გუშინ პარიზში დემნა გვასალიამ თავისი მეორე couture კოლექცია წარადგინა, რომელიც დიზაინერმა „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორის სტატუსით შექმნა. იმის გარდა, რომ ყველაზე ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობა ჩვენების წინა რიგებში ისხდა, რამდენიმე მათგანმა პოდიუმზეც გაიარა.
ჩვენებას დაესწრნენ „ვოგის“ მთავარი რედაქტორი ანა ვინტური, კრის ჯენერი, ნორს უესტი, ალექსა დემი და ტრეის ელისი. მაყურებლებს შორის იმყოფებოდნენ მოდელი ფაი ხადრა, რეპერი ქარდი ბი და სხვა ცნობილი სახეებიც.
რაც შეეხება თავად პოდიუმს, ჩვენებაზე ბელა ჰადიდის, ნაომი კემპბელის, დუა ლიპას, კიმ კარდაშიანისა და ნიკოლ კიდმანის გამოჩენა საღამოს ყველაზე დიდი მოვლენა გახდა. შეგახსენებთ, რომ კარდაშიანს და კიდმანს აქამდე პოდიუმზე მოდელის სტატუსით არასდროს გაუვლიათ.
დემნამ ჩვენებისთვის ღია ფერებში მოწყობილი დარბაზი აირჩია, რომელსაც ხის სკამები და ფარდები ამშვენებდა, სივრცეები კი ერთმანეთისგან ფარდებით იყო გამოყოფილი.
ჩვენების შემდეგ სტუმრები და მოდელები „ბალენსიაგას“ ვახშამსაც დაესწრნენ, რომელიც მოდის სამყაროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოებიც, სადაც თავად დემნა თავის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივარს და ახლა უკვე „ბალენსიაგას“ ოფიციალურ მხარდამჭერს, საბა ბახიას ქართულ ენაზე ესაუბრება. დემნამ საბას ჩვენებაზე დასასწრებად მოსაწვევები გაუგზავნა და შოუს შემდეგ პირადად ესაუბრა.
საბა ბახია „დემნაგრამის“ შემქმნელია, რომელიც საქართველოში „ბალენსიაგას“ და გვასალიას თანამშრომლობის შესახებ პირველად წყაროებს გვაწვდის. ბახია და დემნა ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ შეხვდნენ, როდესაც დიზაინერმა საბა ჩვენებაზე დაპატიჟა. სწორედ აქედან დაიწყო მათი ოფიციალური თანამშრომლობაც.