იოჯი იამამოტო "ჩემი მუზა ომია!"

იოჯი იამამოტო "ჩემი მუზა ომია!"
"ჩემთვის ქალი ნაზი და დელიკატური მექანიზმია", - ეს სიტყვები იაპონელ დიზაინერს, იოჯი იამამოტოს ეკუთვნის. მართლაც, მაღალი მოდა ხომ ყველაფერს ექსკლუზიურად მაღალს გულისხმობს, მათ შორის, პუბლიკასაც. იაპონური "ტალღის" ერთ-ერთი ლიდერი იოჯი აქტიურად უწევს პროპაგანდას მინიმალიზმს.

ეს ერთობ თავისებური მიმდინარეობაა თანამედროვე მოდაში, დაფუძნებული განსაზღვრულ ფილოსოფიურ საწყისზე, რომლის სათავეებიც იაპონიის ნაციონალურ კულტურაშია. იაპონური მოდის პრინციპი სწორედ იაპონელები მოქმედებენ გადამახალისებლებად ინგლისის, ამერიკისა და საფრანგეთის სამოდელო სამყაროზე, მთელი თავისი გადანაკეცებითა და კლაკნურებით.

მათი პრინციპია ასკეტიზმი და დეკონსტრუქცია. მათი ქსოვილები არ არის
დამუშავებული, ისინი კალთების კიდეებს შემოუკეცავს ტოვებენ. ფერთა სიმრავლეს, ფერთა პალიტრას თუ პასტელურ შეფერილობას შავს არჩევენ.

იაპონური მოდა ძალიან ხალვათია, კოსტიუმები - მეტისმეტად დიდი ზომის. იგი დემონსტრირების, მორთვისა და ლოლიაობის ნაცვლად, ფუთავს სხეულს, ე.ი. არ აკეთებს იმას, რითაც საუკუნეების განმავლობაში იყვნენ დაკავებულნი ევროპელები. სწორედ ეს არის მათი უნიკალური სიახლე.

მისი უდიდებულესობა... აღიარება


იოჯი დაიბადა 1943 წელს. დაამთავრა პრესტიჟული უნივერსიტეტი ­Keio და მოდელირების სასწავლებელი - Bun­ka. მუშაობდა დედამისის ატელიეში, იღებდა სტანდარტულ შეკვეთებს, ახდენდა ფრანგული მოდელების ზუსტ კოპირებას, რაც მისთვის ძალიან მოსაწყენი, მაგრამ შემოსავლიანი აღმოჩნდა. იგი ამ ფულს სწავლასა და მოდელების შექმნაში ხარჯავდა.

1969 წელს აიღო პირველი პრემია, რითაც პარიზში გამგზავრების საშუალება მიეცა. "პარიზში რვა თვე დავყავი, ერთი სიტყვაც არ ვიცოდი ფრანგულად. თითქმის არაფერს ვჭამდი, მაგრამ ყოველდღე დავდიოდი სენ-ჟერმენზე, რომ ნაღებიანი ყავა დამეგემოვნებინა და ტერასადან მედევნებინა თვალი ქუჩისთვის, ხალხისთვის, მათი ჩაცმის მანერისთვის...

ჩემ თვალწინ იბადებოდა პრეტ-ა-პორტე... და მე მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ჩემი მოწოდება." პირველი წარმატება იოჯის ეწვია 1977 წელს, მან ტოკიოში თავისი კოლექციის ჩვენება მოაწყო, რომელიც დაფუძნებული იყო ქალის

ტანსაცმლისათვის მამაკაცის ტანსაცმლის თარგის შერჩევაზე. როგორც კი ეს კოლექცია პარიზში აღმოჩნდა, იამამოტოს მეორე დღესვე, რომ იტყვიან, "აღიარებულს გაეღვიძა". 68 წლის აპოკალიფსური გარეგნობის დიზაინერი შავ სამოსს და შავ გრძელ თმას ატარებს. ცხოვრობს მარტო, თავის სამ ოთხფეხა მეგობართან ერთად, უყვარს ბილიარდი და კარატე, კარგი ღვინო და ბობ დილანი.

