კიდევ ერთ სკანდალში დიზაინერი სულ ცოტა ხნის წინ გაეხვა. ის სტამბულში დააპატიმრეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებით, მაგრამ ბრალეულობა არ დაუმტკიცდა და ახლა თავისუფალია.
მისი კარიერა 1994 წლიდან იწყება, როცა თბილისში "ავანგარდული მოდის ასამბლეა" ჩატარდა. რამაზო რომა ამ ღონისძიებაზე ქორეოგრაფად მოიწვიეს. პროფესიით მოცეკვავეა. ჰყავდა ჯგუფი "ექსტაზი", რომელთან ერთადაც არაერთ ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა.
აზერბაიჯანში ქართული კულტურის დღეებზე მოხვდა. მის მიერ დადგმული შოუ ერთ მომღერალ ქალბატონს ისე მოეწონა, რომ მასთან მუშაობა და აზერბაიჯანში დარჩენა შესთავაზა. ისიც დარჩა. მისი სახელი და წარმატება აზერბაიჯანს უფრო უკავშირდება, თუმცა საქართველო ძალიან უყვარს და ყოველთვის ენატრება.
მისი გემოვნებით შერჩეული კოსტიუმები ეცვათ... ასე, ნელ-ნელა სტილზე ფიქრიც დაიწყო. სტილზე მუშაობას 3-4 წელი დასჭირდა. სწორედ იმ პერიოდში აზერბაიჯანში კონკურსი "ბესტ მოდელი" გაიმართა, სადაც რამაზო მიიწვიეს, როგორც ქორეოგრაფი.
კონკურსზე მოწვეული იყო ამ საერთაშორისო კონკურსის პრეზიდენტი ერქან ოზერმანი. ერთმანეთი იქ გაიცნეს. რამაზოს ქორეოგრაფიამ დიდი მოწონება დაიმსახურა და კონკურსის პრეზიდენტმა იგი სტამბულში დაპატიჟა. სწორედ იქ დაიწყო დიზაინერობაზე ფიქრი. სტამბულში საკუთარი მოდის სახლიც გახსნა. კოლექციის ჩვენებას ხშირად აწყობს, თუმცა საქართველოში პირველად გამოიტანა.
12 წელია, სამშობლოში არ ყოფილა.
სტილი
საერთოდ, ოტ კუტიურზე მუშაობს. როგორც აღნიშნავს, რასაც გრძნობს, იმ თემის დამუშავებას იწყებს. ყოველთვის რისკიან გზებს ირჩევს. როგორ მიიღებს საზოგადოება მის ნამუშევარს, ამაზე ნაკლებად ფიქრობს.
კოლექციაზე მუშაობას ფიქრით იწყებს. შემდეგ იქმნება კონტურები და სასურველი ფორმები. მოდის ტენდენციებს, სილუეტს, ფერებს ითვალისწინებს. მხოლოდ საკუთარ ხედვას არ ანიჭებს უპირატესობას. ყოველთვის სწავლობს ისეთი გენიოსებისგან, როგორებიც არიან: ჟან პოლ გოტიე, ჯონ გალიანო, ალექსანდრ მაქქუინი. ცდილობს, განვითარებისა და სწავლის პროცესი არ შეაჩეროს.
"ვმუშაობდი ოტ კუტიურზე, მაგრამ ამ სტილზე მუშაობა ნაკლებშემოსავლიანია. ამ სტილს ყველა ვერ იცვამს. ბოლო დროს სხვა სტილი შევარჩიე, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და ამ სტილის სამოსის "რამაზო რომას" სამარკო ნიშნით გამოშვებასაც ვაპირებ. ეს იქნება ხაზი, რომელიც ბევრ ქვეყანაში გაიყიდება.
ქსოვილებიდან ძალიან მიყვარს შიფონი. ინდოეთში ვიყავი, სადაც ამ ქსოვილის დიდი არჩევანია. ფანტასტიკური ქსოვილები ჩამოვიტანე და ახალ კოლექციაზე მუშაობასაც მალევე დავიწყებ." - აღნიშნავს დიზაინერი.
თემები
ერთ-ერთი სკანდალური თემა იყო "ქალიშვილი". სამოსზე ძარითადი აქცენტი აქსესუარებზე გამახვილდა, მაგალითად, ბოქლომზე. აზიის საზოგადოებამ კარგად მიიღო ეს კოლექცია. "შეიძლება დაგეთანხმონ ან არა, მაგრამ როცა კოლექციის თემა ემოციიდან მოდის, საზოგადოება ყოველთვის გაგებით ეკიდება." - ამბობს დიზაინერი.
