მოდის ... უგვირგვინო მეფე

მოდის ... უგვირგვინო მეფე
1940-1050-იანი წლების მიწურულის ყველაზე გავლენიანი მოდელიერი კრისტიან დიორი (1905-1957) ომის შემდგომი პერიოდის უგვირგვინო მეფედ აღიარეს. მის მიერ შექმნილი სილუეტი New Look  წარმოჩენისთანავე ლეგენდად იქცა.

დიორმა პირველმა გააერთიანა ერთი ბრენდის ქვეშ სხვადასხვა წარმოებული პროდუქცია და შექმნა მოდის პირველი იმპერია.

კრისტიან დიორი დაიბადა ნორმანდიის საპორტო ქალაქ გრანვილში, 1905 წლის 21 იანვარს, ქიმიური სასუქით მდიდარი მოვაჭრის ოჯახში. ყმაწვილობაში კრისტიანი არქიტექტორის კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ მამის დაჟინებული მოთხოვნით, პარიზის პოლიტიკური მეცნიერების პრესტიჟულ სკოლაში გააგრძელა სწავლა და პოლიტოლოგის დიპლომიც აიღო. მშობლები
იმედოვნებდნენ, რომ კრისტიანს დიპლომატიის კარიერა განაღდებული ჰქონდა, მაგრამ კრისტიანის ოცნება მხოლოდ ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული.

1928 წელს მამა დაეხმარა კრისტიანს სამხატვრო გალერეის გახსნაში იმ პირობით, რომ გვარი "დიორი" აბრაზე არასდროს დაიწერებოდა. სამი წლის შემდეგ, კრისტიანის მამა გაკოტრდა, ოჯახს მძიმე დღეები დაუდგა და გალერეაც დაიხურა.

მომდევნო რამდენიმე წელი კრისტიანმა სიღატაკეში გაატარა და ძლივს გაჰქონდა თავი მოდების სახლში ტანსაცმლის ესკიზების გაყიდვით. ბედმა გაუღიმა, როდესაც მოდელიერმა Robert Piquet-მა ასისტენტად აიყვანა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ოფიცერი კრისტიან დიორი ფრონტზე იბრძოდა. დემობილიზაციის შემდეგ, პროვანსში მამასა და დასთან დაბრუნდა, მაგრამ ძალიან მალე იგი პარიზში მიიწვია კუტიურიე Lusien Lelong-მა. ლელონგი გერმანელებთან თანამშრომლობდა და იმედოვნებდა, რომ ამ გზით შეძლებდა მოდის ინდუსტრიის აღორძინებას. ამგვარად, ომის დამთავრებამდე დიორი "აცმევდა" გერმანელი ოფიცრების ცოლებსა და საყვარლებს.

მართალია, ომმა ძირფესვიანად დაანგრია საფრანგეთის ეკონომიკა, მაგრამ ბიზნესმა მაინც დაიწყო აღორძინება. წარმოების სხვა დარგებს არც მოდის ინდუსტრია ჩამორჩა. დიორის ბავშვობის მეგობარმა კრისტიანი მიიწვია, რათა მასთან ერთად აღედგინა ტანსაცმლის კერვის ცნობილი ფირმა Philippe et Gaston, რომლის მფლობელი გახლდათ "ბამბის მეფედ" ცნობილი Marcel Boussac-ი.

Boussac-მა გაიცნო დიორი და ყურადღებით მოისმინა მისი თეორია იმის თაობაზე, რომ პუბლიკა მზად არის აბსოლუტურად ახალი, ომის შემდგომი სტილის მისაღებად.

Boussac-ს მოეწონა დიორის მსჯელობა და დათანხმდა დაეარსებინათ ახალი მოდის სახლი, რომელშიც მან იმ დროისთვის ფანტასტიკური ფული ჩადო - 50 მილიონი ფრანკი.

დიორის მოდის სახლი განთავსდა შემდეგ მისამართზე: 30 Avenue Montaigne  და შენობა კრისტიანის საყვარელ ფერებში - თეთრსა და ნაცრისფერში შეღებეს.

