Zenka & mari - ცალ-ცალკე და ერთად

Zenka & mari - ცალ-ცალკე და ერთად

როცა ახალ იდეაზე იწყებენ მუშაობას, ხედვა უმძაფრდებათ. "ობიექტივში" შეიძლება ყველაფერი მოხვდეს: ჩიტი, ხე, ცა, განწყობა. შეიძლება ნებისმიერმა ნივთმა შთააგონოს ისინი. ურთიერთობა არ უჭირთ, პირიქით, ერთმანეთს ავსებენ და განსხვავებულ იდეებს ერთ პოზიციაზე აჯერებენ. ნინო ზენაიშვილი და... მარი მაკრახიძე ანუ ზენკა&მარი


 

სკოლა

ზენკა: - სამხატვრო აკადემიაში ერთად ვსწავლობდით. მე ტრიკოტაჟის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მესამე კურსზე ტყავის დამუშავებაზე გადავედი. სწორედ ამ პერიოდში "ქართუ" ჯგუფთან არსებულმა "ისნის" ფეხსაცმლის ფაბრიკამ სტუდენტებისთვის შტატი შექმნა.

იქვე უნდა გვესწავლა, თან უნდა გვემუშავა. სწავლის პერიოდში მარის
სხვა გეგმები ჰქონდა, საზღვარგარეთ უნდოდა სწავლის გაგრძელება და ფაბრიკაში სიარულს თავი დაანება. მე ორი წელი საწარმოში გავატარე, სანამ ფაბრიკა არ დაიხურა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე ფეხსაცმლის სახელოსნოს შექმნა.

მარი: - საფრანგეთში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ საკონსულოდან უარით გამისტუმრეს. დავრჩი თბილისში. იმ პერიოდში ზენკა სახელოსნოს ხსნიდა და მასთან მივედი.

ზენკა: - მარი რომ არ ყოფილიყო, სალონის გახსნა გამიჭირდებოდა.

2000 წლის ოქტომბერში გავხსენი. რთული პერიოდი იყო. არ გვქონდა სინათლე, მეტროდან მოგვიწია ხაზის გამოყვანამ. კომფორტზე ლაპარაკიც არ იყო. იმ თაობის დიზაინერებს სპეციალური ორდენები უნდა დაგვირიგონ, რა პირობებშიც გვიხდებოდა საქმიანობა. დაქირავებული გვქონდა სარდაფი და ამ სარდაფში საკმაოდ ბევრ დამკვეთს ვიღებდით. ამასობაში მარიც გამოჩნდა. აქსესუარებზე დაიწყო მუშაობა.

მარი: - ზენკას სალონში მისვლამდე, ახლობელმა ერთ საწარმოში დიზაინერად დამაწყებინა მუშაობა. საწარმოში გერმანიიდან შემოდიოდა დაკვეთა. იგეგმებოდა ქართული დიზაინით შექმნილი ნაწარმის საზღვარგარეთ გატანა, მაგრამ...

პერსპექტივა არ ჩანდა - თარგიდან დაწყებული, ძაფით დამთავრებული, ყველაფერი გერმანიიდან ჩამოდიოდა. მხოლოდ ტექნიკური სამუშაო იყო შესასრულებელი და არ დამაინტერესა. წამოვედი. მერე ზენკასთან ფეხსაცმლის შესაკერად მივედი და... შევრჩი. ჩანთებს და ქამრებს ვაკეთებდი.

იმდენად ცუდ პირობებში გვიხდებოდა საქმიანობა, ოჯახის წევრებიც კი არ მიმყავდა. თან ფეხსაცმელების კერვა ჭუჭყთან არის დაკავშირებული. მიუხედავად სირთულეებისა, თავი არ დავანებე.

ზენკა: - წებოს სუნისგან მოვიწამლე და საავადმყოფოში გამაქანეს. მოკლედ, თავდადებული მეწაღეები ვიყავით.

ზენკა&მარი

მარი: - მიუხედავად გაწამაწიისა, ფიქრის დრო გვრჩებოდა, შემოქმედებით იდეებს ერთმანეთს ვუზიარებდით. მაშინ გადავწყვიტეთ გაფართოება და ამ სალონში გადმოვედით. მას შემდეგ ადგილი არ შეგვიცვლია. პრეზენტაციაზე ქუჩა გადავკეტეთ და ჩვენება მოვაწყვეთ.

