ბებია რუთი ჯადოსნური ზღაპრიდან რეალურ სამყაროში გადმოსულ გმირს ჰგავს: მხიარული, ენერგიული, სახეზე მუდამ კეთილი ღიმილითა და ფანტასმაგორიულად შემოსილი. გრძელ, გაშლილ თმას ატარებს და.... დასაწებებელ წამწამებს საყვარლად ახამხამებს. კიდევ ბაცი წითელი პომადით ბაგეზე ”ბაბთას” იხატავს, ბაგეს კი ღიმილი უპობს.
- ტოოოოოოომ.
- აქ ვარ, ბებია.
- წავიდეთ ქსოვილების მაღაზიაში?
- წავიდეთ.
ბებია-შვილიშვილი სან-ტაფეს ხმაურიან ქუჩას მიუყვებიან. გამვლელები თვალს აყოლებენ ბებიას. ტომი ამაყობს მისით.
- ინდივიდუალიზმი, ჩემო ბიჭუნა და მეტი არაფერი.
- ვიცი, ბებია.
- ჩემი ჭკვიანი.
და ამ ექსტრავაგანტურ ქალბატონს წარმოიდგინეთ, რომ ძალიან ჩვეულებრივი შვილი ჰყავს. ჰარი, ტომის მამა უძრავი ქონების აგენტია, მისი ცოლიც. მამას დაემსგავსა ჰარი. მისი შვილი ტომი - ბებიას.
- ხატვის წრეზე შევალ, რა.
- შედი, - კვერს უკრავენ მშობლები ტომს.
- ოღონდ ქუჩას გაერიდოს და... - ეს მუდამ საქმიანი დედაა.
- მე მგავს. - ამაყობს ბებო.
- კარგი ერთი, - ყველა იცინის.
არადა, რა არის ამაში დასამალი, ტომი მართლაც ბებიას ჰგავს. ძალიან ექსტრავაგანტურია და ქუჩის კუთხე-კუნჭულებში მიმალულ თანატოლებს, რომლებიც მამების პორტსიგარიდან მოპარულ თამბაქოს ფოთლებს ღეჭავენ, ამრეზით უყურებს.
- ბებო, ვინ გამოხვალ, როდესაც გაიზრდები?
ჯერ თქვა, არქიტექტორიო, მერე მხატვარიო, საბოლოოდ კი ტანსაცმლის დიზაინში პოვა საკუთარი თავი.
ნიუ-იორკი დიდი მეგაპოლისია ახალგაზრდა სან-ტაფელი ბიჭისთვის, მაგრამ არა ისეთი ექსტრავაგანტურისთვის, როგორიც ტომ ფორდია. ისე დააბიჯებს მანჰეტენზე, თითქოს აქ აედგას ფეხი. დღისით ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ისმენს არქიტექტურის ლექციებს, საღამოობით კი, ”წვეულებებზე” დადის.
ერთ საღამოს ენდი უორჰოლის წვეულებაზე მოხვდება და მერე სულ უორჰოლის ახლოს იტრიალებს. საოცრად იზიდავს პოპკულტურით გაჯერებული, გლამურული ჰაერი - კოქტეილები, უცნაური მუსიკა, რომელიც დროს უსწრებს და... მისნაირი ექსტრავაგანტური საზოგადოება.
- სიმპათიური ხარ.
- შენ ასე ფიქრობ? გმადლობ.
- წადი L.A-ში. შენნაირ ბიჭებზე ნადირობენ. იცი, რა პოპულარული გახდები?
- ვიფიქრებ ამაზე, - პასუხობს ტომი და ფსიქოდელისტურ მუსიკის ჰანგებს ინსტინქტური მოძრაობებით ჰყვება.
ერთ კვირაში L.A-შია.
იქაც უმალ პოულობს მეგობრებს და წვეულებას არ აკლდება. ერთ თვეში უკვე რეკლამებში იღებენ. ახლა იმდენი ფული აქვს, რომ L.A.-ის თეთრეულში დაძინების უფლება მისცეს საკუთარ თავს და გლამურული სიზმრები ნახოს.
ერთ დღეს ტომი საოცარ სიზმარს ნახავს: დიდ დარბაზში თავი უამრავ ნახევრად შიშველ ქალს მოუყრია. ტომი შუაში დგას და ლამაზმანებს გასაოცარი კაბებით მოსავს.
- ტომ, ვერ ვიკრავ.
- ტომ, მე მგონი, ეს ქვედაბოლო ჩემი ზომა არაა.
- ტომ, ტომ, ტოოოოოოოოოოოოოოომ. - ბაგეზე ყველას მისი სახელი აკერია.
სამყარო მის ირგვლივ ბრუნავს.
