სინდი კროუფორდის ათი წლის ქალიშვილი კაია დედის ასლია. მიუხედავად ნორჩი ასაკისა, გოგონას ნამდვილი მოდელის გარეგნობა და სხეული აქვს და უკვე მიიღო კიდეც მონაწილეობა "ვერსაჩეს"სარეკლამო კამპანიაში.
ტოპმოდელი, რასაკვირველია, ამაყობს ქალიშვილით, თუმცა აღიარებს, რომ ცოტათი შურს კიდეც მისი.
"მე ნორმალური ქალი ვარ, კარგი დღეებიც მაქვს და ცუდიც, - ასე უპასუხა სინდიმ შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა ასაკის გავლენას, - ვუყურებ ჩემს ქალიშვილს და ვფიქრობ: მას ისეთივე კანი აქვს, როგორიც მე მქონდა ადრე და მინდა, უკან დავიბრუნო ის კანი.
ისეთივე ფეხები და თმა აქვს. მოკლედ, კიარა დღითიდღე ლამაზდება და ეს მართლა კარგია. ვფიქრობ, როდესაც ცხოვრებაში ბედნიერი ხარ, კონკურენციასაც ადვილად იღებ".
მართლაც, გოგონა ძალიან ჰგავს დედას ახალგაზრდობაში. ისეთივე მშვენიერი წაბლისფერი გრძელი თმა აქვს, მაღალი ფეხები, მშვენიერი სხეული და რაც მთავარია - შთამბეჭდავი სახე. გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ სამოდელო ბიზნესში და დედამისიც პირობას დებს, რომ ყველანაირად ამოუდგება მას მხარში.
სინდის "ვერსაჩესთვის"გადაღებული თავისი ქალიშვილის ფოტოებიც ძალიან მოსწონებია.
"ვფიქრობ, კარგი ფოტოსესია იყო. კაია ბუნებრივად გამოიყურებოდა, მაკიაჟიც არ ჰქონია. მოგვიანებით, შინისკენ რომ მივდიოდით, მანქანაში გამომიტყდა, რომ საკმაოდ გაუჭირდა მუშაობა", - იხსენებს სინდი.
თვითონ სინდი კროუფორდი სამოდელო ბიზნესში 16 წლის ასაკში აღმოჩნდა, ერთ წელიწადში კი სააგენტო "ელიტისთვის"დაიწყო მუშაობა. მოდელი ისეთი მოთხოვნადი გახდა, რომ დღეში 10 ათას დოლარზე ნაკლებ ჰონორარს არც კი თანხმდებოდა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)