მოგვიანებით ტანსაცმლის ხაზი დავამატეთ, მაგრამ კარგი ხელოსანი არ გვყავდა. თავიდან ვჭრიდი თარგს და ვკერავდი, შემდეგ ხელოსნებიც მოვიყვანეთ. ერთ-ერთი კონსტრუქტორი აკადემიის პედაგოგი (ვინც კონსტრუირებას გვასწავლიდა) ქალბატონი ლეილა ენუქიძეა. მამაკაცის ხაზზე სხვა კონსტრუქტორი მუშაობს, ვინაიდან ეს ხაზები განსხვავდება ერთმანეთისგან.

ვინც ჩვენთან მუშაობს, ყველამ კარგად იცის თავისი საქმე. მათთან საინტერესოა მუშაობა, იდეებს ერთად ვახორციელებთ და ყველაფერში მოგვყვებიან.

ზენკა: - ძნელია ფეხსაცმელზე მუშაობა. საწარმოში სხვა ხელოსნებივით კონვეიერთანაც ვიდექი. თავს ვიტვირთავდი, რომ ხელობა კარგად შემესწავლა. როცა ინდივიდუალურ დაკვეთებზე დავიწყე მუშაობა, გამიმარტივდა საქმე. ჩემი ხელით შეკერილი პირველი ფეხსაცმელი "ქართუს" მაღაზიაში გაიყიდა.

ცოდნა აუცილებელია, იდეის რეალიზებაში გეხმარება. შეიძლება იდეა კი გქონდეს, მაგრამ განხორციელება არ იცოდე ან სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

პირველი კოლექცია

ზენკა: - ავანგარდული მოდის ასამბლეისთვის ძალიან საინტერესო კოსტიუმი შევკერე. 17 წლის და გამოუცდელი ვიყავი. ესკიზზე ვმუშაობდი და ისიც არ ვიცოდი, ეს ესკიზი როდის შეისხამდა ხორცს. შევქმენი კოსტიუმი, სახელწოდებით "ნევროზი".

მოგეხსენებათ, რა პერიოდი იყო... კოსტიუმი კონუსებისგან იყო აწყობილი. სამივე მოდელი აგრესიული, იმდენად ეფექტური გამოვიდა, რომ ტელევიზიასა თუ პრესაში უყურადღებოდ არ დარჩენილა. სამწუხაროდ, იმ კოსტიუმის ფოტოც არ შემომრჩა. კაბა ორი მეტრი იყო სიგრძეში.

სახლში შევკერე. ჩემი ნათლია კარგად კერავდა და მას შევაკერინე. კაბის რკინის კორსეტიც ჩემი ხატვის მასწავლებელმა ამიწყო. საკმაოდ ეფექტური ჩვენება იყო.

მარი: - პირველი კოსტიუმი მეც ავანგარდული მოდის ასამბლეისთვის შევკერე, თუმცა მეორე წელს. ხუთ კოსტიუმზე ვიმუშავე. კოლექცია ძირითადად შავი ფერის იყო, გამონათება - ქუდებზე დამაგრებული დიდი ყვითელი ბურთები იყო. ეფექტური სანახაობა გამოვიდა.

კოლექცია - ერთად

მარი: - პირველი ერთობლივი კოლექცია შოურუმის გახსნისთვის მოვამზადეთ. საზაფხულო კოლექცია გახლდათ და ძირითადად ფერებს მივაქციეთ ყურადღება. ვიმუშავეთ პრეტ ა პორტეს ხაზზე, ანუ ყოველდღიურ სამოსზე.

იმდენად საინტერესო გამოვიდა, რაღაცებს ახლაც სიამოვნებით გავიმეორებდით. ფეხსაცმელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის შევკერეთ, იყო კედებიც, დაბალქუსლიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც, ანუ შევკერეთ ნაწარმი, რომელიც შეიძლება ჩვენს სალონში შეეკვეთა კლიენტს.

მოდის ინდუსტრია

ზენკა: - პირველი სერიოზული ნამუშევარი მაინც მოდის კვირეულისთვის შეიქმნა. ძალიან გვინდოდა შეგვექმნა ისეთი კოლექცია, სადაც ქართულ ორნამენტებს გამოვიყენებდით. ბევრი ვეძებეთ ინტერნეტით, ვაპირებდით მუზეუმში წასვლას...

