დიზაინერები

სერ პოლ სმიტი ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი

სერ პოლ სმიტი ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენი
ბრიტანეთში ხშირად წვიმს...
ქუჩებში სველი ქოლგები დაშრიალებენ და მათ მიღმა ლამაზი ქალბატონები იმალებიან.
ქოლგა ინგლისელ ჯენტლმენებსაც უჭირავთ. ისინიც ხომ არ უნდა დასველდნენ?!
წვიმს. ქუჩებში დახვეწილი ქოლგები დაშრიალებენ.

თხუთმეტი წლის პოლი ველოსიპედისტობაზე ოცნებობდა. უნდოდა, ცნობილი სპორტსმენი გამხდარიყო და თამამი ილეთები ეკეთებინა.

- მიყიდე ველოსიპედი, მამა, - ეს იყო მისი ყველაზე დიდი თხოვნა.

- არა! მოეშვი ამ ახირებას! – პასუხობდა მამა.

- მე მაგარი სპორტსმენი ვიქნები და ცნობილი ადამიანი გავხდები, – არ ნებდებოდა პოლი.

- გახდები... მეც ასე
მგონია... - ამ საკითხში მამაც ეთანხმებოდა.
ბოლოს ბიჭმა თავისი გაიტანა და სანუკვარი ველოსიპედი იყიდა. სამაგიეროდ, მამის თხოვნით ტანსაცმლის ერთ-ერთ სახლში დაიწყო მუშაობა.

ეს საქმე პოლს არ აინტერესებდა. თავისუფალ დროს ველოსიპედს დააქროლებდა და ორი წელი თავდაუზოგავად ვარჯიშობდა რთული ილეთების შესასრულებლად.

- პოოოლ, ნუ მიქრი ასე ჩქარა! - დაუძახა მეორე ველოსიპედზე მჯდარმა იანმა.

პოლს არ გაუგია. უკვე შორს იყო. წამიც და... ველოსიპედი ამოყირავდა. ბიჭი გონწასული დაენარცხა ასფალტს.
იანი რომ არა, ვინ იცის, რამდენ ხანს ეგდებოდა გზაზე, ჰორტენზიის აყვავებულ ბუჩქთან...

ეს საშინელი ავარია იყო, რომელმაც სრულიად შეცვალა პოლ სმიტის ცხოვრება.

- სხვის უბედურებაზე ბედნიერებას ვერ ააგებ, მაგრამ შეიძლება ის საკუთარ მარცხზე ააგო, - ამბობდა წლების მერე, - საავადმყოფოში გატარებულმა თვეებმა და უძილო ღამეებმა ბევრი რამ მასწავლა. სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მივხვდი, რა ძვირფასია სიცოცხლე.

მივხვდი, რომ არ მიღირდა, ის ნებისმიერი გატაცებისთვის შემეწირა. ამქვეყნად ხომ იმდენი რამ არის საინტერესო, რაც ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის.

ვიცი, ჩემი სიტყვები ბანალურად ჟღერს. სამაგიეროდ, ეს სიმართლეა.

არასოდეს დამავიწყდება ის რამდენიმე წამი, როცა ჰაერში მივფრინავდი, სანამ მიწაზე დავეცემოდი.
"თვალწინ ჩავლილი კადრები" არ მინახავს, უბრალოდ, ძალიან დამენანა სიცოცხლე.

ამ ავარიამ პოლის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
საავადმყოფოში ნახევარი წელი იწვა და თეთრ კედლებს უყურებდა. ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დროს გაეღვიძა ფანტაზია.


ან, იქნებ, ეს ახალი სამეგობრო წრის "ბრალიც" იყო - ხელოვნების მოყვარულმა ახალგაზრდებმა პოლს ახალი არტ-კაფე, ხელოვნების სიყვარული და საკუთარი მოწოდება აპოვნინეს.

ფაქტი ერთია – სმიტის მემკვიდრე დიზაინით დაინტერესდა.

- წლების განმავლობაში მეგონა, რომ სპორტზე მეტად არაფერი მაინტერესებდა. იმ თვეებში მივხვდი, რომ მინდოდა ჩემი ცხოვრება დიზაინის, ამ ფერადი სამყაროს ნაწილი გამხდარიყო, სამყაროსი, რომელიც სავსეა იდეებით, შემოქმედებითი სისავსით და განუწყვეტელი აღფრთოვანებით - იხსენებდა მოდელიერი.

