თეო გარდაფხაძე და ლელა ელოშვილი- ორი დიზაინერის შემოქმედებითი ხედვა განსაზღვრავს Atelier Informal-ის ინდივიდუალურ კონცეფციას.
მათი კოლექციები ინდივიდუალიზმით გამოირჩევა, რაც საინტერესო რაკურსით წარმოაჩენს დიზაინერების კოლექციებს. ზომიერად მკაცრი და ზომიერად რომანტიკული...
ერთმანეთს სამხატვრო აკადემიიდან იცნობენ. თეო არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, ლელა- მოდელირებაზე. ახალგაზრდა დიზაინერებს საკმაოდ მძიმე პერიოდში უხდებოდათ საქმიანობა.
ერთადერთი სტიმული ის გახლდათ, რომ ორივეს საკუთარი ატელიე ჰქონდა და კერძო შეკვეთებზე მუშაობდნენ. ნამდვილ შემოქმედებაზე ლაპარაკიც არ იყო...
”საღამოს, როცა ატელიეში მარტო ვრჩებოდი, მაშინ ვგრძნობდი შემოქმედებითი რეალიზაციის წყურვილს, თუმცა, იმდენად არარეალური მეჩვენებოდა, შეიძლებოდა კომერციაზე არც მეფიქრა და არტი გამეკეთებინა, მაგრამ... ამის სტიმულიც ხომ უნდა მქონოდა. მოდის სფეროში არაფერი ხდებოდა.”- მეუბნება თეო.
შემდეგ, საერთო იდეებითა და წინსვლის სურვილით თეომ და ლელამ ძალები გააერთიანეს და ორი საინტერესო ხედვის დიზაინერის შემოქმედებით ტანდემს Atelier Informal-ი ეწოდა,- 2006 წელი გახლდათ.
”უდიდესი სურვილი გვქონდა, საერთო ძალებით კოლექციებზე გვემუშავა, თუმცა ორი წლის განმავლობაში ვერაფერი მოვახერხეთ. დრო უსასრულოდ გაიწელა. Fashion Week-მა უდიდესი სტიმული მოგვცა და ჩვენი შემოქმედებითი ენერგიის რეალიზაციის საშუალება ვიპოვეთ.”- აღნიშნავენ დიზაინერები.
კერძო შეკვეთებზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მოუტანა დიზაინერებს. განსაკუთრებით იმ კლიენტებს იხსენებენ, მათ გემოვნებას რომ ენდობოდნენ.
ასეთ შეკვეთებზე საინტერესო და შემოქმედებითი იყო მუშაობა,- ავტორებისგან შემოქმედებით იდეებს, ტექნოლოგიის სასუფთავესა და დახვეწილ გემოვნებას მოითხოვდა. პრაქტიკულ საქმიანობაში განვლილმა ხუთმა წელმა დიზაინერები პროფესიონალებად აქცია.
სუპერნატურალური
ერთობლივი კოლექცია შემოდგომა-ზამთრისთვის შეიქმნა.
კოლექციის ძირითადი თემა გახლდათ სამყაროსა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულება- როგორ განიცადა სამყარომ ტრანსფორმაცია საგანში და სამოსის არაბუნებრივმა მკაცრმა სილუეტმა დედამიწის რელიეფის ფორმა როგორ მიიღო.
ადამიანს პლუს სამყარო, მომავალს პლუს სივრცე, ფერებს მინუს ბუნებრიობა- ეს გახლდათ მთავარი თემა, რათა დიზაინერებს მოდური და თანამედროვე სამოსი შეექმნათ.
კოლექციის შექმნის ინსპირაცია, კოსტიუმების ფორმები და ფერები, აქტუალურმა ”ავატარის” თემამ, ადამიანის ბუნებასთან კავშირმა განსაზღვრა.
დიზაინერებმა გამოიყენეს ბუნებრივი ფერები, ნაცრისფერთან ერთად მწვანე და ვარდისფერი, ამასთან, გამოიყენეს ბუნებრივი ქსოვილი: აბრეშუმი, ბამბა, შალი.
ტენდენცია
თეო და ლელა აუცილებლად ითვალისწინებენ მოდის ტენდენციებს.- თუ ტენდენციები არ გაითვალისწინე, რაღაცნაირად, მოდის მიღმა დარჩები.