- რა სასიამოვნო სიზმარი იყო? არა, არ უნდა ტომს გამოფხიზლება და მოსაბეზრებელი გადაღებები. კმარა. ხვალვე მივდივარ პარიზში, რომ ტანსაცმლის დიზაინს დავეუფლო.
ბავშვობაში ხომ რაღაცებს ვკერავდით მე და ბებია რუთი. თავიდან რომელიმე დიზაინერს დავუდგები შეგირდად. ვისწავლი ყველაფერს და მერე კი... Apparel by Tom Ford, accesoories by Tom Ford, Fragrance by Tom Ford... იმოქმედე, ტომ, თორემ ოცნებით შორს ვერ წახვალ. არა, მაინც რა კარგ სიზმრებს ნახავ ”სახელობით თეთრეულში”.
- შეგირდი არ გინდათ?
- არა.
- შეგირდად არ ამიყვანთ?
- არა.
- შეგირდად ამიყვანეთ, დავალაგებ, გამოვჭრი.......
- არა-მეთქიიიიიიიიიიიიი.
- სამუშაოს ვეძებ.
- რა შეგიძლია?
- ცოტა კერვა, ცოტაც ხატვა. ყველაფერს გავაკეთებ, მართლა, მართლა.
- აბა, შემოდი.
როგორც იქნა, შეუშვეს. მერე ხელში ფანქარი და ფურცელი დააკავეს, წინ ცოცხალი, აწოწილი და ჭორფლებიანი მანეკენი დაუყენეს და 5 წუთში მისთვის სამოსის მოფიქრება დაავალეს. ვაი, რა ქნას ახლა? სიჩუმე, დუმილი, ნერვიულობით აკანკალებული ხელი და... მე მგავს.
კარგი ერთი... მეხსიერებაში ბავშვობის წლები, სან-ტაფე და ბებია ამოუტივტივდა თავისი საოცარი კაბებითა და შლაპით. ესკიზი 7 წუთში მზად იყო. მოეწონათ, დატოვეს. კატი ჰარდვიკი ერქვა იმ გულისხმიერ ადამიანს, ვინც შანსი მისცა და მისგან ”კუტიურიე” გამოძერწა.
გავიდა წლები. ტომი ისევ მიადგა ცნობილი მოდის სახლებს, ახლა უკვე შთამბეჭდავი პორტფოლიოთი ხელდამშვენებული. სანამდე უნდა ეტკეპნა ჰარდვიკის სახელოსნოს იატაკი?
- ამიყვანეთ რა, ხომ ამიყვანთ?
ვერსაჩე:
- არა.
ფენდი:
- არა.
ჯორჯო არმანი:
- არაააააა.
- რატომ, იმიტომ, რომ თქვენზე მაგარი ვარ? შეგეშინდათ?
- ვინ არის ეს გიჟი? ჩამოსწიეთ ჟალუზები. დონატელას არ უყვარს ხმაური და უკულტურო ხალხი.
დაბოლოს:
- ეჰ, შემობრძანდი.
გაკოტრებულ, გაღატაკებულ GUCCI-ში კარი ფართოდ გაუღეს. რა იცი, იქნებ რამე გამოუვიდესო. გამოუვიდა, თან როგორ. ძააააააააააააალიან პოპულარული გახდა. დიდი არაფერი გაუკეთებია. ერთ დროს ძლევამოსილი მოდის სახლის საკულტო პროდუქტებს გადახედა, გადმოხედა და... მათ მოდერნიზებას შეუდგა.
2004 წელს LVMH კონცერნმა, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, რომლის მფლობელობაში GUCCI ჯგუფიც შედის, ივ სენ ლორანის მოდის სახლი შეიძინა და მის კრეატიულ დირექტორად... ტომი დანიშნა.
2005 -ში კი... ტომმა ყველასგან მოულოდნელად გუჩი მიატოვა და საკუთარი ბრენდი შექმნა. ახლა ტომი მსოფლიოს 21 მაღაზიას ფლობს, ძალიან პოპულარულია და გლამურული კლიენტები ჰყავს. გარს ასობით უმშვენიერესი მოდელი ახვევია. თვითონაც ისეთი სიმპათიურია, კინოვარსკვლავი გეგონებათ.
- ტყუილად მეპრანჭებიან, მე გეი ვარ.
- ???
- ჰო, რა მოხდა მერე. გგონია, არ იციან? მაინც ცდილობენ ჩემს ცდუნებას.
- კი მაგრამ.....
- იმიტომ, რომ მე უნიკუმი ვარ. უნიკუმებს სქესი არ გააჩნიათ, ისევე, როგორც ხელოვნებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მასაც, ჩემი არ იყოს, თაყვანისმცემლები არ აკლია.
ჟურნალი ”ბომონდი”
ქეთი ნიკოლავა