ზოგჯერ თავადაც უკრავს - ხან ბას-გიტარაზე, ხანაც ტუჩის ჰარმონიკაზე... მან მოიპოვა რამდენიმე პრესტიჟული პრემია Arte e Mo­da-ს ჩათვლით, თუმცა მსოფლიოში ცნობილ დიზაინერებს შორის ერთადერთია, რომელიც მაღალი მოდის ასოციაციის წევრი არ გამხდარა.

მოდის ტენდენციების გენერატორი

იამამოტომ ევროპულ-ამერიკული მოდის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა, ჩამოაყალიბა საკუთარი სუბკულტურა. მოდის ტენდენციების გენერატორმა პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ იაპონელი ქალი იაპონური ტრადიციისგან, ანუ თოჯინას კომპლექსისგან გაათავისუფლა, მოაშორა "ლერწმის წელი", მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ზედმეტი მაკიაჟი და დასავლურ ესთეტიკას აზიარა.

იამამოტოს კოლექციების უმეტესობა მშვენიერი სქესისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მის ყოველ მოდელში ფარული ქალურობის მიღმა, მამაკაცური საწყისი იკითხება. ეს თანამედროვე დასავლური ტიპის ქალია, თუმცა პროტოტიპი, როგორც ამბობს, საკუთარი დედაა!

მისი ქალის კოლექციების ანდროგენული, მარლენ დიტრიხისებური ესთეტიკა უხვად შეიცავს მამაკაცის სამოსსა და დეტალებს - ფრაკებს, რედინგოტებს, ბუშლატის ტიპის მოსასხამებს, ქურთუკებს. პიჯაკებს დიდი საყელოთი ან მაქსიმალურად ასიმეტრიულ პიჯაკს მარჯვენა წითელი ნახევარი ძალიან მოკლე აქვს, ხოლო მარცხენა შავი ნახევარი თითქმის იატაკს ეხება.

ფერთა სიძუნწე

მოდელების სრული ასიმეტრიულობისა და სიხალვათის მიუხედავად, იამამოტოს ტანისამოსი განგაცვიფრებს მგრძნობელობით, კომფორტითა და სიმშვიდის შეგრძნების უნარით. ძირითადად ორი ფერის (შავი და თეთრი) ტანსაცმლის შექმნით, იოჯი მიისწრაფოდა არა "ახალი კანის" შექმნისკენ, არამედ იმისკენ, რომ სხეულისათვის სამოძრაო სივრცე მიეცა.

ქალის კოლექციის ყველაზე ანდროგენული დეტალია ტყავის სპორტული ქურთუკის სახელოებზე მჭახე ვარდისფერი ლოგოტიპი - Ya­ma Mo­to Mo­to Yoh­ji. დიზაინერის ჩანაფიქრი პიკანტურია - პიჯაკი ორივე სქესის ახალგაზრდისთვისაა განკუთვნილი.

შავი ორბორტიანი პალტო სპილენძის ღილებით, ტრენჩკოტები დიდი, ამორფული საყელოთი, ხავერდის ბაფთები, ჟაბოები ბლუზებსა და პიჯაკებზე, დრაპირება, ნაკერები სამოსის გარეთ, ლითონის ჯაჭვები, ტრიკოტაჟის აჟურული ხელთათმანები და იამამოტოს თითქმის ყველა კოლექციის ლაიტმოტივი: მძიმე, მაღალყელიანი "ბაიკერის" ჩექმა პლატფორმაზე.