შენი ხედვა, ფორმისა თუ ფერის თვალსაზრისით, მოდურ ტენდენციებს უნდა მოარგო, ამასთან აუცილებელია კომერციაზეც ფიქრიც,- აღნიშნავს თეო.
- სტილი?
- ჩვენი შექმნილი სამოსი მისაღებია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. არის ძალიან ქალური, დემოკრატიული, გამორჩეული და ინდივიდუალური. ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენს ხელწერას ცნობენ. საკუთარ სტილზე ცოტა რთულია საუბარი.
- ხელწერა?
- ხელწერა Fashion Week-ის პირობებში ჩამოყალიბდა. გაჩნდა კონკურენცია, რაც განსაზღვრავს საკუთარ თავზე მუშაობის აუცილებლობას.
აუცილებელია საკუთარი ხაზის, გამორჩეულისა და ინდივიდუალურის შექმნა. კოლექციიდან კოლექციაზე ერთი და იგივე დეტალები არ გადაგვაქვს, თუმცა ყველა ხვდება, რომ ჩვენია. არ ვიცით, რატომ...
ქვების ჰარმონია
მეორე ერთობლივი ნაუშევარი ისევ Fashion Week-ისთვის შეიქმნა. გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია შედარებით ნაზი და რომანტიკული აღმოჩნდა.
მთავარი თემა გახლდათ ადამიანის ცვალებადი ბუნება. თამამმა ფორმებმა არტის ხასიათი შეიძინა. კოლექციაში ნახევრად ძვირფასი ქვები გამოიყენეს, კარგად შეისწავლეს ქვების თვისებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ხასიათზე.
მათი ფერები რამდენადაც მსუბუქია, იმდენად მყარიცაა. აქსესუარებში გამოიყენეს აქატი, პირიტი და მთის ბროლი.
”საინტერესო იყო ამ თემაზე მუშაობა. რაც უფრო ვუღრმავდებოდით, მით უფრო საინტერესო იდეებამდე მივდიოდით.”- აღნიშნავენ დიზაინერები.
ერთად
ორი დიზაინერის თვისებები ერთმანეთს აბალანსებს. განსხვავებული არიან, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. ლელა შედარებით მკაცრია, თეო- რბილი ხასიათის და დამთმობი.
მათი თვისებები საქმიანობაში საინტერესოდ ჩამოყალიბდა, ლელას შედარებით რბილი ფორმები მოსწონს, თეოს კი, შედარებით მკაცრი შტრიხები.
რაც შეეხება შემოქმედებით პროცესს, ყოველი ახალი კოლექციის კონცეფციის ჩამოყალიბებაზე ფიქრს ერთად იწყებენ.
ირჩევენ თემას და შემდეგ ამ თემაზე იდეების ძიებას, მათი შთაგონების წყარო შეიძლება ნებისმიერი ნივთი აღმოჩნდეს. შემდეგი ეტაპი ამ თემის დამუშავებაა. შემდეგ ირჩევენ ფერსა და ფორმას.
- ბოლო შტრიხები?
- ატელიეს სივრცეში, ამ ოთახში, ღამის თენება და ბოლო დეტალების შეჯერება ხდება. ყოველთვის რაღაც გვაკლია და ბოლო დღე ამ დანაკლისს თითქოს ავსებს. ამ დროს იმდენად ემოციურები ვართ, იმდენად მობილიზებულები, რომ სწრაფი აზროვნების პროცესში ახალი დეტალები ლაგდება.
მათი საქმიანობა Fashion Week-დან Fashion Week-მდე ნაწილდება. მივიდნენ ერთ აზრამდე, რომ მოდის კვირეულის დასრულებისთანავე ახალ იდეებზე ფიქრი დაიწყონ.
მიაჩნიათ, რომ ადრე უნდა დაიწყო, თუ გინდა იმ შედეგს მიაღწიო, რაც ჩაიფიქრე. არაკომერციულ პროექტებზე მუშაობას ჯერ არ ფიქრობენ, ვინაიდან თვლიან, რომ მოდა შემოქმედებასთან ერთად კომერციაცაა.
პროგრამა მინიმუმი ქართული ბაზრის დაპყრობაა, რაც ნაწილობრივ მოახერხეს, მაქსიმუმი კი- დანარჩენი სამყარო...
ჟურნალი ”ბომონდი”
ქეთი დარჩია