თეონას პირადად არ ვიცნობდი - მხოლოდ კოლექციებით.პირველად მისსავე სალონში შევხვდი.ინტერვიუ არა, მაგრამ საუბარი შედგა - საინტერესო და სასიამოვნო.
საუბარმა იდეა მოიტანა - არც თეონა მიცნობს, მაგრამ მხედავს, გრძნობს, როგორი ვარ...
ასეა, კლიენტების უმრავლესობას არ იცნობს, მაგრამ ზუსტად იმას უმზადებს, რაც მათ სჭირდებათ, მოსწონთ, უხდებათ...
ახლაც - ის ჩემს იმიჯზე იზრუნებს.
ფიქრი დიდხანს არ დასჭირვებია, მალევე მომარგო ის, რაშიც თავი კარგად, ლამაზად და განსხვავებულად ვიგრძენი.
ექსპერიმენტმა გაამართლა - ის დიზაინერია, რომელიც ზუსტად გრძნობს ქალის შინაგან სამყაროს, სწორად და მომხიბვლელად წარმოაჩენს მას, ზოგჯერ განსხვავებულ რაკურსშიც...
საკუთარ თავზე გამოვცადე...
ჩემ მიერ აღქმული ის...
მოდის ტენდენციებს აუცილებლად მიჰყვება, მაგრამ ცდილობს, ის მოირგოს და მოიხდინოს, გაითავისოს და გააინდივიდუალუროს.
ინდივიდუალიზმი მის კოლექციებსაც ახასიათებს - ყოველი კოსტიუმი მისივე ხასიათის გამოვლინებაა, შეუდარებლად ქალური, ნაზი და დახვეწილია, თუმცა - მკაცრი ელემენტებითაც.
თეონა ელიზბარაშვილის ბოლო კოლექცია, რომელიც საქართველოს მოდის კვირეულზე წარადგინა, სწორედ ასეთია - ძლიერისა და სათუთის, უხეშისა და ნაზის შერწყმა.
"როკი თუ ვენერა?" - კოლექცია ამ კითხვა-სახელწოდებით, სპეციალურად მოდის კვირეულისთვის შეიქმნა. ჰაეროვანი და მძიმე ნაჭრები, ჯაჭვები, უხეში მაკიაჟი და ფეხსაცმელი, შერწყმული ნაზ ტანსაცმელთან, მოდის უახლესი ტენდენციების გათვალისწინებით, შემოქმედებით ჰარმონიას ქმნის.
თეონამ საკუთარი მოდა როკის ელემენტებით გააჯერა, ამასთანავე მის რამდენიმე კოსტიუმში ბოტიჩელის "ვენერაც დაიბადა", თანაც სრულიად შემთხვევით, უცნაურად... ნაჭერი იყიდა, ჩამოიტანა, გამოჭრა, მაისურში ჩასვა და... საოცრებავ, ვენერა აღმოაჩინა.... თემაც დაიბადა.
მის ტანსაცმელს უკვე ცნობენ - საკუთარი ხელწერა აქვს... ერთი წინადადებით - თეონას კოლექცია თეონას ჰგავს.
არადა, ექვსი წლის განმავლობაში ავთანდილ ცქვიტინიძის დამხმარე დიზაინერად მუშაობდა. საერთო იდეებს აჯერებდნენ, ერთად ქმნიდნენ ყოველ კოლექციას. იყო შემთხვევა, როდესაც ავთანდილისგან დამოუკიდებლად, თუმცა ისე გაუკეთებია ესკიზები, რომ დიზაინერის ინდივიდუალიზმი არ დაუკარგავს. თეონა შემოქმედებითად იზრდებოდა, იხარჯებოდა, მაგრამ "ავთანდილის" ბრენდის ქვეშ...
გადაწყვეტილება, ქართული მოდის სამყაროში ყოფილიყო თეონა ელიზბარაშვილი, ორიოდე წლის წინ მიიღო - თუმცა, დამოუკიდებლად ვერა. მეუღლე, მეგობრები - ყველა, ვისაც სჯეროდა მისი შესაძლებლობების - გვერდით დაუდგა, დააჯერეს, რომ იგი მზად არის, იყოს დამოუკიდებელი დიზაინერი.
დამოუკიდებლად შექმნილი პირველივე კოლექციით აალაპარაკა მოდური საზოგადოება - დიზაინერი ქართულმა ფეშენმა მიიღო, თუმცა... გაიჟღერა ფრაზამაც - "ავთანდილის გავლენა აქვს". ამისთვის თითქოს მზად იყო, მაგრამ მაინც გული ეტკინა.
ჰო, ამდენწლიანი თანამშრომლობის შემდეგ მსგავსება ალბათ, ბუნებრივიც არის, მაგრამ... ხომ არსებობს მეორე მხარეც და კითხვა "რატომ?" - თეონამ მთელი შემოქმედებითი შესაძლებლობები, რესურსები, სწორედ ავთანდილთან მუშაობისას შექმნილ კოლექციებში ჩააქსოვა.
