მოდის რევოლუციონერი დღის განმავლობაში მოლოცვებს იღებდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ცნობილი ვარსკვლავებისგან.
„მარაომ“ გადაწყვიტა, შეაჯამოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერის 38 წლის იუბილე.
„ჩემო ძვირფასო, საყვარელო დემნა – დაბადების დღეს გილოცავ!" – დაუწერა რუსმა რეჟისორმა, მსახიობმა და სცენარისტმა რენატა ლიტვინოვამ, რომელიც დიდი ხანია იცნობს და მეგობრობს დიზაინერთან. იგი რეგულარულად სტუმრობს დემნას ახალი კოლექციის ჩვენებებს. ამასთანავე, რენატას მიერ გადაღებულ ფილმში „ჩრდილოეთის ქარი“ კოსტიუმების დიზაინერი სწორედ დემნა გვასალიაა.
დემნა გვასალია მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი 2015 წელს გახდა. ის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭომ (CFDA) პრემია „მოდის ოსკარით" დააჯილდოვა.
"სტუმრებს ეგონათ, რომ "ბალენსიაგაში" პირველი ჩვენების შემდეგ დემნა კულისებიდან გამოვიდოდა, მაგრამ დემნა ჩვენების ფინალში არასდროს გამოდის. დასრულდა ჩვენება, ხალხი დემნას გამოსვლას ელის, რომ ტაში დაუკრას. ამ დროს დემნა კულისებში გაშეშებული უყურებს ეკრანს და ელოდება ხალხის რეაქციას. სტუმრები ტაშს არ უკრავენ (იცინის), დემნას გამოსვლას ელიან. დემნა შიგნით გაშეშებულია და იმეორებს: "ღმერთო, ტაშს არ უკრავენ, არ მოეწონათ! არ მოეწონათ!" სტუმრები მიხვდნენ, რომ დემნა გასვლას არ აპირებდა და რამდენიმე წამის შემდეგ ტაში დაუკრეს, მაგრამ ის რამდენიმე წამი ძალიან ინერვიულა, გაყინული იდგა", - სტილისტი ლოტა ვოლკოვა.
„წვეულებებზე ყოველთვის დაცვის მაისურით და ჩექმებით დავდიოდი. ლიცენზია არ სჭირდება და ადვილი შესაკერია. ყველგან ურიგოდ შევდიოდი და ფულს არსად ვიხდიდი“, - განაცხადა დიზაინერმა ერთ-ერთ ინტერვიუში.
„იაპონელი ასისტენტი დამინიშნეს, როცა პარიზში პირველად გადმოვედი. ჩემმა იაპონელმა ასისტენტმა მხოლოდ 2 ენა იცოდა: იაპონური და ფრანგული. მე ფრანგული არ ვიცოდი, ის ინგლისურად ვერ საუბრობდა და მხოლოდ ფრანგულად მელაპარაკებოდა. სწავლა გამიჭირდა, მაგრამ ნახევარ წელიწადში ფრანგულად საუბარი დავიწყე. სადაც დავილაპარაკებდი, ფრანგები მეუბნებოდნენ, რომ ძალიან უცნაური აქცენტი მქონდა. ეს იმიტომ, რომ ფრანგულად ვსაუბრობდი იაპონური აქცენტით“.
„დიდი ზომის სამოსი ჩემი ისტორიის ნაწილია. ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ყოველ სეზონზე ახალი ტანსაცმელი მქონოდა. ამიტომ ყოველთვის ცოტა დიდს მყიდულობდნენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მცმოდა, შიგნით გავზრდილიყავი. ჩემი ბიძაშვილების გამონაცვალი ტანსაცმელი მეცვა, რომელიც ყოველთვის დიდი მქონდა, რადგან ასაკით ჩემზე უფროსები იყვნენ. ვფიქრობ, ამან განაპირობა ის, რომ ჩემი სტილი დიდი ზომის სამოსთან არის დაკავშირებული“.
„მინდოდა მხატვარი ვყოფილიყავი, მაგრამ სახლში დამიწყეს, მხატვრობა რა პროფესიაა? ფული როგორ უნდა იშოვო? მაშინ ბიჭისთვის საქართველოში მოდაში იყო საერთაშორისო ეკონომიკა. ამიტომ მანდ ჩავაბარე და კარგადაც ვისწავლე. ვიფიქრე, მაგისტრატურასაც ვისწავლი, მაგისტრიანი ეკონომისტი ვიქნები და ბანკში ვიმუშავებ“.
„ჩემს კოლექციებთან შედარებით ყოველდღიურად უბრალოდ მაცვია, მაგრამ ზოგჯერ ექსპერიმენტებიც საჭიროა. ერთხელ თბილისში გავრისკე და ექსპერიმენტულად ჩავიცვი. ტაქსიმ არ გამიჩერა“.
„მარაო“ უერთდება მილოცვებს და რა თქმა უნდა, „მოდის რევოლუციონერისგან“ ახალი კოლექციის მოლოდინში ვართ.