ფერებით შექმნილი კომპოზიცია

ფერებით შექმნილი  კომპოზიცია
მიწისქვეშა გადასასვლელით გადაწყვიტა ცენტრალური ქუჩის გადაკვეთა. მისი ყურადღება ფეხსაცმლის მაღაზიაზე განთავსებულმა აბრამ მიიპყრო: ”ქართული ფეხსაცმელი”.
შეყოვნდა, შევიდა. ფეხსაცმელი ხელით გასინჯა, ფეხზეც მოირგო. მერე კოორდინატები გაიგო და სახელოსნოს ესტუმრა. პირველი ესკიზი სწორედ მაშინ ჩახატა, თავისთვის - სახელოსნოში შეუკერეს.

ულამაზესი გამოვიდა, განსხვავებული და განსაკუთრებული. მაშინ მიხვდა, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილ, ასობით დოლარად შეფასებულ ფეხსაცმელს, რომელსაც მანამდე ყიდულობდა, მისი გემოვნებით შექმნილი სჯობდა.

სპეციალობით თეატრის მხატვარია, ფერმწერი. მაშინ სააგენტო ”იმიჯ-ცენტრში” ჩაცმის ხელოვნებას ასწავლიდა. ია კიწმარიშვილი ისე მოიხიბლა მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმლით,
ურჩია, თავად წამოეწყო ბიზნესი. ეს შვიდი წლის წინ მოხდა.

დღეს ”მადონას” ბრენდით, ფეხსაცმელი საქართველოში ცნობილი, მოდური და დახვეწილია. აქვს საკუთარი ”შუზ-კაფე მადონა”. აქამდე მოსასვლელად დიდი შრომა, ბევრის სწავლა და მუშაობა დასჭირდა.

მეწაღე თენგომ დამწყებ დიზაინერს ფეხსაცმლის კერვის ყველა საიდუმლო გააცნო, გაანდო.

რამდენიმე ხნის განმავლობაში ითანამშრომლეს - მადონა ქმნიდა, თენგო კერავდა. მოგვიანებით, იმისთვის, რომ მისი შექმნილი ფეხსაცმელი მსოფლიოში საუკეთესოს მსგავსი ყოფილიყო, მანამდე შეძენილ, ძვირად ღირებულ იტალიურსა თუ ფრანგულ ფეხსაცმელებს შლიდა და აკვირდებოდა, როგორ იყო ტექნოლოგიურად შექმნილი.

მადონას ფეხსაცმელი გამორჩეულია - ფერებით, სტილით, ხარისხით. უპირველესი და უმთავრესია - არავითარი ხელოვნური მასალა.

ყოველი ფეხსაცმელი ნატურალური, ძვირფასი ტყავით იქმნება, არ ზოგავს - ხარისხი მისთვის მთავარია. ყველაზე დაბალფასიან შეკვეთასაც კი კარგი მასალით ქმნის, მოგებას ხარისხის ნიშნის შენარჩუნება ურჩევნია.

გარდა ამისა, მადონას მიერ შექმნილი ორი ერთნაირი ფეხსაცმელი არ არსებობს - წლების წინ იმის ამბიცია, რომ ეტარებინა ყველასგან განსხვავებული, თავად აწუხებდა. კლიენტსაც ანალოგიურად - ექსკლუზიურის მფლობელობას სთავაზობს.

ყოველთვის ითვალისწინებს შემკვეთის ინდივიდუალობას, სტილს, სხეულის ფორმებს - ფეხსაცმელს შეუძლია წარმოაჩინოს სხეულის როგორც საუკეთესო მხარე, ასევე დაამახინჯოს იგი. და კიდევ, სხვადასხვა ფერისგან შექმნილი ერთი კომპოზიცია მადონას სტილია.

”თქვენი გემოვნება - ჩვენი ხელოვნება” - ეს ”შუზ-კაფე მადონას” სლოგანია.

ერთი წლის წინ დიზაინერმა გამოფენის მოწყობა გადაწყვიტა - შექმნა ძვირად ღირებული ფეხსაცმელი ძვირფასი მეტალებით, ქვებითა და თვლებით. გამოფენა არ შედგა, ასივე წყვილი, შედევრის მსგავსი ნამუშევარი, წინდაწინ გაიყიდა.

მადონა ხარატიშვილი ბევრ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს. ცოტა ხანში გაიხსნება გრანდიოზული ”შუზ-კაფე მადონა”, სპეციალურად კომფორტული ფეხსაცმლისა და ზოგადად, კომფორტის მოყვარული ადამიანებისთვის.

სიახლეა დიზაინერის პირად ცხოვრებაში - ახლახან მესამე შვილი გაუჩნდა. ორსულობის ბოლო ფაზაში შექმნილი ყოველი ფეხსაცმელი განსაკუთრებულია - როგორც ჩანს, ფეხმძიმე დიზაინერმა ისინი განსხვავებული განცდებით, მძაფრი ემოციებითა და შეგრძნებებით ჩახატა.

მოდა მუდმივად ცვალებადია, მადონა ხარატიშვილი ყოველთვის ითვალისწინებს უკანასკნელ ტენდენციებს. წელსაც მოდურია პლატფორმა, ისევე, როგორც გასულ წელს. დიზაინერიც თავის მომხმარებელს თავისივე განსხვავებული და დამახასიათებელი სტილით შესთავაზებს პლატფორმის სხვადასხვა იმპროვიზაციას - უცხოსა და საინტერესო ფეხსაცმელს.


მალე დიზაინერი მეუღლესთან ერთად მოდის სამყაროს გულში - პარიზში გაემგზავრება. მეუღლეს ბიზნესინტერესები, მადონას კი შემოქმედებითი გეგმები აკავშირებს პარიზთან. ოთხი თვის შემდეგ ფრანგული ემოციებით დატვირთული დიზაინერი, ქართველი მოდური კლიენტისთვის განსხვავებულ ფეხსაცმელებს ჩახატავს.

”იპოვეთ თქვენი ფეხსაცმელი - ეს კომფორტისთვის მთავარია” - სპეციალურად ”ბომონდის” მკითხველს, მადონა ხარატიშვილისგან.

სალომე ლილუაშვილი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31