ჭილისგან შექმნილი იმპერია

ჭილისგან შექმნილი იმპერია
დიზაინერ იგორ ჩაპურინის კრედო სამი სიტყვით შემოიფარგლება - უბრალოება, ჰარმონია, სრულყოფილება.
”თუ მოდაში არ ხარ, ესე იგი, არავინ ხარ!” - ეს ჩაპურინის ცხოვრებისეული დევიზია.

მისი პოტენციური კლიენტები არიან დახვეწილი გემოვნებით გამორჩეული მდიდარი ქალები 30 წლის ასაკიდან. თავისი შემოქმედების მუზად სამ ქალს გამორჩევს - ალა დემიდოვას, ტატიანა ვასილიევას და მარიანა პეტროვსკაიას.

მარიანა კოსმეტიკური ფირმა Gi­ven­chy-ის სახეა. დასავლელი ჟურნალისტები მის გარეგნობას ანგელოზისას ადარებენ. იგორ ჩაპურინმა კი იგი სრულიად სხვა ამპლუაში წარმოადგინა, რითაც უცხოელ ჟურნალისტთა მითი დაამსხვრია. ეს
მისი სტილია. ის ყოველთვის განსხვავებულია, ამიტომაც უწოდეს ”აღმოჩენა”. თავად აღმოჩენაა და სხვების აღმოჩენასაც ცდილობს.

დიზაინერ იგორ ჩაპურინის კრედო სამი სიტყვით შემოიფარგლება - უბრალოება, ჰარმონია, სრულყოფილება.
”თუ მოდაში არ ხარ, ესე იგი, არავინ ხარ!” - ეს ჩაპურინის ცხოვრებისეული დევიზია.

პირველი საფეიქრო ფაბრიკები რუსეთში ბაბუამისმა გახსნა. მამა ტრიკოტაჟის წარმოებას ხელმძღვანელობდა, დედა კი ერთ-ერთი ფაბრიკის დირექტორი გახლდათ. იქნებ თავიდანვე იყო განსაზღვრული მისი შემოქმედებითი გზა? როგორც ჩანს, ასეა.

იგორ ჩაპურინი 1968 წელს დაიბადა. დაამთავრა ვიტებსკის ტექნოლოგიური ტექნიკუმი, სპეციალობით - ”ქალის ტანსაცმლის კონსტრუქტორი”. შემდეგ ერთი წელი მოდების ადგილობრივ ატელიეში უმაღლესი რანგის მხატვარ-მოდელიერად იმუშავა.

1991 წელს ჩაირიცხა ვიტებსკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მოდელირების ფაკულტეტზე. სწავლის პერიოდშივე დაისახა მიზნად - აუცილებლად მიეღო მონაწილეობა ნინა რიჩის სახელობის ახალგაზრდა მოდელიერების შესარჩევ კონკურსში.

რამდენიმე თვეში აისრულა კიდეც ოცნება. კონკურსზე მისი პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა და პრიზიორთა ათეულში მოხვდა.

1992 იგი პარიზში მიიწვიეს, ”ტანსაცმლის ახალგაზრდა დიზაინერთა საერთაშორისო ფესტივალზე”, სადაც მშობლიური რუსეთი წარმოადგინა. რა თქმა უნდა, ამან უდიდესი გავლენა მოახდინა მის კარიერაზე.

სწორედ ამან განაპირობა, რომ სტაჟირება საფრანგეთში გაიარა და, როგორც გამორჩეულად ნიჭიერი დიზაინერი, სამუშაოდ კომპანია  Max Ma­ra-ში მიიწვიეს.

მიუხედავად მაცდუნებელი წინადადებისა, იგორმა მიწვევაზე უარი განაცხადა და მოსკოვში დაბრუნდა, სადაც დაიწყო კაბების შეკერვა ”მის მსოფლიოს”, ”მის სამყაროს”, ”მის რუსეთისა” და ”მის ევროპის” კონკურსანტებისათვის.