მერე ცალკე გავიდა და საკუთარი იდეები მისივე ბრენდის ქვეშ მოაქცია. ეს ხელოვანი ადამიანისთვის, რომელსაც განვითარება სურს, გარდაუვალია... სხვა შემთხვევაში ის, როგორც დიზაინერი, ვეღარ გაიზრდებოდა.
ახლა საკუთარი მაღაზია-სახელოსნო აქვს - მცირე, მაგრამ იდეებით, ფანტაზიებითა და მოდური კოლექციებით სავსე. ოცნებაც აქვს - უფრო სურვილს ჰგავს - გააფართოოს კუთვნილი სივრცე, როგორც მოცულობით, ასევე მოდის სფეროში შემოქმედებითი მიღწევებით.
შემოქმედებითი პროცესი შრომატევადია, მაგრამ ყველაფერზე სასიამოვნო. სიამოვნებაა, აბა რა, საქმე, რომელიც ბავშვობიდან გიყვარს, გაინტერესებს, შენია და შენშია, როგორ შეიძლება სიამოვნების გარეშე აკეთო? ყოველ ესკიზში, კოსტიუმში დიდ ემოციას აქსოვს.
სიამოვნებაა კლიენტთან ურთიერთობა, ყველაზე პრეტენზიულ ქალბატონთანაც კი. ჯერ საუბრობენ. თეონა ცდილობს, გაიგოს, როგორ ქალთან აქვს საქმე, რა უყვარს, რას მოიხდენს... არის შემთხვევებიც, როცა მათ პრეტენზიებს საზღვარი არ აქვს - ზოგს სურს, დიზაინერის შექმნილ სამოსში იმაზე გამხდარი, ლამაზი და დახვეწილი წარმოჩნდეს, ვიდრე ეს ბუნებისგან ერგო. თეონაც ცდილობს. იმდენს მაინც ახერხებს, რომ არც ერთი ქალბატონი მისი სალონიდან უკმაყოფილო არ გავიდეს...
ყოველ მათგანთან ურთიერთობისას, თეონა ფაქიზი და სათუთია.
ტანსაცმლის კერვისა და მორგების პროცესი რიტუალს უფრო ჰგავს, ვიდრე აუცილებელ პროცედურას. თეონა ელიზბარაშვილი ხელოვანია, მისი იარაღი ქსოვილია, სამიზნე კი - სილამაზე.
შთაგონება... ჰო, ჰყავს შთამაგონებელი, ცნობილი დიზაინერი. არ ამბობს, მუზას არ გასცემს. თუმცა, მისახელებს ორ დიზაინერს, რომელიც განსაკუთრებულად მოსწონს - ალექსანდრ მაქქუინი და მეისონ მარტინ მარჯიელა. მათ სამოსში ფული არასდროს დაენანება - ესეც ხომ რიტუალია ერთგვარი - სხეულით ატარო ყველაზე მოდური, ყველაზე ძვირფასი და შენთვის ყველაზე სასურველი დიზაინერის სამოსი...
ქართველი დიზაინერები? ძალიან ნიჭიერი არიან, საინტერესო კოლექციები აქვთ, თუმცა მათი სამოსი აქამდე არ უტარებია, თუ აჩუქებენ, რატომაც არა?!
თავისთვის ხშირად შეუკერავს ტანსაცმელი - მისსავე შექმნილში თავს კომფორტულად, კარგად გრძნობს. იყო დრო, როცა სხვის შერჩეულ სამოსს ირგებდა - მაგალითად, ბევრი წლის წინ, ქორწილზე დედამთილის ნაჩუქარი კაბა ჩაიცვა, მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო, ალბათ ამიტომაც... ახლა კი... არათუ საქორწინო, წვეულების კაბასაც კი ვერავის ანდობს.
ჩაცმულობა ქალისთვის, რომელიც სხვა ქალების იმიჯსა და სილამაზეზე გამუდმებით ზრუნავს, ყველაზე მნიშვნელოვანია.
ფიქრობს. ფიქრი კი სხვადასხვა ქსოვილისფერია. გააჩნია, რის შექმნას აპირებს. საქმეს მხოლოდ მაშინ ემიჯნება, როდესაც შინ ბრუნდება - იქ ორი შვილი და მეუღლე ხვდება. სამყარო იცვლება, ყველაზე მოდური - ყველაზე პირადულით. საღამოს თეონა მხოლოდ ოჯახის საკუთრებაა. დილით კი...
იმ კონკრეტულ დილას თეონა ელიზბარაშვილი ჩემს იმიჯზე ზრუნავს.
მისი სამყარო ისევ იცვლება... საღამომდე...
ჟურნალი "ბომონდი"
სალომე ლილუაშვილი