სწორედ ძიების პროცესში ინტერნეტში ერთ-ერთი ტაძრის ფოტო ამოვარდა, რომლის კედელზე ქართული ანბანი იყო. იმდენად კარგი ფოტო იყო და ისეთი განწყობა შეგვიქმნა, ორნამენტზე მუშაობა გადაგვაფიქრებინა. კოლექციის მთავარი კონცეფცია ქართული ანბანი გახდა.

მარი: - ანბანი პირდაპირ არ გადაგვიტანია კოსტიუმზე, ჩოხის ელემენტებიც გათანამედროვებული ვერსიით წარმოვადგინეთ, ისე გვინდოდა გაგვეთამაშებინა, თვალში საცემი არ გამოსულიყო. ამ კოლექციამ მოდის კვირეულზე მოწვეული უცხოელების დაინტერესება გამოიწვია.

სიმართლე გითხრათ, ასეთ ყურადღებას არ მოველოდით. ჩვენების დამთავრების შემდეგ სალონში გადაღლილები ვბრუნდებოდით, რომ უცხოელებმა მოგვაკითხეს. ერთმა ჩექმა შეიძინა, გვითხრა, ყველგან ვიტყვი, რომ თქვენი სალონის შეკერილიაო. მეორე სტუმარმა შეკვეთა მოგვცა, რომელიც პარიზში გავუგზავნეთ.

ახალი

მარი: - დიდხანს ვფიქრობდით, რა თემა შეგვერჩია. ჩვენმა კონსტრუქტორმა რეზინის გამოყენება გვირჩია. იდეის დამუშავებისას საბურავებამდე მივედით. ბევრი ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა ამ იდეის განხორციელება. შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე ვმუშაობდით და ადვილად შევძელით საწადელისთვის მიგვეღწია.

მასალა ძირითადად ფეხსაცმელში უნდა გამოგვეყენებინა, თუმცა არაპირდაპირი გზით სამოსშიც გამოვიყენებთ. მოკლედ, მთელი კოლექცია ავაწყვეთ, სამოსშიც, პროტექტორის გავლენით დავჭმუჭნეთ ქსოვილი.

ზენკა: - ბათინკები შევკერეთ, არ გვინდოდა სპორტული სამოსის შეკერვა და კოლექციაში უფრო მსუბუქ ფორმებზე შევჩერდით. უხეშისა და ნაზის მიქსი გამოვიდა.

სასიამოვნო ექსპერიმენტები
ზენკა: - ქათმის ჩექმა მაქვს შეკერილი. დამკვეთს გერმანიაში უნდა წაეღო. აზიური ქათამი უნდა წაეყვანათ და მისთვის შეგვაკერინეს. მოღებული ჩექმა იყო, თითები რომ გამოეყო. ამასთან მარტივად ჩასაცმელი უნდა ყოფილიყო.

ასევე ლამაზი დიზაინი უნდა ჰქონოდა. ჩექმა აზიური ქათმის ფერებში გადავწყვიტეთ, ლამაზ ყუთში მოვათავსეთ და გავატანეთ დამკვეთს.

მარი:
- ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა სასულიერო პირის ძველი, ტრადიციული ფეხსაცმლის აღდგენა. საპატრიარქომ მოგვიტანა ესკიზები და პირველი ფეხსაცმელი პატრიარქისთვის შევკერეთ. კიდევ სამი-ოთხი ეგზემპლარის შეკერვა მოგვიხდა.

ზენკა:
- ფეხსაცმელი ექსკლუზიურად, ჩვენი შოურუმისთვის შევქმენით. ფეხსაცმლის ძირს გამოძერწილი ჭიამაიები დავატანეთ. ერთ გოგონას მოეწონა და გავყიდეთ, ამერიკაში უნდა წაეღო.

მარი:
- კაბა, რომელიც მშვიდობის დღესთან დაკავშირებით შევკერეთ, საინტერესო და ლამაზი გამოვიდა. თეთრი კაბა რკინის ზამბარებზე იყო აწყობილი. ზურგზე ფრთები ჰქონდა, მოდელი რომ გამოდიოდა, ფრთებიც და კაბაც ხტუნაობას იწყებდა.

გეგმები?

ძალიან კარგი იქნებოდა ქართული ბაზრის ათვისება, თუმცა, გვინდა საზღვრებს გარეთ გასვლა. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "ბომონდი"
ქეთი დარჩია


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93