პირველი ეტაპი, მეორე ეტაპი, საბრძოლო მოქმედებები, იერიში, საკონტროლო დარტყმა, გასწრება, მეხუთე ეტაპი...
არა, ეს, ალბათ, ცეკვაა.
პირველი ნაბიჯი, ბზრიალი, ერთი-ორი-სამი-ოთხი, ერთი-ორი-ერთი-ორი, ბზრიალი...
ან სულაც ღამის კლუბია, სადაც მანათობელი ბურთულები თვალებს გჭრის, მუსიკა ბოლო ხმაზე "დაგადუგობს", ორიგინალური იდეები მოგდის და შენთან ერთად ტრიალებენ მწყობრ რიტმში.
ეს ორი ადამიანის ცხოვრებაა.
ისინი ატარებენ ერთნაირ ტანსაცმელს, ლაპარაკისას ერთმანეთის წინადადებებს ამთავრებენ და ერთნაირად აოცებენ მაყურებლებს თავიანთი ახალი კოლექციებით.
მიესალმეთ!
თქვენ წინაშეა ორი ნიჭიერი დიზაინერი- ვიქტორი და როლფი.
ერთი შეხედვით, ზოგს ისინი ძმები ჰგონია, თუმცა სინამდვილეში, მათ სხვადასხვა გვარი აქვთ: ვიქტორ ჰორსტინგი და როლფ სნოერენი. საერთო აქვთ დაბადების თარიღი- 1969 წელი.
ეს იყო ერთ მზიან დილას.
ვიქტორ ჰორსტინგი არნჰემის ხელოვნების აკადემიის კიბეზე ჩამოდიოდა, როგორც სჩვევია- ოდნავ დაუდევრად. ხელში დიდი სახატავი ფორმატი ეჭირა და ცდილობდა ფრთხილად ეტარებინა, თან რომელიღაც ფილმის მელოდიას უსტვენდა. უცებ, გვერდით ვიღაცამ ჩაუშლიგინა და ახალგაზრდა ხელოვანი კედელს მიაჯახა. ფორმატის ერთი კიდე დაიჭმუჭნა.
- ეი, შენ!- გაბრაზებით მიაძახა ვიქტორმა უცნობს, რომელიც არც შეჩერებულა. ჰორსტინგი გაბრაზდა, მაგრამ ჩხუბი დაეზარა და არ გამოჰკიდებია. მეორე დღეს მან თავხედი სტუდენტი თავის აუდიტორიაში დაინახა.
გაბრაზებული ვიქტორი მიუახლოვდა თანაჯგუფელს, მაგრამ მოულოდნელად ეცნო მელოდია- ამჯერად მას როლფი უსტვენდა.
როლფ სნოერენი- სწორედ ასე ერქვა უცნობს და ვიქტორმა ამჯერადაც გადაიფიქრა აყალმაყალის ატეხვა. იქნებ, ღირს დაელაპარაკო ადამიანს, რომელმაც ზეპირად იცის ამ შესანიშნავი ფილმის საუნდტრეკი?!
ასე აღმოჩნდნენ მომავალი დიზაინერები გვერდიგვერდ- ჯერ აუდიტორიაში, შემდეგ პოდიუმის ლაბირინთებში.
ლაბირინთის პირველმა ეტაპმა ისინი პარიზში წაიყვანა. მანათობელი ბურთულა პირველად ცნობილი დიზაინერის- მარტინ მარგილას სამოდელო სახლში აბრჭყვიალდა.
- მე მომწონს თქვენი ნამუშევრები,- უთხრა მათ მთავარმა დიზაინერმა, მაგიდაზე გაფენილ ქაღალდებს თვალი მოაცილა და თავი ასწია,- მაგრამ, კარგად დაფიქრდით, ერთად გირჩევნიათ მუშაობა? ჯერ ცალ-ცალკე ხომ არ გეცადათ?
- არა, დარწმუნებული ვარ, რომ...- დაიწყო როლფმა.