1994 წელს იგორმა თავისი კოლექციის პრეზენტაცია ბულგარეთში მოაწყო, ”მოდის საერთაშორისო დღესასწაულზე”, ხოლო ერთი წლის შემდეგ, მოსკოვში გამართა პირველი ჩვენება, რომელსაც ერქვა: To Rus­sia with lo­ve.

ამ ღონისძიების სანახავად პარიზიდან საგანგებოდ ჩამოვიდა ”საფრანგეთის ელეგანტურობის კომიტეტის” პრეზიდენტი როჟე ზეილერი. იგი იმდენად აღფრთოვანებული დარჩა ჩაპურინის კოლექციით, რომ საღამოს დამთავრებისთანავე დიზაინერს ”მის ევროპა-96”-ის შოუსთვის 30 კოსტიუმი შეუკვეთა.

სწორედ ამ წელს შეიმუშავა იგორმა ქსოვილის მოქარგვის უნიკალური, სახელობითი სტილი. ამ მხრივ იგი დღესაც გამორჩეული დიზაინერია.

ამის პირველი დასტური გახდა თამარ გვერდწითელისთვის შექმნილი კაბა, რომელიც მომღერალს კარნეგი-ჰოლის სცენაზე ეცვა და რომელმაც აღაფრთოვანა ზეპური საზოგადოება. ჩაპურინმა ერთმანეთს ოსტატურად შეუხამა ოქროს ძაფები, ბისერები და ძოწი.

მიუხედავად იმისა, რომ იგორი საზღვარგარეთ უკვე ცნობილი დიზაინერი იყო და თანამშრომლობდა მსოფლიოში ცნობილ კომპანიებთან - Re­ne Gar­ra­ud, Estee La­u­der და მოდის სახლ Ga­lit­zi­ne-სთან, რუსეთში მხოლოდ 1995 წელს აღიარეს.

ეს წელი მისთვის სხვა მხრივაც ნაყოფიერი გამოდგა. სწორედ მაშინ შეუკვეთეს მას Re­ne Gar­ra­ud­-ის ბუტიკის თანამშრომლებისთვის ფორმების შეკერვა და კოსმეტიკური ფირმის Estee La­u­der­-ის ახალი ხაზის პრეზენტაციისთვის კოქტეილის კაბები.

მისი შემოქმედებისადმი სერიოზული ინტერესი გამოავლინა იტალიელმა დიზაინერმა ირენ გოლიცინამ. იგი თავის დროზე განთქმული იყო ”პალაცოპიჟამას” სტილის გამოგონებით, რომელიც მოგზაურობის მოყვარული ქალებისთვის იყო განკუთვნილი.

მის ამ სტილს განსაკუთრებულად ირგებდნენ სხვადასხვა დროს გრეტა გარბო, ჟაკლინ კენედი, ელიზაბეტ ტეილორი. სწორედ გოლიცინასთან ერთობლივი მუშაობით ჩაეყარა საფუძველი ქალის სამოსის ახალ მარკას - Ga­lit­zi­ne.

იგორ ჩაპურინის შემოქმედებისთვის ნაციონალური შტრიხებია დამახასიათებელი. მას ”ჭილის დიდოსტატს” უწოდებენ, უფრო სწორად, ”რუსული ჭილის დიდოსტატს”.

ფლობს ჭილის ძაფის ქსოვის ტექნოლოგიას, თავად რთავს სამოსს ბისერებით და ვენეციური მაქმანებით. იგი რუსულ კოსტიუმებს სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული ორნამენტებით ამშვენებს, ამასთან - ყოველთვის მაღალხარისხიან ქსოვილს იყენებს, რომელიც იტალიიდან და საფრანგეთიდან ჩამოაქვს.

