თითქოს მის ჯიბრზე, იმ დღეს თხზულება დააწერინეს: "თქვენი მომავალი პროფესია", რალფმაც არც აცია, არც აცხელა, "მინდა გავხდე მილიონერიო" - დაწერა.
- აქ რას ჩამომდგარხარ, გაიარე, ბიჭუნა, თორემ პოლიციას დავუძახებ! - მაღაზიიდან მამაკაცი გამოვარდა და პატარა რალფს ქეჩოში სწვდა.
- გამიშვი, არაფერს ვაშავებ, - რალფი მისგან თავის დახსნას შეეცადა, მაგრამ ამაოდ, აზრზე მოსვლაც ვერ მოასწრო, ისე ამოყო თავი ჭუჭყიან გუბურაში. რა ქნას ახლა, ასეთი სველი და ჭუჭყიანი, როგორ შევიდეს კლასში. ოტო ფრიმანს მეტიც არ უნდა, აუჰ, რას დასცინებს. ეჰ, ოტოს რა ენაღვლება.
მას ხომ საკუთარი ოთახი აქვს და ვინ მოთვლის - რამდენი ლამაზი ფეხსაცმელი, გატკიცინებული პერანგი და ახალი პიჯაკი. მას კი, საწყალ ბიჭუნას, რომელიც ბრონქსის ერთი ბინძური უბნის მაღალსართულიანი სახლის სხვენზე ცხოვრობს დედ-მამასთან და უფროს და-ძმასთან ერთად, ალბათ არასდროს ექნება ასეთი ტანსაცმელი.
რალფმა ლოყებზე ხელი შემოირტყა და საკუთარ თავს დაუყვავა, მორჩი ფუჭ ოცნებასო. სკოლაში მისულს მართლაც მოხვდა მწარედ, მაგრამ ოტოსგან არა, მასწავლებლისგან. თითქოს მის ჯიბრზე, იმ დღეს თხზულება დააწერინეს: "თქვენი მომავალი პროფესია", რალფმაც არც აცია, არც აცხელა, "მინდა გავხდე მილიონერიო" - დაწერა.
რალფ ლიფშიცი წერტილის დასმისთანავე მიხვდა, რა შეცდომაც დაუშვა, მაგრამ რას იზამდა, უკვე გვიანი იყო. მელანს ვერაფრით წაშლიდა, ფურცლის ამოხევისთვის კი პირქუში მასწავლებლები ონავარ ბავშვებს ხელებზე სახაზავს ურტყამდნენ.
მასწავლებელმაც წაიკითხა რა რალფის თხზულება, თვალები შუბლზე აუვიდა და კლასის ყურადღება მოითხოვა. მერე სათვალე გაისწორა და ყველას თანდასწრებით წაიკითხა. კლასში ხარხარი ატყდა. მასწავლებელი კი აქაქანდა:
- ლიფშიც, მილიონის მოპოვებას ბევრი სწავლა უნდა. არ გამიკვირდებოდა, ეს თხზულება ოტოს რომ დაეწერა. რას ერჩი, სწავლობს ბიჭი. მაგრამ შენ? ამას შეხედეთ ერთი, ნორმალურად წერა-კითხვა ვერ უსწავლია და მილიონერობაზე ოცნებობს.
- ოცნებას კაცი არ მოუკლავს, მასწ... - წამოიძახა ვიღაცამ უკანა მერხიდან.
- ოტო, რა გამოხვალ, როდესაც გაიზრდები? - ჰკითხა მასწავლებელმა გაბადრულ ოტოს.
- ბიზნესმენი, - მიუგო ბიჭმა ამაყად.
რალფს ამის ატანა მეტი აღარ შეეძლო. მან ხელები ყურებზე მიიდო, მაგრამ საზარელი ხმებისგან თავი მაინც ვერ დაიცვა.
სახლში დაბრუნებულმა რალფმა, მშობლების ყულაბა გატეხა და რის ვაი-ვაგლახით მოგროვებული გროშებით ახალი პიჯაკი იყიდა, ღირსეული შესახედავი რომ ყოფილიყო.
მას მერე მრავალი წელი გავიდა. ეს ამბავი თითქოს და დავიწყებას მიეცაო, მაგრამ რალფს მაინც აკვიატებული ჰქონდა მილიონერობა. სადღაც გაიგო, თუ გინდა კარგი სამსახური გქონდეს, ბიზნესფაკულტეტზე უნდა ჩააბაროო და ასეც მოიქცა, თუმცა ახალგაზრდა ლიფშიცს სწავლა დიდად არ მოსწონდა.
თვალი ყოველთვის ლამაზად გაფორმებული ვიტრინებისკენ გაურბოდა. ერთ დღესაც მოჰბეზრდა მშობლებისთვის ფულის თხოვნა და A.Rivetz &Co-ში დადგა გამყიდველად. საგალანტერიო საქონელს ასაღებდა, თავისუფალ დროს კი ფიცჯერალდის "დიდ გეტსბის" კითხულობდა.
- რა მოგწონს გეტსბიში? - ეკითხებოდა ხოლმე ხშირად ცისფერთვალება რიკი ლოუბი რალფს. რალფი კი ერთსა და იმავე პასუხს სცემდა გოგონას - რა და პერსონაჟების ჩაცმის სტილი, განსაკუთრებით კი იმ ეპოქის ჰალსტუხებიო. რიკი ამის გაგონებაზე კისკისებდა, რატომღაც ეგონა, რომ რალფი ხუმრობდა.
აბა, როგორ შეიძლებოდა, ლიტერატურულ ნაწარმოებს მხოლოდ და მხოლოდ პერსონაჟების ლამაზი ჰალსტუხების გამო კითხულობდე. რალფი კი არ ხუმრობდა.