- სჯობს ერთად ვიმუშაოთ,- დაამთავრა ვიქტორმა.
- კარგი. მოვილაპარაკეთ. ხვალვე დავიწყოთ.
ჰოდა, დაიწყეს!
ისე დაიწყეს, რომ 1993 წელს, ოცდაოთხი წლის ბიჭებმა უკვე ფესტივალ დ"ჰირესის პრიზი მოიპოვეს.
ფანტასტიკური და კონცეპტუალური დიზაინი- ასე უწოდებენ მათ ნამუშევრებს და სწორედ ამით არიან ისინი ცნობილი. "გვერდმრუდი, ასიმეტრიული კაბები და ბლუზები, ბუდის ფორმის საყელოებით (ათი ნაკეცი ერთად!). ეს ექსტრემალური იდეების და მაღალი, გლამურული მოდის ნაზავია",- წერენ მათზე.
დიდი ზომის ვარდისფერ ბაფთაში გახვეული ქალი- ასეთია ვიქტორის და როლფის ხელწერის თვალსაჩინო ნიმუში. ეს მშვენება მათ ერთ-ერთ ჩვენებაზე, სახელწოდებით, "ყვავილის ბომბი" წარმოადგინეს.
თერთმეტი წლის წინ, დიზაინერებმა პარიზის მოდის კვირეულის პარალელურად, ანდერგრაუნდში დახურული ჩვენება მოაწყვეს- ჟურნალისტების გასაოცებლად.
- ვიცოდი, რომ ეს გაამართლებდა,- აცხადებდა ვიქტორი ინტერვიუებში.
ასეც მოხდა.
მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მათ კოლექციებს მყარად გასდევდა ეს სტილი- მზა, ყოველდღიური ტანსაცმელი.
"დიზაინი- ეს ჩვენი შხამსაწინააღმდეგო ვაქცინაა ყოველდღიურობისთვის",- ამბობს როლფი.
კიდევ ერთი მზიანი დღე, უამრავი სტუმარი და, რა თქმა უნდა, საფრანგეთი- ექვსი წლის წინ, პარიზის მოდის მუზეუმმა დიზაინერების ნამუშევრების რეტროსპექტივა მოაწყო.
- ეს ძალიან საინტერესო იყო,- ამბობს ფრანგული მოდის ერთ-ერთი მიმომხილველი.- მაყურებელმა ერთბაშად აღიქვა ყველა ცვლილება, რაც ამ ათი წლის განმავლობაში მოხდა. მათ კარგად დაინახეს ისიც, თუ როგორ ვითარდებოდა ეს ორი ადამიანი, რა შეცდომები დაუშვეს და რა შესანიშნავი კოლექციები შექმნეს.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, ისედაც დიდი ხანია, ამ ყველაფერს თვალს ვადევნებდი. როგორ შევაფასებდი?- ორი უცნაური კომეტა, უჩვეულო გაელვებით.
კომეტებმა ისევ გაიელვეს და ზუსტად ორი წლის შემდეგ, რაც ცნობილმა ჟურნალისტმა მათ შესახებ ასეთი სიტყვები თქვა, საკუთარი, სახელობითი ბუტიკი გახსნეს.
ბუტიკი არ იყო პარიზში და არც საფრანგეთის საზღვრებში. არა, ეს არ იყო ღალატი, ეს სწორად გათვლილი სვლა გახლდათ.
- როგორ ფიქრობთ, იქნებ, აქ გავხსნათ პირველი მაღაზია? აქ ხომ უფრო კარგად გიცნობენ,- შესთავაზა მათ პირადმა მენეჯერმა.
- არა! მე დარწმუნებული ვარ, რომ...- დაიწყო ვიქტორმა.
- რომ მილანი საუკეთესო ადგილია ამისთვის,- დაამთავრა როლფმა.
დიახ, სწორედ მილანი! მოდის დედაქალაქი.- ეს იყო მათი არჩევანი.
