რიკარდო ტიშის ოთხასი წუთი...

რიკარდო ტიშის ოთხასი წუთი...
დღეს ორშაბათია.
მსუბუქი დღეა, რიკარდოს უყვარს ორშაბათები.
რიკარდო სავარძლიდან წამოდგა და ცალი თვალით სახლის ქოშები მოიძია - ოჰ, ეს საყვარელი სპანიელი, ისევ სადღაც წაიღო თეთრი ფუმფულა ფოსტლები.
- ვიკი! ვიკი! - ხმამაღლა დაიძახა რიკარდომ.
სპანიელი წკავწკავით გამოეპასუხა ოთახის რომელიღაც კუთხიდან. რიკარდო ნელა მივიდა მასთან.
- ვიკი, დამიბრუნე!
სპანიელმა საწყალობელი თვალებით შეხედა პატრონს და თეთრ ქოშს თათი და კბილი ერთდროულად გაუშვა. ამ ძაღლს რიკარდომ გოგონას სახელი დაარქვა და დიზაინერის ერთ-ერთი საყვარელი არსება იყო.
- ყოჩაღ, ვიკი,
კარგი გოგო ხარ, - რიკარდომ ორივე ფეხზე ჩაიცვა და ოთახიდან გავიდა - სასწრაფოდ უნდა მივიღო შხაპი, შვიდ საათში ჩვენება იწყება.


ვიკიმ დაიწკავწკავა. ალბათ, მასაც მოესურვა ჩვენებაზე გასეირნება.
"ჟივანშის" სახლის დიზაინერი რიკარდო ტიში სახლიდან გავიდა - დღეს უჩვეულო საღამო იქნება, ამ დღეს ხომ, როგორც წესი, მოდის ჩვენებები არ ეწყობა.

სწორედ ამაშია მთელი ხიბლი - "ჟივანში" ყველა დროსა და სეზონს შეიძლება მოერგოს.
თუმცა, დარჩა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი...

- ახალი სახე მჭირდება! - შესჩივლა სამსახურში მისულმა პირველივე შემხვედრს - დამლაგებელს - კეთილ, სათნოსახიან ქალბატონ მარიეტას, - და ერთმანეთზე უფრო უინტერესო მოდელებს ვაწყდები, არ ვიცი, რა ვქნა.

- მართლა? - გაოცდა მარიეტა. - აქ ხომ იმდენი გოგონა მოდის კასტინგზე.

- არადა, საქმე ასეა. ოღონდ, ნურავის ეტყვი ამის შესახებ, მტრები ისედაც საკმარისი მყავს... - თვალი ჩაუკრა ქალს.

- მე კი, მგონია, მალე იპოვით საინტერესო მოდელს, სენიორ რიკარდო.

- ჯერჯერობით, ასეთი მხოლოდ ჩემი სპანიელია, ვიკი, - გაიცინა დიზაინერმა, - და ისიც მხოლოდ ძაღლების ჩვენებისთვის გამოდგება. ისე, არ იქნებოდა ურიგო, ამაზეც მეფიქრა.
მოდელიერმა ქურთუკი საკიდარზე დაკიდა და თავის კაბინეტში შეიკეტა.


- როგორ ხარ, ბოს? - იკითხა აზიელმა, წვრილთვალებიანმა ლეილამ, რომელიც ოთახში დახვდა.

- კარგად, ლეილა, - ამოიოხრა დიზაინერმა. - ყველაფერი მშვენივრადაა.

- სტყუი. სახეზე გაწერია, რომ რაღაცას დაჟინებით ფიქრობ. უკვე მშვენივრად გიცნობ და ვერაფერს დამიმალავ, ხომ იცი.

- ძალიან ნუ გამითამამდები, ლეილა, თორემ ხალხი იფიქრებს, რომ აქ მე კი არა, შენ ხარ უფროსი. - დიზაინერმა გაიცინა.

- მაპატიე, ბოს... - გაეცინა თანაშემწეს.

- ვხუმრობ, ვხუმრობ, ვიცი რომ ჩემზე მხოლოდ ზრუნავ, თუმცა... მართლაც მაწუხებს ერთი საკითხი. დღევანდელი კოლექციის წარდგენა მეტისმეტად მშრალი მეჩვენება. თითქოს ყველაფერი რიგზეა, მომწონს, და მაინც, რაღაც ახალი მინდა, ის, რაც პრესას აალაპარაკებს - და არა უბრალოდ შაბლონური ამბავი, რომ "ჟივანშიმ" შესანიშნავი კოლექცია წარმოადგინა. დიდი ხანია პაუზა გვაქვს, ახალი სახე გვჭირდება.