კოლექცია, რომელიც თბილისში ჩამოიტანა, ბერძნულ-რომაული სტილის ინსპირაციით შეიქმნა. შესაბამისად, "აფროდიტე" დაარქვა. გამოყენებულია შიფონის ქსოვილი და ბევრი ლითონი - ეს თემა სინაზისა და სიმკვრივის მიქსით შეიქმნა. სტილისტმა ანარიმ, რომელიც რომას ჩამოჰყვა აზერბაიჯანიდან, მოდელების ვარცხნილობაზე იმუშავა, სადაც აქცენტი ლითონის დეტალებსა და ბუმბულზე გაკეთდა.
რამაზოს გუნდში ერთნაირი გემოვნების ადამიანებმა მოიყარეს თავი: თმის სტილისტი და რეჟისორი, თავისი საქმის მცოდნენი ყველგან თან დაჰყვებიან. ამიტომ დიზაინერს მათთან მუშაობა უადვილდება.
კიდევ ერთ სკანდალში დიზაინერი სულ ცოტა ხნის წინ გაეხვა. ის სტამბულში დააპატიმრეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებით - მას ადამიანებით უკანონოდ ვაჭრობა და მათი პროსტიტუციაში ჩართვა ბრალდებოდა, თუმცა დიზაინერს ბრალეულობა არ დაუმტკიცდა და ახლა თავისუფალია.
სტამბული
"სტამბული თანამედროვე ევროპული ქალაქია და ჩემი სტილი კარგად მიიღო. თურქეთში ბევრ ვარსკვლავთან მიმუშავია. მიჯერებენ და მომყვებიან. არ მიყვარს, როცა ჩემს საქმეში ერევიან. შეიძლება სხვისი შენიშვნა გავითვალისწინო, მაგრამ თუ დიზაინერად მთვლი და ჩაცმულობას მანდობ, ნდობის ხარისხიც მაღალი უნდა იყოს. ახლა ამ მომღერლებს იმდენად კარგად ვიცნობ, თავად ვიცი, რა შევთავაზო." - ამბობს დიზაინერი.
თბილისი
"ძალიან მომნატრებია თბილისი, აქაური მეგობრობა და სტუმართმოყვარეობა. ხშირად მახსენდება, როცა ახლანდელი ვარდების რევოლუციის მოედანზე ტანკები დადიოდა, მიწისქვეშა გადასასვლელში კი ჩვენებებს ვაწყობდით... იქ მუშაობდა ჩემი გახსნილი კლუბი "აურა".
იცით, სამინისტროდან როგორ მემუქრებოდნენ? "ჩაგსვამთ!" "დაგაპატიმრებთ!" იყო ზარები.
არავის ვემორჩილებოდი. ერთხელ სამხატვრო აკადემიიდან ნატურა მოვიყვანე, გავხადე და კლუბის შესასვლელში დეკორაციასავით შიშველი დავაყენე. ყელზე სვაროვსკის თვლებით გაფორმებული ყელსაბამი გავუკეთე... ეს ხდებოდა 1995 წელს. ახლაც სკანდალური იქნებოდა მსგავსი აქცია. მერე ყველა გზა მომიჭრეს, შემოქმედებითი აქტიურობის პრობლემა დადგა და მაშინ მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი." - იხსენებს რამაზო.
ახლა აღნიშნავს, რომ მისთვის უცხო ქვეყანაში თავისუფლება შეინარჩუნა. სადაც უნდა იყოს და როგორ გარემოში, თავისუფლებას ვერავინ შეუზღუდავს. ამბობს, რომ კომუნიკაბელური ადამიანია და მასთან ურთიერთობა იოლია. აქვს საოცარი თვისება - წინააღმდეგობების მიუხედავად, ყოველთვის ბედნიერ ადამიანად მიაჩნია თავი.
"ქუჩაში, უსახლკაროდ რომ დავრჩენილიყავი, ესეც არ შემიცვლიდა სამყაროს მიმართ დამოკიდებულებას" - ამბობს დიზაინერი. "რა არის ჩემი საიდუმლო? ალბათ, ღმერთი მმფარველობს".
ქეთი დარჩია
ჟურნალი "ბომონდი"
(მარტის ნომერი)