კრისტიან დიორის კოლექციის პირველი ჩვენება 1947 წლის 12 ნოემბერს დაინიშნა. კარგი სამოსი იმ დროისთვის ფუფუნებად მიიჩნეოდა, ქალები თვითონ იკერავდნენ ტანსაცმელს. ძირითადად, ატარებდნენ მუხლებამდე ქვედაბოლოსა და წაწვეტებულლიპიან პიჯაკებს.

პარიზის მაღალი მოდის ინდუსტრია, რომელიც მსოფლიოს ლიდერად XVIII საუკუნის ბოლოდან მიიჩნეოდა, სავალალო მდგომარეობაში იყო. იგი სიახლის მოლოდინში იმყოფებოდა და დიორმა შეძლო ამ ამოცანის ამოხსნა. თავისი პირველი კოლექცია - მხრების მსუბუქი ხაზი, ვიწრო წელი, ფაშფაშა ქვედაბოლო, მან შექმნა ე.წ. "ქალი-ყვავილისთვის".

"ეს ნამდვილი საოცრებაა, კრისტიანი, - წერდა Carmel Snow, ჟურნალ Harper’s Bazaar-ის რედაქტორი. - თქვენი კაბები ახალ სახეს ((New look) ) ქმნიან". ამ სილუეტში დიორმა ჩააქსოვა საკუთარი წარმოდგენა ქალურობაზე, რომლის ნაკლებობასაც განიცდიდა ომის ეპოქა თავისი უხეში სამოსით. თავიდან, ახალ დიზაინერს ეჭვის თვალით შეხედეს, მაგრამ უკვე ერთი წლის შემდეგ, მთელმა ევროპამ და ამერიკამ მიიღო დიორის ახალი სტილი.

სწორედ ოპტიმიზმისა და ინსტინქტის წყალობით, დიორი მიხვდა, თუ რა სურდა ომის შემდგომ საფრანგეთს და მისი დამსახურებაა, რომ პარიზმა კვლავ დაიბრუნა მსოფლიო მოდის დედაქალაქის წოდება.

დიორმა, თავის პარტნიორ, ჟაკ რუესთან ერთად პირველმა დაიწყო თავისი მოდელების ლიცენზირებული წარმოება საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონსა და მთელ მსოფლიოშიც. დიორის საფირმო ნიშანმა მსოფლიო მოიცვა.

კრისტიან დიორი გახლდათ პიონერი აქტიური სინთეზისა haute couture ("მაღალი მოდა") და სცენოგრაფიისა. იგი იყო არაერთი სპექტაკლისა და ფილმის კოსტიუმების მხატვარი. ქმნიდა ტანსაცმელებს ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორებიც იყვნენ ედიტ პიაფი და მარლენ დიტრიხი.

კრისტიან დიორს, მოდის გარდა, არომატებიც იზიდავდა: "სუნამო - ქალის ინდივიდუალობის მაჩვენებელი და მისი სახის საბოლოო შტრიხია", - ამბობდა კრისტიანი. ამჯერად არსებობს Dior-ის 97 არომატი, პირველმა მათგანმა დღის სინათლე 1947 წელს იხილა.

ნებისმიერმა ქალმა კარგად იცის, თუ როგორი განსაკუთრებული სურნელით გამოირჩევა ყველა ის სუნამო, სადაც Dior-ის სახელია მოხსენიებული, მათ შორის: Miss Dior, Diorama, Diorissimo და სხვა. ამ სუნამოების ფლაკონები და შეფუთვა დიორის მიერ შემოღებული საფირმო სტილის მაჩვენებელია: "ტრიანონი" ნაცრისფერი, თეთრი და ვარდისფერი გამის, მედალიონები ლუდოვიკო XVI-ის სტილში, ატლასის ბაფთები და ჭილოფის ფაქტურის ქაღალდი...

დიორის სახლი უამრავ დაკვეთას იღებდა. რიტა ჰეივოტს თავისი ახალი ფილმის, "ჯილდას" პრემიერისთვის დიორის მიერ შექმნილი საღამოს კაბა ეცვა. მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბალერინამ მარგო ფონტეინმა დიორს კოსტიუმი შეუკვეთა.

