თბილისის მოდის კვირეულის დასრულებამდე ერთი დღე დარჩა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ფავორიტი დიზაინერების კოლექციებზე უკვე აქტიურად საუბრობენ მოდის სამყაროს მიმდევრები, რომელიც „Mercedes Benz Fashion Week“-ის შემოდგომა-ზამთარი 2019 წლის კოლექციებში იყო წარმოდგენილი.
წელსაც, გასული სეზონის ჩვენებების მსგავსად, ფავორიტების რიგებში ალექსანდრე ახალკაციშვილის კოლექცია მოხვდა. ახალგაზრდა დიზაინერის ჩვენებიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ჭაობისფერს, პასტელურ ცისფერს, სპილოსძვლისფერს, ყავისფერს, სტაფილოსფერსა და რა თქმა უნდა, შავ ფერებს.
Matériel-სთვის ალექსანდრე ახალკაციშვილის მიერ შექმნილ ახალ კოლექციას ოქროსფერი ძაფებით გაწყობილი გრძელი კაბები გამოარჩევს. წელში გამოკვეთილი კაბები საქმიან ქალბატონებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ძალიან გამოადგებათ.
დიზაინერმა ყურადღება გაამახვილა მოკლე კარდიგანებზეც, რომელიც ნებისმიერ ყოველდღიურ ლუქს უფრო საქმიან იერს მიანიჭებს. ალექსანდრემ, როგორც ჩანს, არც წელს თქვა უარი ტყავის ნაჭრებზე და კოლექციის ჩვენებისას წარმოადგინა მანტოსა და მოკლე კომბინეზონის სახით, თუმცა არ დაგვავიწყდეს ოქროსფერი დეტალები, რომლებიც დიზაინერმა წარმოდგენილ ლუქებში საკმაოდ დიდი რაოდენობით გამოიყენა.
ჩვენ კი, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ შემოდგომა-ზამთარი 2019-ისთვის შემდეგ ფავორიტ დიზაინერს, კოლექციას და მოდის ტენდენციას.