სონიას ნაცრისფერი სვიტერი

სონიას ნაცრისფერი სვიტერი

"გვესაჭიროება გოგონა, ვიტრინის გამფორმებლად", - კითხულობს ჟღალთმიანი სონია მაღაზიის კარზე მიკრულ განცხადებაში სენ-ჟერმენის ქუჩაზე და დაუფიქრებლად აღებს ზანზალაკიან კარს.

- არის აქ ვინმე? - ცოტა არ იყოს დაიბნა და მზერა მაღაზიას მიმოავლო.

- რა გნებავთ? - სიღრმიდან აკაპიწებულსახელოიანი ახალგაზრდა მამაკაცი გამოდის.

- განცხადება წავიკითხე....

- გასაგებია, - აწყვეტინებს კაცი. - რამდენი წლის ხარ?

- ჩვიდმეტის, - მორიდებულად პასუხობს სონია და კაცის პირდაპირობაზე უხერხულად ეღიმება.

ამის მერე, სონიას ყოველ დილით სენ-ჟერმენზე მიეჩქარება, ახალგაზრდა მუსიე რიკელის პატარა
მაღაზიაში. მანამ უნდა მოასწროს მანეკენებისათვის სამოსის გამოცვლა, სანამ პირველი მყიდველის შემოსვლას აუწყებს კარზე მიბმული პატარა ზანზალაკი.

დედას კი სონიას საქმიანობა არ მოსწონს და საერთოდაც, მის ოჯახში მოდას ალმაცერად უყურებენ. ერჩივნათ ქალიშვილი მუსიკოსი, ლიტერატორი ან ფერმწერი გამოსულიყო, მაგრამ სკოლის დამთავრებისთანავე, ჯერ კიდევ სულ ნორჩმა სონიამ აღმოაჩინა, რომ თურმე პანიკურად ეშინია უმაღლეს სასწავლებელში მოსაწყობად საჭირო გამოცდების.

სამაგიეროდ ძალიან მოსწონს დედის მოქსოვილი ფერადი სვიტერები და პატარა მაღაზია "ლაურა" სენ-ჟერმენზე, სადაც ყოველ დილით ელოდებიან უსულო პლასტმასის მანეკენები და მუდამ დაკავებული და სახელოაკაპიწებული, ახალგაზრდა მუსიე რიკელი.

თითქმის 13 წელი გავიდა. სონია კვლავინდებურად "ლაურას" ვიტრინების მოწყობითაა დაკავებული და კიდევ კოლექციის არჩევაში ეხმარება მუსიე რიკელს. მოდის სამყაროშიც უკვე ყველა იცნობს ჟღალთმიან ახალგაზრდა ქალს, რომელსაც კარგი გემოვნება აქვს.

პირად ცხოვრებაში კი არ უმართლებს. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც "ლაურას" უკანასკნელი მყიდველი დატოვებს, მუსიე რიკელი სონიას კაფეში დაპატიჟებს შოკოლადის მუსზე, რამდენიმე თვეში კი სონია მადამ რიკელი ხდება.

ცოლ-ქმარს იდეალური ურთიერთობა აქვს. მუსიე რიკელი მთელ დღეებს მაღაზიაში ატარებს, სონია კი მოუთმენლად ელოდება მას და ყოველ საღამოს სხვადასხვა რეცეპტით უმზადებს შოკოლადის მუსს. ცოტა ხანში სონია აღმოაჩენს, რომ მალე დედა გახდება, რაც ცოტა არ იყოს აშინებს.

მომავალი ფეხმძიმობა მასში პანიკურ შიშს იწვევს, რადგან უფორმო ბალახონის ჩაცმა მოუწევს, რომელიც კარტოფილის ტომარას უფრო ჰგავს, ვიდრე კაბას. არავინ იცის, რამდენად შორს წაიყვანდა სონიას ეს კოშმარული ჩვენება, რომ არა სახლში ახალდაბრუნებული მეუღლის ხმა:

- საყვარელო, ნახე რა მოგიტანე.

სონია მოუთმენლად ხსნის ხვეულას და ვენეციური, ნაცრისფერი ნაქსოვი სვიტერი შერჩება ხელთ. მას ვერ ჩაიცვამს.