რიკარდო შეცბუნებული შეჩერდა. წამოსცდა, ჯერ არ აპირებდა ლეილასთვის თავისი გულისნადების გამხელას.
ლეილა არ გაოცებულა, მშვიდად უსმენდა უფროსს.

- ერთი გოგონას პორტფოლიოს წავაწყდი გუშინ მონაცემთა ბაზაში, ხომ არ ნახავდი?

- არა, დღეს არა, დავიღალე ამდენი პორტფოლიოს უაზრო თვალიერებით. სჯობს, დღევანდელ კოლექციაზე ვიფიქროთ.
რიკარდო და ლეილა საქმეში ჩაეფლნენ. ხაზავდნენ და ასწორებდნენ, ქსოვილებს სინჯავდნენ და გაცხარებული კამათობდნენ.

გარეთ მზიანი დღე იდგა. ეტყობოდა, ლამაზი საღამო უნდა ყოფილიყო.

სამ-ნახევარ საათში რიკარდო ტიშიმ შესვენება გადაწყვიტა.

- მეყოფა! უკვე თვალები ამიჭრელდა, - გამოაცხადა მან - წავალ, გარემოს შევიცვლი, "ლა ბონიტაში" ყავას დავლევ და ცოტათი დავისვენებ.

- იქნებ ჩვენს რესტორანში ჩასულიყავი, იქ უფრო მყუდროდ არ იქნები?! - შესთავაზა ლეილამ.

- არა, არა, უნდა გავისეირნო.

- კარგი, როგორც გინდა. მე აქ დაგელოდები.

ლეილა ოთახიდან გავიდა. დიზაინერმა ქურთუკი მოიცვა და ის იყო, გასვლას აპირებდა, მოულოდნელად, კუთხეში დადებულმა რამდენიმე სქელტანიანმა პორტფოლიომ მიიქცია მისი ყურადღება. ეტყობა, მათ ლეილა ათვალიერებდა დილით.

რამდენიმე ნაბიჯი სწრაფად გადადგა და გადაშალა.

- ხომ ვამბობდი, არაფრისმთქმელი სახე.

ფაილები დადო, თუმცა მოუხერხებლად და ერთი ძირს დაუვარდა.

- ოჰ, რით ვერ გაეტია აქედან! რიკარდო დაიხარა და სანამ პორტფოლიოს მაგიდაზე დებდა, გადაშალა.
უცებ, გაშეშდა.

მოდელი სურათიდან პირდაპირ მას უყურებდა.

რა საოცარი, მეტყველი თვალები აქვს!

დიზაინერს სულ დაავიწყდა სად მიდიოდა და პირდაპირ ფეხზე მდგარმა დაიწყო ფოტოების თვალიერება.
ნახევარ საათში ოთახში შემოსულ თანაშემწეს ზუსტად ასეთ პოზაში დახვდა. ოდნავ ცახცახებდა - ლეილა, სასწრაფოდ დაუკავშირდი ამ გოგონას. რანია. რანია ჰქვია. დღესვე. დღესვე მინდა გამოვიდეს ჩვენებაზე.

ქალმა გაკვირვებით შეხედა მას - ასე მოგეწონა? ხომ გეუბნებოდი... მიხარია... შესვენებაზე არ გასულხარ?

- არა, - გაიღიმა დიზაინერმა - გთხოვ, ჩქარა დაუკავშირდი, ვინ იცის, სად არის.

რამდენიმე წუთში მან მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია მიიღო - რანია მორდანოვა, ჩვიდმეტი წლის, რუსეთის ერთ-ერთი რესპუბლიკის - ბაშკირეთის ქალაქ უფადან, სამოდელო საქმიანობას ნიუ-იორკში მისდევს, თუმცა ამჟამად პარიზშია და უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა სურს.

- დაურეკე? - შეეგება ოთახში მეორედ შემოსულ თანაშემწეს დიზაინერი.

- ერთ საათში აქ იქნება. გაგიმართლა, ცოტა ხანში ქალაქგარეთ გასვლას აპირებდა, თუმცა, მგონი, მას უფრო გაუმართლა. - ლეილამ ჩვეული, ფართო, კეთილი ღიმილით გაიღიმა.

და მართლაც - ზუსტად ერთ საათში ის აქ იყო - რანია - გოგონა ოდნავ მორცხვი ღიმილით, მეტყველი თვალებით და მოკლედ შეჭრილი მუქი წაბლისფერი თმით.

რიკარდომ მას ხელი ჩამოართვა და შეეტყო, როგორ გამოესახა სახეზე სიხარული - ეს აღმოჩენა იყო - გოგონა სხვა პლანეტიდან. მისი ახალი მუზა.