მაღაზიას ამბიციური და ორიგინალური სახელი ჰქვია- "ოქროს ოთკუთხედი", ანუ Golden Quadrilateral. იტალიურად ის კიდევ უფრო ლამაზად ჟღერს- Quadrilatero d’Oro.
- ალბათ, არ ღირს ამაზე შეჩერება,- გავიფიქრე,- ჰყვება როლფი,- და ვიქტორს შევთავაზე- ხომ არ არის დრო, საკუთარი სუნამო გამოვუშვათ?! რა თქმა უნდა, ისიც ასე ფიქრობდა.
სუნამოს "ყვავილების ბომბი" ჰქვია და მეგობრებმა მისი რეკლამისთვის ცნობილ კოსმეტიკურ კომპანიასთან- "ლორეალთან" დაიწყეს თანამშრომლობა.
მამაკაცების პირველი სუნამო კი, სახელწოდებით "შხამსაწინააღმდეგო" (Antidote), ერთი წლის შემდეგ, უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოუშვეს. "ეს ის სუნამოა, რომელიც ყოველ ადამიანს პოზიტივისკენ უბიძგებს",- აღნიშნავს ვიქტორი.
შემდეგი გაჩერება- შვედეთი და ცნობილ სავაჭრო მარკასთან კონტრაქტი აღმოჩნდა. "კარლ ლაგერფელდი და სტელა მაკარტნი!- ორი შესანიშნავი დიზაინერი! თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ნამუშევრები უფრო საინტერესოა",- ჩვეულებისამებრ, ოდნავ დაუდევრად და თამამად აცხადებდა ვიქტორი.
ამ ორ დიზაინერთან ერთად, მეგობრებს "ეიჩ-ენდ-ემისთვის" (H&M) დაავალეს კოლექციების შექმნა.
ტანსაცმლის შექმნას ისინი ჩვეულ სტილში განაგრძობენ- ავანგარდული ავანგარდი- კლასიკური ფორმების ამოყირავება ისე, რომ ისინი მისაღები იყოს.
კოკო შანელმა კაბის სიგრძე დაამოკლა, მათ კი, პირდაპირი გაგებით- ამოაყირავეს.
- ხანდახან, ვგრძნობ, რა სასიამოვნოა, მოიფიქრო ასეთი რაღაცები და შემდეგ განხორციელებული ნახო. ერთხელ, ისიც ვიფიქრე, კაბა გამხმარი ფოთლებისგან ხომ არ შემეკერა, მაგრამ ეს ცოტა რთული აღმოჩნდა- ისინი იშლებოდნენ. ამ იდეას აუცილებლად დავუბრუნდები. საგანგებო საღებავის დახმარებით ფოთლებს მდგრადობას შევუნარჩუნებ,- ამბობს როლფი.
მანამდე, დიზაინერებმა საკუთარი მოდის სახლი ერთ გამოცდილ ადამიანს, "დიზელის" ჯინსების მფლობელს, რენზო როსოს მიანდეს. როსო აკონტროლებდა რამდენიმე ცნობილი დიზაინერის მოდის სახლს, მათ შორის, ვივიენ ვესტვუდის მთავარ დიზაინერულ ხაზებსაც.
- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოებთ საქმიანობას და უფრო მეტ მაღაზიაში სხვადასხვაგვარ ხაზს წარმოვადგენთ,- ამბობენ დიზაინერები.
შეიძლება, ეს კომპიუტერული თამაშია, სადაც სილამაზის კანონების მიხედვით მოქმედებ.
შეიძლება, პოდიუმია, სადაც სილამაზის კანონების მიხედვით ჩაცმული დადიხარ.
ან, იქნებ, კარადაა, სადაც ყოველდღიურად სხვადასვა სამოსს ჰკიდებ.
ან, უბრალოდ, გზაა. ერთი გზა ორისთვის- დიზაინისა და სილამაზის სამყაროში.
ჟურნალი "ბომონდი"
თამუნა თოდუა