ყველა ქალი ოცნებობს, რომ ქორწილის დღეს უზადოდ გამოიყურებოდეს. ამიტომაც სწრაფი და ეფექტური დიეტა არანაკლებ აღელვებთ პატარძლებს, ვიდრე საქორწინო კაბა.
"საქორწინო კაბების დედოფალმა" ვერა ვონგმა ექსპრეს-დიეტის თავისებური მეთოდი შემოგვთავაზა.
ვერა ვონგი საქორწინო ჩაცმულობის ახალ კატალოგში არა მხოლოდ დიზაინერული ქმნილებების, არამედ მოხდენილი აღნაგობის დემონსტრირებასაც აკეთებს. იმისათვის, რომ ასეთი შედეგისთვის მიეღწია, დიზაინერს მხოლოდ ერთი საათის მონდომება დასჭირდა... სამუშაო ფოტოშოფში.
სხვათა შორის, ამ "დიეტას" უკუჩვენებაც აქვს - მოდელი მხოლოდ წინიდან გახდა მოხდენილი, უკანა ხედით იგივე დარჩა.
იმის შესახებ, როგორი პედანტურობით არჩევენ დიზაინერები მოდელებს, უკვე ბევრი ლეგენდა დადის. მაგალითად, Versace-ს კოლექციის გადაღებებზე H&M-ის კატალოგისთვის დონატელა ვერსაჩემ ორ მოდელს უარი უთხრა მონაწილეობაზე, ჩათვალა რა, რომ მათი გარეგნობა ბრენდის იმიჯს შელახავდა.
ვერა ვონგმა ამ სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი ნახა - ფოტოშოფის საჭირო ფილტრების დახმარებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "მოდელის" გარეგნობა ამ პროგრამის ზემოქმედებით "ფუჭდება".
2009 წელს polo Ralph Lauren-ის გარშემო დიდი სკანდალი ატყდა. ბრენდმა ისე გადააჭარბა ფოტოშოფით, რომ მოდელის, ფილიპ ჰამილტონის (სიმაღლე 179 სმ, წონა 54 კგ) წელი იმაზე წვრილი გამოვიდა, ვიდრე მისი თავი. მაშინ ბრენდმა ბოდიში მოიხადა: "ფოტო შეცდომით დაიდო... ის საერთოდ არ შეესაბამება ჩვენს კრეატიულ სტანდარტებსა და ბრენდის ფასეულობებს".
ფოტოშოფის გამოყენება-არგამოყენების საკითხი სულ უფრო ხშირად დგება დღის წესრიგში. ძირითადად, კომპიუტერული დამუშავებისას მოდური ჟურნალები და ბრენდები "სცოდავენ".
ამ საკითხში უმართლებთ ვარსკვლავებსაც.
მხოლოდ წელს თავისი "გარდასახვით" საზოგადოება გააოცეს "გათეთრებულმა" ბეონსემ, საგრძნობლად გაახალგაზრდავებულმა მონიკა ბელუჩიმ, "გათანგულმა" დებმა კარდაშიანებმა და რადიკალურად შეცვლილმა დემი მურმა (და რეჰაბში გავლილი კურსი აქ საერთოდ არაფერ შუაშია).
არსებობენ სელებრითები, რომლებსაც კატეგორიული დამოკიდებულება აქვთ საკუთარი ფოტოს დამუშავების მიმართ. მაგალითად, ქეით ბლანშეტმა მოითხოვა, რომ ჟურნალ Intelligent Life-ის ყდაზე მისი დაუმუშავებელი ფოტო გაეტანათ. ალბათ, ეს ერთადერთი ყდა იყო ფოტოშოფის გარეშე.
fashion-ინდუსტრიის ბევრმა წარმომადგენელმა ამ ტენდენციის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა. ბრიტანული Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ალექსანდრა შულმანმა წამყვან დიზაინერებს გაუგზავნა წერილი, სადაც მათ იმაში ადანაშაულებდა, რომ ჟურნალებს ზედმეტად გამხდარ მოდელებთან მუშაობას აიძულებდნენ.
სტილისტებს სხვა გამოსავალი არ აქვთ - სააგენტოები ძალიან პატარა ზომის ტანსაცმელს გზავნიან გადაღებებისთვის. თუმცა ალექსანდრამ აქვე აღიარა, რომ მისი გამოცემაც იყენებს ფოტოშოფს: "იმისათვის, რომ ჩვენი მოდელები რეალურ ქალებს დავამსგავსოთ, გვიწევს, "გავუზარდოთ" მოცულობა თეძოსა და მკერდის არეში".
იხილეთ ფოტოგალერეა