სასწრაფოდ რაღაც უნდა შეცვალოს მასში. სონია ხელში ფურცელს და ფანქარს იღებს და ახალი სვიტერის ესკიზს ხატავს.
სონია პარიზის ქუჩებში თავს პარიზელებისთვის აქამდე უცნობი, ღრმადდეკოლტირებული და ტანზე მომდგარი, ასიმეტრიული სვიტერით იწონებს.

- უკაცრავად, სად შეიძინეთ ეს სვიტერი? - გაუბედავად ეკითხება კაფეში, მეზობელ მაგიდასთან მჯდომი ქალი სონიას.

სონია მხრებს იჩეჩს და მხარზე ჩამოცურებულ დეკოლტეს ისწორებს. მან არ იცის, ვის მიაკუთვნოს სვიტერის ავტორობა, მაგრამ ერთს ხვდება, საკუთარი ადგილი იპოვა ცხოვრებაში.

ერთ მზიან პარიზულ დღეს "ლაურაში" დიდი ხელჩანთით შედის სონია და მანეკენების მორთვას იწყებს, საკუთარი ტანსაცმელი მიიტანა, რომელიც ბავშვის დაბადების მერე უფუნქციოდ დარჩა კარადაში. მათ შორის მისი საყვარელი ნაცრისფერი ჯემპერიცაა.

- რას აკეთებ? - აღშფოთებული მუსიე რიკელი მის შეჩერებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. სონიამ კარგად იცის რასაც აკეთებს. კოლექცია იმ დღესვე იყიდება, სონიას ნაცრისფერ სვიტერს კი "ელლეს" გარეკანის გადაღებისთვის აცმევენ მოდელს.

ახლა უკვე მთელი პარიზი სონიას ნაქსოვი, შავი ასიმეტრიული კაბებით, ზოლიანი პიჯაკებითა და წარწერებიანი სვიტერებით დადის.

შავს სამგლოვიარო ფერად აღარავინ მიიჩნევს და უკუღმა გადმობრუნებული სამოსიც აღარაა სათაკილო. მარტო მუსიე რიკელია უკმაყოფილო.

"რობესპიერის" უბადრუკ მქსოველებს ჰგავხარ, ჯარისკაცებს რომ უქსოვდნენ წინდებსო, დასცინის ცოლს. მისთვის მიუღებელია, რომ ბიუსტჰალტერის თასმა კაბის გადმოცურებული მხრიდან ურცხვად მოჩანს.

მოთმინებიდან გამოსული სონია მეუღლის სახლს ტოვებს. თან მხოლოდ ბავშვები მიჰყავს და მიაქვს რიკელი, უკვე ყველასათვის კარგად ნაცნობი გვარი.

1968 წლის მაისს ნაცნობ სენ-ჟერმენზე სონია პირველ მაღაზიას ხსნის. რამდენიმე დღეში, საფრანგეთში გამძვინვარებული სტუდენტური რევოლუციის ტალღა უმოწყალოდ არბევს ყველა მოდურ მაღაზიას, გარდა სონიას ბუტიკისა.

ახალგაზრდებს მოსწონთ "ჟღალთმიანი ალქაჯის" მიერ შექმნილი ხულიგნური სამოსი, რომელშიც თავისუფლება სუნთქავს. ეს დიდი გამარჯვებაა.

პარიზი, 2010 წელი. 78 წლის სონია ჟღალ თმას ისწორებს და ფეხზე უსაშველოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამს.

მერე ქუჩაში გადის და სენ-ჟერმენისკენ მიუყვება გზას. იქ, საყვარელ კაფე "ფლორაში" საყვარელი შოკოლადის მუსი უნდა მიირთვას. ერთ-ერთი მაღაზიის კარზე წარწერა გამოუკრავთ: გვესაჭიროება...

...ახალგაზრდა გოგონა - აგრძელებს სონია და ეღიმება. 17 წლის რომ იყოს, აუცილებლად გამოეხმაურებოდა განცხადებას.

ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი ნიკოლავა

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31