1999 წელს რუსმა დიზაინერმა თავისი პირველი ბუტიკი გახსნა მოსკოვში - მოდის სახლი CHAPURIN COUTURE. მიღწეულს არ დასჯერდა და ბრილიანტისა და საფირონისგან პირველი საიუველირო კოლექციაც შექმნა ვასილი კონოვალენკოს კომპანიასთან ერთად, რომელიც ნიუ-იორკში მოღვაწეობს.

როცა იგი რუსეთში საბოლოოდ აღიარეს, მასზე მოთხოვნაც გაიზარდა.

ამავე წლებში ხშირად იწვევდნენ თეატრალური წარმოდგენებისთვის კოსტიუმების შესაქმნელად. მისი შეკერილია რუსულ სცენებზე განსახიერებული სპექტაკლების - ”ვაი ჭკუისაგან”, ”პატარა პრინცი”, ”მშვიდობით, მარლენ, გამარჯობა”, ”დემონი”, ”მადამ ლიონელი” და სხვა - გმირთა კოსტიუმები.

2005 წელს, როგორც პროფესიონალ მოდელიერს, პატივი ერგო, მოსკოვის დიდი თეატრის სცენა გაეფორმებინა და საბალეტო დასისთვის კოსტიუმები შეეკერა.

ერთი სიტყვით, იგორი წინ და წინ მიიწევდა. დაუზარელმა და შრომისმოყვარე დიზაინერმა კიდევ უფრო გააფართოვა თავისი საქმიანობა და 2003 წელს ახალი ხაზის მარკა გამოუშვა CHAPURIN CASA, რაც გულისხმობდა ავეჯის, პარკეტის, განათებისა და ინტერიერის დიზაინის შექმნას.

გარდა ამისა, მისი მოდის სახლი საბავშვო და სათხილამურო კოლექციასაც ქმნის - CHAPURIN CHILD და CHAPURING.

2006 წელს კომპანია CHAPURIN-ის ოფიციალური შტაბბინა გაიხსნა, სადაც სათავო ოფისის გარდა, განთავსებულია საკონსტრუქტორო და საწარმოო საამქროები, ინტერიერის დიზაინის ბიურო, სამი შოურუმი და ბუტიკი.

ჩაპურინის ლოგოტიპი ერთობ საინტერესოა - გრძელფეხება ჩიტი.

თავად დიზაინერი მის შექმნას ასე ხსნის: ”როგორც გაირკვა, ჩვენს გვარს სხვა წარმომავლობაც ჰქონია, ერთი ასოს განსხვავებით, ანუ ჩეპურინი. გავიგე, რომ ვლადიმირის მხარეში მდებარეობს ქალაქი სურომნა, სადაც ამ გვარის ხალხი ცხოვრობს.

შემდეგ დიდხანს ვიქექე ლექსიკონში და აღმოვაჩინე, რომ სიტყვა ”ჩეპურ” გრძელ ფეხებზე შემდგარ ჩიტს ნიშნავს. იმდენად მომეწონა ეს მიგნება, რომ გადავწყვიტე, მომავალში გრძელფეხება ჩიტი ჩემს სამარკო ნიშნად ვაქციო.

მას თქვენ იხილავთ ჩემს აქსესუარებზე, სამოსზე, ბიჟუტერიასა და სხვა ნებისმიერ პროდუქციაზე”.

”დიზაინერი არ უნდა განუდგეს სამყაროს, - ამბობს იგორი, - ის ითვისებს მსოფლიოს, ალღოს უღებს ცხოვრებას, ემატება ასაკი, აფართოებს ნაცნობების წრეს, უჩნდება ახალი შთაბეჭდილებები და ეს ყველაფერი ასახვას ახალ კოლექციებში პოვებს.

მთავარი ამ დროს ის არის, შემოქმედს, ანუ დიზაინერს არ დაუკარგონ ინტერესი, ახლის შექმნის ეს წყურვილი და იგი იმედს არასდროს არავის გაუცრუებს”.

ჟურნალი ”ბომონდი”
ქრისტინე შავლაყაძე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93