საკუთარი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმლით მოსეირნე მარიამ გვასალიას მილანის ქუჩებში აჩერებენ და ფეხსაცმლის სანაცვლოდ ფულს სთავაზობენ
მარიამ გვასალიას შესახებ არსებობს რაღაც აუხსნელი რამ, რაც გაგიტაცებთ და თქვენში ღრმად შემოაღწევს. მასში იმალება ძლიერი, მგრძნობიარე, საოცარი ნიჭით დაჯილდოებული შთამბეჭდავი მხატვარი. დიზაინერი წარმოუდგენელი ნიჭით, ის ნამდვილი მეზღაპრეა, რომელიც სიტყვების ნაცვლად იყენებს ქსოვილებსა და გეომეტრიას ჯადოსნური სილამაზის მოსათხრობად. მას საოცარი უნარი აქვს, შეიგრძნოს და შექმნას სილამაზე. მარიამი ნამდვილი ესთეტია. როცა ერთხელ ნახავ მის ნამუშევარს, გეხსნება მადა, გინდება, ნახო უფრო და უფრო მეტი...
Vogue წერს, რომ მოხარულები არიან, თბილისის მოდის კვირეულზე რომ მოხვდნენ და მარიამის სამყაროში იმოგზაურეს. Vogue-ის წარმომადგენლები ესაუბრნენ დიზაინერის მეუღლეს, ბაჩისა და მარიამის მაღაზიის მენეჯერს, ეთამაშნენ დიზაინერის 7 წლის ქალიშვილს, თამუნას და გადაიღეს ექსკლუზიური ფოტოები მაღაზიის გახსნაზე, რომელიც მდებარეობს ქობულეთის ქუჩა #19-ში.
იმის მიუხედავად, რომ მარიამი ჯერ 26 წლისაა, მას უკვე აქვს ექვსი კოლექცია, რომლებსაც მოპოვებული აქვთ საერთაშორისო პრესის ყურადღება და მისი ნამუშევრები თანამედროვე თაობის ქართველი დიზაინერების ფავორიტი გახდა. მისი საფირმო პროდუქტია ჩანთები და ფეხსაცმელები, უპირველეს ყოვლისა. განსაცვიფრებელი, ხელოვნების შეგრძნება ხდის მას უნიკალურს და მის ინოვაციურ ნამუშევრებს აუცილებლად სავალდებულოდ შესაძენს.
მილანის ქუჩებში, თავისივე დიზაინით შექმნილი ფეხსაცმლით მოსეირნეს, ყოველთვის ეღიმება, როცა ხალხი აჩერებს და ეკითხება, სად შეიძლება ასეთი ფეხსაცმლის შეძენა. ყოფილა შემთხვევებიც, როცა იმ ფაქტით იმედგაცრუებულ გამვლელებს, რომ ჯერ ფეხსაცმელები გაყიდვაშიც არაა, მარიამისთვის უთხოვიათ, დაუყოვნებლივ გაეხადა ფეხზე და მზად იყვნენ, ამისთვის გადაეხადათ ნებისმიერი ოდენობის თანხა.
რა ხდის მარიამ გვასალიას გამორჩეულს? ის თვითნასწავლი დიზაინერია, რომელსაც არასდროს უვლია მოდის კურსებზე, თუ არ ჩავთვლით იმ ორ თვეს, რომელიც მილანში, IED-ში გაატარა წლების წინ. ის არასდროს ცდილობს, ვინმეს მიბაძოს, ყოველთვის ინდივიდუალიზმის მომხრეა და სწორედ ამიტომაა მისი ნამუშევრები უნიკალური. ის ყოველთვის ცდილობს, მისი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარი იყოს განსხვავებული სტილის. ის იდეალისტია. მარიამი აღიარებს, რომ ხანდახან თავის გუნდს აიძულებს, ყველაფერი ბოლო წუთებში შეცვალონ, შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ან თუნდაც მისი მაღაზიის გახსნამდე.
მარიამი ყოველთვის უსმენს და მიჰყვება გულის ხმას და როცა რამე რიგზე ვერაა, აუცილებლად აფიქსირებს ამას. დაუჯერებელია, მაგრამ მას არასდროს გაუკეთებია საკუთარი შემოქმედების ერთიანი ჩანახატი. ის ირჩევს მასალას, ნამუშევრებს და საუბრობს იმაზე, რაც აქვს თავში. თავის გუნდთან ერთად აქცევს აბსტრაქციას რეალურ პროდუქციად.
ახლა მარიამი აპირებს ევროპაში გაფართოებას და დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობებით მყიდველებთან, აგენტებთან და შოურუმებთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სირთულეების გადალახვა უწევს ცხოვრებაში, მას მტკიცედ სწამს, რომ ოცნებებისთვის უნდა იბრძოლოს, უკეთესი მომავლისთვის არასდროს არ უნდა დათმოს და მოუწოდებს ყველას, გააკეთონ იგივე, სწამდეთ და იბრძოლონ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე არსებული სირთულეების მიუხედავად.
მერიემ კაკაურიძე