დიორის 1947 წლის ჩვენებაზე კლიენტები აშშ-დან ჩამოვიდნენ, ამის შემდეგ დიორი მიიწვიეს ლონდონში, სპეციალურად ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის რომ წარედგინა თავისი კოლექცია, თუმცა მეფე გეორგ V-მ ახალგაზრდა პრინცესებს, ელისაბედსა და მარგარეტს აუკრძალა New Look-ის სტილის სამოსის ტარება. მისი ღრმა რწმენით, ეს ბრიტანეთის მოსახლეობისთვის, რომლებიც ომის შემდგომ პერიოდში საქონელს ჯერ კიდევ ბარათებით იძენდა, ცუდი მაგალითი იქნებოდა.

50-იან წლებში, Christian Dior-ი გახდა პარიზის მაღალი მოდის ყველაზე პრესტიჟული და მომგებიანი სახლი. მისი უახლოესი კონკურენტები იყვნენ Pierre Balmain  და საიდუმლოებით მოცული ესპანელი Cristobal Balenciaga.
ყველაზე ცნობილი მოდის სახლი Dior-ი ყველაზე ნიჭიერ ასისტენტებს ქირაობდა.

ერთ-ერთი მათგანი გახლდათ წარმოშობით იტალიელი პიერ კარდენი - მკერავი, რომელიც დიორთან 40-იანი წლების
მიწურულს მუშაობდა, სანამ თავის საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა. კიდევ ერთი ასისტენტი აიყვანეს - ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერი ივ სენ-ლორანი, რომელიც დიორის კომპანიაში 1955 წლიდან მუშაობდა. იგი ისეთივე მოკრძალებული და მორცხვი იყო, როგორც თავად კრისტიან დიორი, მან თავი ლაღად იგრძნო ქალურ ატმოსფეროში და 1957 წლის საშემოდგომო კოლექციისთვის ტანსაცმლის 35 შესანიშნავი ნიმუში შექმნა.

როდესაც ახალი კოლექციის მომზადება დაასრულა, კრისტიან დიორი ძალ-ღონის აღსადგენად, ჩრდილოეთ იტალიაში, თავის საყვარელ სპა-კურორტ Montecatini-ში გაემგზავრა, რათა კარგად დაესვენა, ჭარბი წონაც მოეშორებინა და თავის ახალგაზრდა საყვარელზე, ივ სენ-ლორანზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

ათი დღის შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, სადილობისას კრისტიანს ყელში თევზის ფხა გაეჩხირა, სული შეეხუთა და გულის შეტევით გარდაიცვალა.

ფრანგული გაზეთი Le Mond  დიორზე წერდა: "მისი სახელი კარგი გემოვნების, ცხოვრების ხელოვნებისა და დახვეწილი კულტურის სინონიმად იქცა".

დიორის გარდაცვალების შემდეგ Christian Dior-ის პირველი კოლექციის ჩვენება სენსაციად იქცა. მის შესაქმნელად 21 წლის ივ სენ ლორანს სულ ცხრა კვირა დასჭირდა. წარმოდგენილი სამოსი გამოირჩეოდა ისეთივე უზადო პროპორციებით, როგორიც იყო თავად კრისტიან დიორის ნახელავი.

ამ ჩვენების შემდეგ, ივ სენ ლორანი ეროვნული გმირის დაფნის გვირგვინით შეამკეს. ივ სენ ლორანი ჯარში გაიწვიეს და დემობილიზაცის შემდეგ, მან საკუთარი მოდის სახლი დააარსა. Dior-ში კი სენ ლორანი შეცვალა მარკ ბოანმა. ბოანი დიორის კონსერვატიული სტილის კოლექციებს ქმნიდა, მაგრამ 1966 წელს, როდესაც კომპანიის სათავეში ახალი მფლობელი მოვიდა, Chris­ti­an Di­or­-ის მოდის სახლის მთავარ დიზაინერად დანიშნეს ჯონ გალიანო.

ჟურნალი "ბომონდი"
მოამზადა ნონა ღამბაშიძემ

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93