ქუთაისელი დიზაინერი რიტა კვერნაძე ჯერ სამი წელიც არაა, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს და მის ატელიეში უკვე არაერთი სელებრითი იმოსება.
რიტას პროდუქციის მომხმარებელთა სიაში არიან ნინი ბადურაშვილი და ინდირა ჯგერნაიაც. ცოტა ხნის წინ რიტა ნიუ-იორკისა და ჰოლანდიის მოდის კვირეულებზე მიიწვიეს. ის თავის კოლექციას ჰოლანდიის "Fashion week"-ზე ივლისში, ხოლო ნიუ-იორკის კვირეულზე - სექტემბერში წარადგენს.
- მომიყევით, რამდენი ხანია, რაც ამ საქმით ხართ გატაცებული, ხომ არ შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნამუშევარი, რა გზა გაიარეთ, სანამ თქვენს ატელიეს გახსნიდით?
- 2 წელზე მეტია უკვე, აქტიურად ვმოღვაწეობ მოდის სფეროში. სტუდენტობის პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება დავაგროვე. დავწერე პროექტი, მივიღე დაფინანსება და გავხსენი ჩემი ატელიე. პირველი ჩემი სივრცე იყო საკუთარ ავტოფარეხში, რეპეტიციასავით გავიარე. საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ჩემს ტანსაცმელზე. შესაბამისად, გადავწყვიტე, მომხმარებლისთვის შემექმნა ისეთი გარემო, სადაც თავს იგრძნობდა ძალიან კომფორტულად. გადავედით ქალაქის ცენტრში, ულამაზესი გარემო გვაქვს. დავამატეთ კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტი და "მანიკურშა", ანუ ამიერიდან მანდილოსნებს შეუძლიათ ერთ სივრცეში გალამაზდნენ. ძალიან ბევრი ვიშრომე.
- უმაღლესი სასწავლებელი, როგორც ვიცი, დამთავრებული გაქვთ. რა ფაკულტეტზე სწავლობდით?
- დიახ, ილიაში ვსწავლობდი, საინჟინრო ფაკულტეტზე, ტანსაცმლის დიზაინზე.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ბავშვებისთვისაც აპირებთ ხაზის გაკეთებას. როდიდან ველოდოთ ამ სასიამოვნო სიახლეს?
- სექტემბრიდან ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებელს.
- როგორც ვიცი, თავადაც თქვენი შეკერილი ტანსაცმლით იმოსებით. გამონაკლისებს არასდროს უშვებთ? თუ კი, რომელ დიზაინერებს, ბრენდებს ანიჭებთ უპირატესობას მსგავს შემთხვევებში?
- ძირითადად, ჩემი ტანსაცმელი მაცვია, თუმცა ძალიან მიყვარს იამამოტო. ახლოს არის ჩემს ხასიათთან.
- როგორი სტილის ტანსაცმელი ჭარბობს თქვენს გარდერობში? მკაცრი, სპორტული, კლასიკური...
- ძირითადად სულ სპორტული ტანსაცმელი მაცვია, გამომდინარე იქიდან, რომ სულ გადარბენაზე ვარ.
- ყველა ხელოვან ადამიანს აქვს შთაგონების წყარო. თქვენი ინსპირაცია რა არის?
- ოთხმოცდაათიანი წლები, სპორტულ-კლასიკური, ძლიერი ქალის სილუეტი...
- მამაკაცების ტანსაცმელს ჯერჯერობით არ კერავთ, მაგრამ ალბათ თვალს მაინც ადევნებთ. როგორი სტილით ჩაცმული მამაკაცები მოგწონთ როგორც დიზაინერს ან თუნდაც, როგორც ქალს?
- მამაკაცის ხაზის დამატებასაც ვაპირებ. საქართველოში მამაკაცები ცოტა უფრო ნაკლებად ზრუნავენ ჩაცმაზე, თუმცა ერთიანობაში მაინც არა უშავთ. ყველამ ის უნდა ჩაიცვას, რაც უხდება. მე უპირატესობას ვანიჭებ მოწესრიგებულ მამაკაცს, რომელიც სულ ფორმაშია.
- წარმატებული ადამიანის ირგვლივ ყოველთვის არიან როგორც გულშემატკივრები, ისე კრიტიკოსებიც. თქვენი კრიტიკოსები რამდენად აქტიურობენ და თავად როგორ ხვდებით კრიტიკას?
- ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია ჩემთვის. გააზრებული მაქვს, რომ ყოველთვის ყველას ვერ მოეწონება ჩემი პროდუქტი და ყოველთვის ცივილურად ვიღებ კრიტიკას. არსებობს საზოგადოების ნაწილიც, რომელსაც ყველაფერი აღიზიანებს, მუდმივად ცუდის ძიებაშია - ასეთებს ყურადღებას არ ვაქცევ.
- საგაზაფხულო ტენდენციებზე რას იტყვით? რას ურჩევდით ქალბატონებს, რა ფერებსა და სტილს მიანიჭონ უპირატესობა?
- ცივი და ღია ფერებია გაზაფხულზე ტრენდული, მეტალისფერები ჭარბობს ძირითადად. ასევე მოდაშია ყვვავილებიანი პრინტი, მოშვებული სტილიდან მკვეთრად გამოყვანილზე გადავედით.
- ვიდეორგოლი ვნახე, რომელზეც მოდელები თქვენი სამოსით პოზირებენ. მოდელები რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ და ხომ არ გეგმავთ სხვა მოდელების მიღებას? თუ კი, როდის იქნება ქასთინგი?
- არ მაქვს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებსაც მოდელები უნდა აკმაყოფილებდნენ. ძირითადად, ფოტოგრაფთან ერთად განვიხილავ ამ საკითხს. ძალიან რთულად მოგვწონს მოდელები, თუმცა ამ შემთხვევაში, დამეთანხმებით, რომ არჩევანი არაჩვეულებრივ გოგონებზე შევაჩერეთ. კასტინგები არ გვაქვს, ჩვენ ვეძებთ ახალ სახეებს და შემდეგ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.
<script src="https://h5p.org/sites/all/modules/h5p/library/js/h5p-resizer.js"></script>
მერიემ კაკაურიძე