კრისტიან ლაკრუა ყველაზე გავლენიანი დიზაინერი

კრისტიან ლაკრუა ყველაზე გავლენიანი დიზაინერი
კრისტინა აგილერა საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დაფიქრებული მზერა მიაპყრო მეგობარს. პოპის სკანდალური პრინცესა ახლა პატარა, უმწეო გოგოს ჰგავდა.

- კრისტინა, რატომ ხარ ასეთი პრეტენზიული! ვერსაჩე, გუჩი, მაკარტნი... გადაწყვიტე ბოლოს და ბოლოს.

- არა, ლინ, არა! რატომ არ გესმის... რაღაც სხვა მინდა... მინდა, ისეთი კაბა მეცვას, როგორსაც ჩემგან არ ელიან. მინდა, ყველაზე ლამაზი და სკანდალური პატარძალი ვიყო.

- მაშინ ტიმთან მოგიწევს მისვლა, ზუსტად იცის, როგორი სტილის კაბა ჩაგაცვას. ოღონდ, შეეგუე, რომ ის ცნობილი დიზაინერი არ არის.

- არა, ცნობილი დიზაინერი მჭირდება.

- ნუ ნერვიულობ, - ლინი მივიდა და მომღერალს მხარზე დაადო ხელი - ყველა კუტიურიე სიხარულით შეგიკერავს კაბას. მსოფლიოში კი უამრავი კარგი მოდელიერია.

- ვერ მოვიფიქრე... მართლა არ ვიცი, ვის ვანდო საქორწინო ტანსაცმელი.

- ერთი საინტერესო ადამიანი მყავს იდეაში, თუმცა მასთან შეკერილი არაფერი გაქვს. შეგიძლია ასეთ დიზაინერს ენდო?

- ვინ არის? - თავი ასწია კრისტინამ.

- ლაკრუა. კრისტიან ლაკრუა.

- ლაკრუა?

მომღერალი დაფიქრდა.

- ლაკრუა... გენიოსი ხარ! აღარ მახსოვდა, როგორ მომწონს მისი კოლექციები. რატომღაც არასოდეს მიცდია მივსულიყავი. ჰო, ჰო, ლაკრუა. როგორ ვერ გავიხსენე. ლინ, სასწრაფოდ, სად არის ჩემი ლეპტოპი? ინტერნეტში გადავხედავ რაღაცებს და მერე დავურეკოთ.

ნომერი იცი? მახსოვს, რა უცნაური სტილი აქვს ხოლმე, ერთ ჩვენებაზე ვიფიქრე, როგორ მომიხდებოდა ეს მინიკაბა-მეთქი. ვიცი, რაღაც ორიგინალურს მოიფიქრებს... მაგრამ მოასწრებს?

- დამშვიდდი, კრისტი, ახლავე მოგიძებნი ლეპტოპს. რატომ არ უნდა მოასწროს? ნომრის გაგებას რა უნდა, ხუმრობ?

- რა მაგარია, - კრისტინა წამოხტა და ოთახში დაბზრიალდა - ყოჩაღ, ლინ, ჩემს ყველა იმიჯმაიკერს მირჩევნიხარ! ოღონდ, მინდა ეს საიდუმლოდ იყოს. ბოლო დღემდე არავის ეცოდინება, ვინ არის ჩემი საქორწინო კაბის დიზაინერი.

- უკვე გადაწყვიტე? ჯერ კარგად მოიფიქრე, ასე უცებ რას გეგმავ.

- ვიცი, რასაც ვამბობ, - კრისტინამ თვალი ჩაუკრა მეგობარს.

ქორწილის დღეც დადგა.

კრისტინა ცერემონიაზე აგვიანებდა, როგორც ყველა პატარძალი.

ვარდებით მორთულ თაღთან არავინ ჩანდა, ნეფე დედოფალს ელოდებოდა.

- სად არის ამდენ ხანს? - ღელავდა მომავალი ქმარი - იმედია, არ გადაიფიქრა და არ გამექცევა. ის ხომ სულ იმას აკეთებს, რაც უნდა.

შემდეგ, კიდევ უფრო გულის სიღრმეში გაიფიქრა - არა, ამას არ იზამს, თუნდაც თავისი კაბის ხათრით... ყურები გამომიჭედა მაგაზე ლაპარაკით, დღეს აუცილებლად ჩაიცვამს. უკვე მომენატრა...

და აი, ისიც, მომხიბლავი კრისტინა შემოსასვლელში გამოჩნდა. სახე ბედნიერებით უბრწყინავდა, ფატა ებურა და ულამაზესი კაბა ეცვა, რომლის გრძელი ხვეული ბოლოები პატარა, თეთრკაბიან გოგონებს ეჭირათ.

- რა ლამაზი ხარ! - აღმოხდა ნეფეს, თუმცა საცოლეს მისი სიტყვები არ გაუგონია.