მერე რალფი ჯარში წაიყვანეს. მისი კოლეჯი და მენეჯმენტი წარსულს ჩაჰბარდა. ჯარიდან ჩამოსულმა კი რიკიზე იქორწინა და "ფართო", აბრეშუმის ვარდისფერი ჰალსტუხების კერვას შეუდგა. ამ დროს, 1967 წელს რალფი მხოლოდ 26 წლის იყო.
პირველი, ვინც მისი ჰალსტუხების ყიდვა გაბედა, მაღაზიათა ქსელი Bloomingdales და Neiman Marcus-ი იყვნენ. ყველა მოდელი გაეყიდათ.
გახარებულმა რალფმა ბანკიდან 50.000 დოლარი სესხად აიღო და უფროს ძმასთან ერთად კომპანია Polo Fashion დააარსა. Bloomingdales-მა კი ახალგამომცხვარ დიზაინერს კიდევ ერთხელ მოუმართა ხელი და საკუთარ ფართიზე მინი-ბუტიკი გაახსნევინა.
მერე რალფმა ოჯახის წევრებს განუცხადა, დღეიდან ლიფშიცად არ მომიხსენიოთ, ლორენი ვარო და ინტერვიუების უხვად დარიგებაც დაიწყო.
- "პოლო" რატომ დაარქვით კომპანიას?
- ყოველთვის მინდოდა პოლოს მოთამაშე ვყოფილიყავი, - იცრუა რალფმა და მეტი დამაჯერებლობისთვის ღიმილი მიანათა კორესპონდენტს. აბა, მილიონერობა მინდაო? ბოლო დროს ტყუილებიც დაიწყო. რას არ გააკეთებს კაცი იმიჯისთვის.
1978 წელს მედისონ ავენიუს 72-ე ქუჩის კუთხეში ჰერტრუდა რაინელენდერ-ვალდომ ხუთსართულიანი სასახლე ააშენა ფრანგული რენესანსის სტილში. ვალდო იმდროინდელ მაღალ საზოგადოებაში მიღებული ქალბატონი იყო და სურდა, ნამდვილ ფრანგულ სასახლეში ეცხოვრა, ნიუ-იორკის შუაგულში.
არავინ უწყის, რატომ, მაგრამ ქალბატონ ვალდოს ამ სასახლეში ერთი დღეც არ უცხოვრია. იქ მისი და - ლაურა და დისშვილი, ესპანეთ-ამერიკის ომის გმირი და ნიუ-იორკის პოლიციის კომისარი დასახლდნენ. მაგრამ დედა-შვილს მალე ვალები დაუგროვდათ და 1912 წელს ბანკმა მათ სახლით სარგებლობის უფლება ჩამოართვა.
1920 წელს სასახლე ნამდვილ სავაჭრო ცენტრს დაემსგავსა, რადგანაც არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც მას მთლიანად იყიდდა, ამიტომაც ის წვრილ მეწარმეებსა და ვაჭრებზე გააქირავეს. რალფს ყოველთვის ეჭირა თვალი რაინელენდერ-ვალდოს სასახლეზე და ოცნებებში ხშირად მის მეპატრონედ წარმოიდგენდა ხოლმე თავს.
მას ეს ოცნება 1984 წელს აუხდა. სასახლე იყიდა, პირვანდელი სახე დაუბრუნა და "პოლოს" სასახლე დაარქვა.
ძნელად თუ დაიჯერებდა ვინმე, რომ ოდესღაც ნატის უბრალო ფეხსაცმლებზე მეოცნებე ბიჭი მრავალი წლის შემდეგ ამერიკული მოდის ინდუსტრიის მამა და მილიონიანი კაპიტალის მფლობელი გახდებოდა.
ახლა რალფი სიამაყით ათვალიერებინებს სტუმრებს "პოლოს" სასახლეს. ხალიჩებით მოფენილ კიბეებზე აჰყავს ისინი და მწვანე ხავერდით გაწყობილ კედელზე ჩამოკიდებულ სურათებზე მიუთითებს, რომლებზეც ანგლოსაქსონური გარეგნობის დიდებულები არიან გამოსახული.
- კარგად დააკვირდით ამ სურათს, ეს ჩემი ბაბუა, დიდი სოლომონ ზალმან ლიფშიცია, პოლონელი რაბინის, მოშე ბენ-ისააკ ლიპშიცის შთამომავალი.
63 წლის იყო რალფი, როდესაც გაიგო თავისი წარმომავლობის შესახებ. კვალმა ის საბჭოთა რუსეთში, ბელორუსიის პატარა ქალაქ პინსკში მიიყვანა, ებრაელთა გეტოში. იქ დასახლებული ებრაელები ძირითადად ვაჭრები და ყმა გლეხები იყვნენ.
მათ შორის არც ერთი ყოფილა რაბინი. მაშ, რატომ დასჭირდა რიგით ებრაელ გლეხს რაბინთა გვარის მითვისება? ალბათ იმისთვის, რისთვისაც მის შთამომავალ რალფს, საზოგადოებაში პატივსაცემი ადგილის დასაკავებლად. აბა, სად რაბინის შთამომავალი და სად ყმა გლეხი.
1920 წელს სოლომონ ბაბუამ ბელორუსიიდან გუდა-ნაბადი აიკრა და ამერიკას მიაშურა.
მაშ, ვინ არის მწვანე ხავერდით გაწყობილ კედელზე გამოსახული ანგლოსაქსური გარეგნობის მქონე დიდებული? არავინ იცის, ალბათ ქალბატონ რაინელენდერ-ვალდოს სახელოვანი წინაპარი.
ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი ნიკოლავა