ხანდახან ხომ ხდება ასე – ბაც! და ხვდები, რომ ეს ის არის, რასაც ეძებდი.

ეძებდი, ოღონდ ვერ ხვდებოდი, რომ გაკლდა.

ვიღაცას სურს ბალერინა იყოს, ვიღაცას არქიტექტორობა უნდა, ვიღაც - მხატვრობაზე ოცნებობს.
თუმცა, მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის.

პოლს ერთდროულად აღმოაჩნდა დიზაინერობის ნიჭიც და სურვილიც. როგორი ერთგული სპორტსმენიც იყო, ისე ერთგულად დაიწყო მოდის სამყაროში ტრიალი.

განუწყვეტლივ სწავლობდა, იხვეწებოდა, იზრდებოდა, ეცნობოდა სიახლეებს, ყველას და ყველაფერს, კერავდა და ხატავდა და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდიოდა.

- ვღელავ. ვღელავ. მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, – პრესკონფერენცია ამ ორი ფრაზით ამოიწურა. პოლს მეტი არაფერი უთქვამს, სანამ მისი პირველი მაღაზიის წითელი ლენტი არ გაიჭრა.

ლენტი თეთრ კაბაში გამოწყობილმა, შავშარფიანმა პატარა გოგონამ და შავკოსტიუმიანმა, თეთრბაფთიანმა პატარა ბიჭმა გაჭრეს.

საზეიმო გახსნას პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.

ეს იყო 1970 წელს, პოლის მშობლიურ ქალაქ ნოტინგემშაირში. ქალაქში, სადაც დიზაინერს ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა.

- ჟურნალისტები ხშირად მეკითხებიან, რომელია ჩემი საყვარელი ციფრი. აქამდე ეს შვიდი იყო, ახლა ალბათ, ას რვა გახდება. როგორ ვუთხრა ამხელა რიცხვი ჟურნალისტებს?! - ხუმრობდა პოლი.

1987 წელს მან მორიგი მაღაზია გახსნა ნიუ-იორკში, ასმერვე ავენიუზე. მოდელიერი ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდა ბუტიკებს, ლონდონში, პარიზში, მილანსა და ტოკიოში.

ბევრი დიზაინერისგან განსხვავებით, სახელი მამაკაცის ტანსაცმლის შექმნით გაითქვა. ამასთან, ის ქალის სამოსს, ძვირფას სუნამოებს დახვეწილი დიზაინით და ორიგინალურ აქსესუარებსაც აწარმოებს.

ათეული წლებია, პოლი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო დიზაინერია. მისი მარკა მაღალი გემოვნების ნიშანია, თუმცა ყოველდღიური ტანსაცმლის ხაზიც აქვს.

და, რა თქმა უნდა, სპორტი.

აი, როგორ შეიძლება ერთმანეთს ორი საყვარელი საქმე გადაეჯაჭვოს - პოლმა ველოსიპედისტებისთვის საგანგებო კოლექცია შექმნა. 2009 წელს კი თვით "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაცმულობაზე იზრუნა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ზეიმი დიზაინერისთვის ერთი მზიანი დღე იყო. ცხრა წლის წინ ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ მას სერის წოდება მიანიჭა.

"ინგლისურ მოდას მუდამ ღირსეული ადგილი ეჭირა მსოფლიო მოდის სამყაროში. სერ პოლ სმიტმა მას ეს ადგილი გაუმყარა", - ასე განაცხადეს დედოფლის პრესცენტრში.

სერ პოლი ნამდვილი ინგლისელი ჯენტლმენია, მოგრძო ჭაღარა თმით და ციმციმა თვალებით.
წვიმაში სეირნობა უყვარს და ფარფატა სველ ქოლგებს შეფარებული ინგლისელი ქალბატონები.
სამოცდასამი წლისაა.

ბავშვობის ოცნება რა ხანია აუხდა - ცნობილი ადამიანი გახდა იდეებით, აღფრთოვანებითა და სილამაზით სავსე სამყაროში.

ჟურნალი "ბომონდი"
თამუნა თოდუა

ბეჭდვა
e87a93