რამდენიმე წუთიც და ორივე ერთად იდგა ფერადი ვარდებით მორთულ თაღთან.

საქორწინო ცერემონია დაიწყო.

კაბა კი... კაბაზე, ქორწილზე და სხვა დეტალებზე, მეორე დღეს მთელი მასმედია ლაპარაკობდა.

- გმადლობ, კრისტიან! - გაიფიქრა მომღერალმა, როცა საქორწინო ეიფორიიდან გამოსული, რამდენიმე კვირის შემდეგ პრესას ათვალიერებდა.

დიზაინერი კრისტიან ლაკრუა მალე სამოცი წლის გახდება.

ეს არაორდინარული და ამავე დროს, ტრადიციების მოყვარული დიზაინერი ფრანგი გახლავთ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არც მეტი, არც ნაკლები, ათას ბუტიკს ფლობს.

ყველაფერი საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ არლიში დაიწყო, ეს მისი მშობლიური ქალაქია.

- აქ ვერავის გააკვირვებ იმით, რომ მოდა გაინტერესებს, - ფიქრობდა ახალგაზრდა ლაკრუა და დიდხანს ეძებდა გზას – რა შეექმნა ისეთი, რაც ერთდროულად იქნებოდა მისი სტილის გამოხატულებაც, ღირებულიც და ხმაურიანიც.

დიდხანს დადიოდა ქუჩებში და ადამიანებს აკვირდებოდა, მერე წიგნებთან გადაინაცვლა, ფრანგული ტანსაცმლისა და თეატრის ისტორიას ჩაუღრმავდა და მოიფიქრა!

თეატრალური სტილი, რომლითაც ცნობილი გახდა, ფოლკლორისა და ტრადიციული სამოსის, ახალი დეტალებისა და თანამედროვე მიმართულებების ნაზავია.

ოპერა, ცეკვა, მუსიკა და თეატრი - კრისტიანის არტ-ნამუშევრები ამ სფეროში შეგიძლიათ სინგაპურის ეროვნულ მუზეუმში იხილოთ. ასეთი გადაწყვეტილება სინგაპურის კულტურის სამინისტრომ 2009 წელს მიიღო.

ჯერ კიდევ 1987 წელს, კრისტიანის ბუტიკები ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა რამდენიმე ქვეყანაში.

- იაპონია? - გაიკვირვა კრისტიანის საყვარელმა ცოლმა, ფრანცისმა - იაპონელებსაც მოარგე შენი ტანსაცმელი? ვამაყობ შენით, - და ნაზად აკოცა ქმარს.

- რატომაც არა, - გაიღიმა დიზაინერმა. - იმედი მაქვს, გაამართლებს. შვიდი ბუტიკი ერთ წელიწადში! ნეტავ, არ მომცემენ საგანგებო ჯილდოს ამისთვის?

- ჯილდო არ ვიცი, მაგრამ ეს უნდა აღვნიშნოთ.

- ვიცი, როგორც აღვნიშნავ! - ყველა ქალაქში დიდ ბანკეტს მოვაწყობ.

- რა კარგია! პარიზი, არლი, ტულუზა... ინგლისშიც მოგვიწევს წასვლა, ლონდონის ბუტიკისთვის. ჟენევა... სულ მაინტერესებდა მენახა. ექ-ენ-პროვანსი... იაპონიაშიც წავიდეთ?

- რატომაც არა! თან ვიმოგზაურებთ, თან გავაპიარებთ.
ფრანცისმა გაიღიმა.

- რა ბედნიერი ვარ შენთან. არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად შეგხვდი.

- სხვათა შორის, ძალიან ლამაზად გეცვა.

- ვიცი, ბევრჯერ გითქვამს.

- ხომ იცი, სილამაზეს გულგრილად ვერასოდეს ვუყურებ, ფრანც.

კრისტიან ლაკრუას მოდის სახლი, მაღალი მოდა და ყოველდღიური ტანსაცმელი, სუნამოების ცნობილი ხაზი - Bazar და ყველაზე გავლენიანი დიზაინერის წოდება, ქალების, მამაკაცებისა და ბავშვების საგანგებო ხაზი და ცნობილი ვარსკვლავების სადღესასწაულო ტანისამოსი - ეს კრისტიან ლაკრუას შემოქმედებაა.

- ნახევარი ცხოვრება წინ მაქვს. წარსულის ძაფებით უკვე ბევრი ტანსაცმელი შევკერე. ახლა დროა, მომავალში გადავინაცვლო. ოღონდ ვერ მოვიფიქრე - როგორი უნდა იყოს კაბები მომავლიდან - სკაფანდრებიანი თუ უჩინარი ქსოვილისგან შეკერილი, - ხუმრობს დიზაინერი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "ბომონდი"
თამუნა თოდუა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93