ბრენდ Dsquared -ის დამფუძნებლები და მეპატრონეები არიან ტყუპი ძმები - დინი და დენი კეიტენები. მარკის ისტორია დაიწყო 1991 წელს, როდესაც ძმები მშობლიური კანადიდან მილანში ჩავიდნენ. ისინი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დიზაინერები, ოცნებობდნენ ტანსაცმლის საკუთარი კოლექციის შექმნასა და მსოფლიო პოდიუმების დაპყრობაზე.
მამაკაცის პირველი კოლექციის, Dsquared -ის ჩვენების დებიუტი გაიმართა 1994 წელს.
თავის დეფილეებზე ძმები წარმოაჩენენ ექსტრავაგანტურ, სხვებისგან განსხვავებულ სამოსს, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ჩრდილო ამერიკისთვის დამახასიათებელი მასშტაბურობა და დარდიმანდობა, კონტინენტურ დახვეწილობასა და მოკრძალებასთან.
გარდა ამისა, ძმების ყველა მოდელზე იგრძნობა იტალიური გლამურული ექსპრესიის გავლენა.
ცამეტწლიანი თავაუღებელი მუშაობის შემდეგ მოდის სამყარომ აღიარა, რომ მოდური ბრენდი Dsquared -ი შედგა. მან დაიკავა ინდივიდუალური ნიშა და ჰყავს თავისი თაყვანისმცემლები.
ბაზარზე ბრენდის პოპულარიზაციაში დიდი როლი მიუძღვის ფოტოგრაფ სტივენ კლაინს.
Dsquared -ის მიერ შემოთავაზებული სტილი გახლავთ დახვეწილი, ხულიგნური და მგრძნობიარე. მოდელების საგულდაგულოდ დამუშავებული დეტალიზაცია საგრძნობლად განასხვავებს ძმების ნამუშევარს სხვა მოდელიერებისგან.
”ჩვენი სამოსი რეალურია - ამბობს დინი, - ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები იყვნენ ინდივიდუალურები და გამორჩეულები. ჩვენ არა მარტო ვქმნით მოდელებს, რომლის ტარებაც თავად გვსურს, არამედ ხასიათს”.
Dsquared -ის მარკის მოდელების კლიენტები და თაყვანისმცემლები არიან ლენი კრავიცი, ჯასტინ ტიმბერლეიკი, რიკი მარტინი. ძმები ამაყობენ, რომ მათი ერთ-ერთი პირველი კლიენტი იყო მადონა.
მათ შექმნეს კოსტიუმები მადონას ცნობილი სიმღერის კლიპისთვის Dont Tell Me. გარდა ამისა, ისინი მონაწილეობდნენ კოსტიუმების შექმნაში მომღერლის პირველი მსოფლიო ტურნესთვის (2002 წ). მადონამ შთააგონა ძმები, რომ მათ დაემზადებინათ Dsquared -ის ბრენდის ჯინსის პირველი მოდელი.
დღესდღეობით, Dsquared -ის მარკა გახლავთ მამაკაცისა და ქალის მოდური სამოსის ხაზი, აგრეთვე ფეხსაცმელი და მოდური აქსესუარები. Fასჰიონ სპეციალისტები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ Dsquared -ის მარკის აქსესუარები ზუსტად ესადაგება იმ მოდურ ტანსაცმელსა და ხასიათს, რომელსაც კეიტენის მოდელიერები ქმნიან.
ჩრდილოამერიკული სტილისტიკის უჩვეულო შეხამება ევროპული ტრადიციების სამოსთან, დაეხმარა Dsquared -ს მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება.
Dsquared -ის მარკის ტანსაცმელი კარგად იყიდება ინტერნეტითაც, ვინაიდან ინტერნაციონალური სტილისტიკა ადვილად იზიდავს კლიენტებს ინტერნეტის კოსმოპოლიტურ სივრცეში.
ძმები ჩატენ-ები თავის ნამუშევრებში სპეციალურად ”თამაშობენ მიღებული წესების წინააღმდეგ” და ცდილობენ აწარმოონ მხოლოდ ის, რასაც თავად სიამოვნებით ჩაიცვამდნენ. მარკა Dsquared გახლავთ ”უბრალო სამოსი უბრალო ბიჭებისთვის”, - ასე ფიქრობენ ძმები.
აღსანიშნავია, რომ მათი პირველი კოლექცია, სწორედ მამაკაცებისთვის შეიქმნა. რითია გამორჩეული მარკა Dsquared ? დახვეწილი ნამუშევრითა და მაღალხარისხიანი ქსოვილით. ეს ბრენდი - ახალგაზრდებისა და თავისუფლებისმოყვარული ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანებისთვისაა! Dsquared -ის მოდელების სამოსში გამოწყობილი ადამიანები ვესტერნების გმირებს ჰგვანან.
ჟურნალი ”ბომონდი”
მოამზადა ნონა ღამბაშიძემ