დიზაინერები თინათინ მაღალაშვილი და მადონა ხარატიშვილი მინსიკიდან ახლახანს დაბრუნდნენ, სადაც ოქტომბრის ბოლოს Belorus fashion week იმართებოდა.
ბელორუსიის მოდის კვირეულში სხვადასხვა ქვეყნის 30 დიზაინერი მონაწილეობდა, თუმცა მოდის კრიტიკოსების, ადგილობრივი, უცხოური თუ world fashion week tv-ის ყურადღება თინათინ მაღალაშვილის ტანსაცმელმა და მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმელმა მიიპყრო.
ჩვენებაზე ქართველ დიზაინერებს 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის 36 მოდელი ჰქონდათ წარდგენილი.
თინა მაღალაშვილის განცხადებით, ის მადონა ხარატიშვილთან უკვე 2 წელია წარმატებით თანამშრომლობს.
- Belorus fashion week-ზე მადონასთან ერთად გავემგზავრე, ვინაიდან ვთვლი, რომ ჩემს მიერ შექმნილ ტანსაცმელს ყველაზე კარგად მადონა ხარატიშვილის მიერ შექმნილი ფეხსაცემლი უხდება. 36 კაბით და ამდენივე წყვილი ფეხსაცმელით გავედით პოდიუმზე. პირველივე წუთებიდან აღმოვჩნდით ყველას ყურადღების ცენტრში.
მაღალაშვილის მიერ შექმნილი კაბები პასტელის ფერებში-იასამნისფერში, ცისფერში, ნაცრისფერსა და კრემისფერში იყო გადაწყვეტილი. კაბები აბრეშუმისგან, შიფონისგან, ატლასისგან და ტაფტისგან შეიკერა.
მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმელები კი ლაკის და ტყავისგან შეიქმნა, ფეხსაცმლის ფერი ტანსაცმლის ფერის ანალოგიური იყო.
პოდიუმის შემდეგ, "შოუ რუმი" მოეწყო. ქართველი დიზაინერების "პრეტაპორეტე" თითქმის სრულად გაიყიდა.
-"ბელორუსი მოდის მოყვარულები ამბობდნენ, რომ ქართველებმა ამ ტანსაცმლით ნათელი, კაშკაშა და სასიამოვნო განწყობა ჩამოიტანეთო.
წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მაღალაშვილმა და ხარატიშვილმა გაზაფხულზე მინსკში
დაგეგმილი მორიგი მოდის კვირეულისთვის მაშინვე მიიღეს მიწვევა, სადაც 2012 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის ნამუშევრებს წარადგენენ.
-მოდის კვირეულის ორგანიზატორების განცხადებით, ყველაზე მეტი ბილეთი ჩვენს ჩვენებაზე გაყიდულა. ადგილობრივმა და უცხოურმა მედიამაც ვრცელი რეპორტაჟები მოამზადა ჩვენზე. მოკლედ ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით.
პრესკონფერენციებზეც მოდის კვირეულის ორგანიზატორები ჩვენ გვიწვევდნენ ძირითადად. პრესაში კი საოცარი სათაურები დაიწერა ჩვენს შესახებ: "ბლისტიაშაია კოლექცია იზ გრუზიი", ფურორ იზ ტბილისი", -აი ასეთი სათაურებით დაიწერა პუბლიკაციები ჩვენი ჩვენების შესახებ. ამიტომაც მაშინვე შემოგვთავაზეს გაზაფხულზე მოდის კვირეულში მონაწილეობა.
მინსკის შემდეგ ქართველ დიზაინერებს კიევსა და მოსკოვში ელოდებიან. თინათინ მაღალაშვილი 20 ნოემრისთვის სიცილიაზე დაგეგმილ მოდის ჩვენებაშიც აპირებს მონაწილეობას.
იხილეთ ფოტოგალერეა
გიორგი ბერიძე