რიკარდო ბევრ ლამაზ ტანსაცმელს შექმნის, რომელიც ძალიან მოუხდება ამ გოგონას და მოეწონება უამრავ ადამიანს. დიზაინერი შეჰყურებდა მას, როგორც დიდ განძს, რომელიც არ შეიძლება, ხელიდან გაუშვა.

- მინდა, რომ დღეს ჩემს ჩვენებაზე გამოხვიდეთ.

რანია დაიბნა.

- ასე უცებ? არც კი მოვმზადებულვარ.

- აუცილებლად, აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ ჩემს ჩვენებაზე. დღესვე, გთხოვთ, რანია. კონტრაქტის გაფორმებას ვერ მოვასწრებთ, თუმცა არა უშავს. გპირდებით, კარგად დაგაჯილდოებთ.

რანიამ ფანტასტიკური ღიმილით გაიღიმა.

- არასოდეს მჯეროდა კონკიას ზღაპრების და ჩემი ცხოვრება თანდათან მარწმუნებს, რომ მსგავსი რაღაცებიც ხდება. "ჟივანშის სახლი" - ალბათ ხვდებით, საოცნებოა ჩემთვის.

რანია იდგა - უბრალო და პირდაპირი და ძალიან ჰგავდა ძვირფასი მაღაზიის ვიტრინიდან გადმომხტარ თოჯინას.

- დროა, დაიჯეროთ. თქვენ შესანიშნავი მონაცემები გაქვთ. ნუ ღელავთ, მოასწრებთ მომზადებას. წავედით, რანია, გაჩვენებთ რა უნდა ჩაიცვათ. იცით, მეც არ მჯეროდა შემთხვევითობების. ერთი საათის წინ სრულიად შემთხვევით ვიპოვე თქვენი პორტფოლიო.

რანიამ ისევ გაიღიმა.

- დედა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ იღბლიანი გოგო ვარ.

რამდენიმე წუთში ისინი ერთად მიაბიჯებდნენ გრძელ დერეფანში.

შვიდი საათიც გავიდა და ძვირფას ხალიჩაზე ნელა გამოგოგმანდნენ მოდელები.

ეს კიდევ ერთი შესანიშნავი კოლექცია იყო.

ჩვენებამ შესანიშნავად ჩაიარა. ზუტად ისე, როგორც "ჟივანშის" სახლის დიზაინერმა - რიკარდო ტიშიმ დაგეგმა. სწორედ ამიტომ არის ის აქ - პარიზში, მოდის უცნობილეს სახლში. მას მახვილი მზერა აქვს, ზუსტი გემოვნება და საოცარი ალღო.

ახალი მოდელი მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში, "ჟივანშიმ" კიდევ ერთხელ გაიბრწყინა საფრანგეთის ტაბლოიდების ფურცლებსა თუ მრავალმილიონმაყურებლიან ტელევიზიებში.

- თქვენ ამ საღამოს აღმოჩენა ხართ, რანია! ყველა დაინტერესდა თქვენი უჩვეულო გარეგნობით. იმედია, თქვენს თავს ვერავინ წამართმევს. კონტრაქტი უნდა გავაფორმოთ.

რანია იდგა. ბედნიერი და თავდაჯერებული. დედა აქ არ არის, თუმცა როგორ იამაყებს ახლა მისით - იქ, ბაშკირეთში.

- გავაფორმოთ! - უპასუხა მან დიზაინერს, - ოღონდ, ნუღარ მელაპარაკებით თქვენობით. - და მეგობრობის ნიშნად ორივე ხელი გაუწოდა.

დღეს ორშაბათია.

ორშაბათი კარგი დღეა, რიკარდო ტიშის უყვარს ორშაბათები.

- როგორ მოგეწონა ჩვენება? - ჰკითხა მან სპანიელს და ყურზე ხელი მოუთათუნა.

ძაღლი ჭკვიანად იყურებოდა წინ, მერე პატრონისკენ მოიხედა და დაიწკავწკავა.

- ყველას გაუკვირდა, ხელში აყვანილი რომ გამოგიყვანე პოდიუმზე. იცი რა?! გგონია, მხოლოდ რანია ან ახალი კოლექციაა მასმედიის მთავარი სალაპარაკო?! ხვალ ყველა გაზეთში შენ იქნები გამოჭიმული.

გარეთ ლამაზი ღამე იდგა.

დიზაინერი შინ ბრუნდებოდა.

ჟურნალი "ბომონდი"
თამუნა თოდუა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31