალისტები უყვარს, კი. მათთან ზედმეტად გულახდილიც კი არის.
"რომანტიკულიაო, როდესაც საკუთარი ტანსაცმლისა და აქსესუარების ხაზსა და დამოუკიდებლად ცურვაზე ოცნებობსო, მაგრამ ეს იმდენად რთული და საპასუხისმგებლოაო, რომ ჩემს მეოცნებე ნატურას ფსიქოლოგიურად თრგუნავსო", - უთხრა ერთხელ ჟურნალისტს.
ალბათ, ამიტომაც საკუთარი ჩვენების შემდეგ, ალბერტა ფერეტის მიეკედლა, მერე კი არაკომერციულ ესპანურ ბრენდს Loewe-ს მოჰკიდა ხელი და მის ჭაობიდან ამოთრევას შეუდგა. ახლა მშვიდადაა, Loewe არცთუ ისე ძვირ, პრაქტიკულ სამოსს უშვებს და უამრავი კერძო შეკვეთა აქვს.
მისი ოფისი ნიუ იორკშია, მის კლიენტებს შორის ამერიკის პირველი ლედი და ნახევარი ჰოლივუდია. მისმა საბანკო ანგარიშმა კი დიდი ხანია მილიონს გადააჭარბა.
გუანტანამერა, გუაჰიდა გუანტანამერაააააააააააააა... ეეეეე, რა კარგია ცხოვრება. გააბოლე სიგარა და უცქირე დილიდან საღამომდე, შაქრის საამქროდან სახლისკენ მიმავალ შოკოლადისფერ გუაჰიდებს. გუანტანამერაააააა... მერე ნიუ-იორკში ჩადი და უმზირე რამდენიც გინდა გამოპრანჭულ ქალბატონებს, რომლებსაც შლეიფად ნარცისო როდრიგესის არომატი For her მიჰყვებათ.
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი ნიკოლავა