ვალენტინო გარავანი 1932 წლის 11 მაისს იტალიაში, ქალაქ ვოგერში, უბრალო კათოლიკეების ოჯახში დაიბადა. მშობლები შვილს იურისტის ან ექიმის პროფესიას ურჩევდნენ, თუმცა არჩევანი თვითონ ვალენტინომ გააკეთა. მან განათლების მიღება მილანის ხელოვნების აკადემიაში გადაწყვიტა, სადაც დიზაინს ეუფლებოდა.
ახალგაზრდულ წლებში ვალენტინო ცეკვითა და თეატრითაც იყო გატაცებული.
ვალენტინოს პირველ წარმატებულ ნაბიჯებში ეხმარებოდნენ: ელიზაბეტ ტეილორი, ჟაკლინ კენედი და პრინცესა მარგარეტი, რომელთაც პირველებმა მიაქციეს ყურადღება დამწყებ, ნიჭიერ დიზაინერს.
ვალენტინოს სამოსში თავს იწონებდნენ: ოდრი ჰეპბერნი, გრეის კელი, შერონ სტოუნი, სოფი ლორენი, ბრუკ შილდსი, ჯესიკა ლანჯი და სხვები. სამეფო ოჯახების წარმომადგენლები- იორდანიის პრინცესა ფირიალი, ბრიტანელი მარგარეტი და ბულგარელი როზარიო- ვალენტინოს სამოსის უცვლელი მომხმარებლები გახლდნენ.
მის კოლექციებში განსაკუთრებით გრძელი კაბები, შავ-თეთრი კომბინაციები და წითელი ფერი. მისი ბუტიკები განთავსებულია არაერთ ისტორიულ შენობაში, ისინი უფრო სასახლეებს მოგვაგონებს.
ქალბატონისა და მამაკაცის პრეტ-ა-პორტეს კოლექციების აღიარების შემდეგ, ვალენტინო 1978 წელს საკუთარ პარფიუმს ქმნის. ის მუშაობს აქსესუარების, ტექსტილის და ავეჯის ხაზითაც.
არის ანტიკვარიატის თაყვანისმცემელი და აგროვებს ყველაფერ ლამაზს. უყვარს კლასიკური მუსიკა, საინტერესო ლიტერატურა და კარგი ფილმების ყურება. ის ყოველთვის მალავს პირადი ცხოვრების დეტალებს.
2008 წელს მან მოდაში მოღვაწეობას თავი დაანება.
ვალენტინოს საყვარელი ფრაზები:
,,წითელი - ფერთა შორის ფერია... ის ყველა ქალბატონს უხდება. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მონათესავე ოცდაათამდე ტონი არსებობს. სიცოცხლე, აღსასრული, ვნება, საუკეთესო მეთოდი სევდის განსაქარვებლად- აი, რა არის წითელი ფერი."
,,ქალბატონს, რომელიც წითელშია გამოწყობილი, ძნელია თვალი მოსწყვიტო".
,,ყველაფერს რასაც წარვადგენ, ოქროს წონა უნდა ჰქონდეს. სტილისტთა უმეტესობა კოლექციების ჩვენებებზე თვალსაჩინოებისთვის ცნობილ ტოპ-მოდელებსა და მსახიობებს იწვევს, რომ მათი დიდების არეალში თავადაც გაუსინჯონ გემო წარმატებას. ვფიქრობ, ეს სარისკო და საეჭვო გადაწყვეტილებაა, ამასთან დაკავშირებით საკუთარი ფილოსოფია მაქვს: მაყურებელმა უნდა შეაფასოს და მოიწონოს სამოსი და არა მისი წარმდგენი."
,,მე არ ვარ ადამიანი, ვინც მეჯლისებსა და წვეულებებზე ერთობა. კლასიკური მუსიკა, საინტერესო ლიტერატურა და კარგი ფილმი- ეს ის არის რასაც სიამოვნებით გავცვლი საჯარო ჭორაობებზე."
,,მონდომება, თავდადება და ესთეტიკის უზომო სიყვარული იყო იმ შემოქმედებითი უნარების მაქსიმალურად გამოვლენის მიზეზი, რაც მოღვაწეობის მანძილზე შევძელი".
ხუთი რჩევა ვალენტინოსგან:
1. დაუთმეთ დრო საკუთარ თავს
,,თქვენ არანაკლებ ძვირფასი ხართ ვიდრე ის, რაც გაცვიათ, ნურასდროს დაგენანებათ დრო საკუთარი თავისთვის, ბოლომდე დაასრულეთ პედიკური და მანიკური. გაიკეთეთ წარბები და დარწმუნდით, რომ იდაყვებსა და მუხლებზე კანი რბილი გაქვთ.
ბუნებრივი მაკიაჟი უკეთ ეხამება ლამაზ კაბას, ვიდრე ცისარტყელას ფერებში მოხატული ფიზიონომია."
2. ზედმეტი გართულებების გარეშე
ჩვენებების დროს მაკიაჟი სხვაგვარად გამოიყურება, ვარცხნილობასაც განსაკუთრებული სტილისტები ქმნიან. ნუ დაიტვირთავთ თავს, უბრალოდ შეკრული ლამაზი თმა ისევე მომხიბვლელს გაგხდით, როგორც ნებისმიერ მოდელს.
3. ნუ ჩაიცვამთ ზედმეტს
მუხლამდე კოქტეილის კაბა მომხიბვლელ ფეხსაცმელსა და ხელჩანთასთან ერთად, მშვენიერი საღამოს ჩაცმულობაა. შავი შარვალი, სადა აბრეშუმის პერანგი, `ბალეტკები~ და მასური საყურე კი თქვენს გარეგნობას შესანიშნავს გახდის ნებისმიერ დროს.
4. ისარგებლეთ კარგი მკერავით
ნაყიდ სამოსს ისე ვერასდროს მოირგებთ, როგორც შეკერილს. ქინძისთავებით აწყობილი, ჯერ კიდევ დაუსრულებელი კაბის გასინჯვის დროს ჩამოჯექით, მსუბუქად დაიხარეთ, ეცადეთ ღრმად ისუნთქოთ. რაც უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს, მით უკეთესად გამოჩნდებით სხვის თვალშიც..
6. ჩაიცვით წითელი
ეს ბედნიერების ფერია, რომელიც ყველას უხდება. წითელს მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავს, მეწამულ ფერი, რომელსაც ერთი წვეთი ნარინჯისფერი ემატება, უხდება ნებისმიერი ტონალობის კანს.
ჟურნალი ”და ქალი”
ინა ნერგაძე