ეს ქალის კოლექციის ძირითადი დეტალებია, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იამამოტოს არ ხიბლავს სუფთა ქალური სამოსი, რისი დასტურიცაა დიზაინერის ცნობილი მოკლე შავი პალტო ფუმფულა ჟოლოსფერი პომპონებით ან ცეცხლოვანი ატლასის სხეულზე მოტმასნილი საღამოს კაბა, თუნდაც ულტრაფორთოხლისფერი ტრიკოტაჟის პალტო.

ხასიათი ქსოვილში

იამამოტოს სილუეტები შეიძლება იყოს სკულპტურული ან დენადი. იაპონელი დიზაინერისათვის, რომელიც მიჩნეულია თარგის ხელოვნების ოსტატად, უმთავრესი ქსოვილის ხასიათია. უხეში ქსოვილი იამამოტოს აძლევდა საშუალებას, შეექმნა კუთხოვანი ფორმები, დენადი ქსოვილები - მომრგვალებული, რბილად დავარდნილი.

ასე გახდა იოჯი იამამოტო საკულტო ფიგურა უმაღლესი მოდის სამყაროში, ხოლო მისი საყვარელი შავი ფერი - ქედმაღლობისა და თავდაჭერილობის, მისტიკისა და ასკეტიზმის ფერი - საკულტოდ იქცა.

მისი სამოსი ინტელიგენტური და რაფინირებული ქალისთვისაა, მაგრამ ეს მიზანი მუდამ კლასიკის რღვევით და ანდერგრაუნდული დინებების გათვალისწინებით მიიღწევა.

მამაკაცის კოლექციების ძირითადი შტრიხები კი ასე გამოიყურება: მოკლე შარვლები და ასევე მოკლე ბაიკერის ქურთუკები, რაც ერთგვარი ირონიაა 50-იანი წლების როკ-ენ-როლის და მოტოციკლისტების ესთეტიკის მიმართ. ე.წ. განგსტერული პიჯაკები, გრძელი პიჯაკები მოკლე, ვიწრო შარვლებთან, ქვაბურა ქუდები, ატლასის ბლუზონები, ქამრები ვესტერნის სტილში...

ამ ბასრ, ერთი შეხედვით, სპარტანულ ესთეტიკას ერთგვარად "არბილებს" ჰალსტუხი იაპონური ნაყშით. იამამოტოს ძალიან უყვარს პარადოქსები, ერთხელაც, ერთ-ერთ კოლექციაში, დიზაინერმა მამაკაცის შავი ქურთუკი ვარდისფერი ანგელოზური ფრთებით დაამშვენა.

No­ir, Y`s, Y`s for men, Y`s for li­ving Yoh­ji Ya­ma­mo­to­-ოს ცნობილი ხაზებია. დიზაინერს ერთი "უცნაურობა" სჭირს - მისი კოლექციების 90% შავი ფერისაა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან, როგორც თვითონ ამბობს, მისი მუზა ომია!

ხაზები და ფერები

1972 წელს გამოუშვა პირველი საკუთარი ხაზი Y3, რომელიც 2001 წლიდან ადიდას-თან ერთად ქმნის სპორტულ ტანისამოსს. დღეს Yoh­ji 2 ხაზით მუშაობს Y3 და Yoh­ji Ya­ma­mo­to, ეს უკანასკნელი მხოლოდ მაღალ მოდას წარმოადგენს.

ძირითადი ფერი შავია, იოჯი იყენებს სხვა ბაზისურ ფერებსაც, ცდილობს მათ კომბინირებას - მკაცრი შტრიხები,
დახვეწილი სამოსი, ორიგინალურობა.

"თქვენი მონა-მორჩილის მოდა არც ჩვეულებრივ ხალხს ითვალისწინებს და არც ტანსაცმლის უტილიტარულობას. ჩემი საქმეა შემოგთავაზოთ უფრო მეტი - ხვალინდელი დღე. სწორედ ამისთვის და ამის გამო ვმუშაობ. ხომ არის Gap-ის Le­vis-ის ტანსაცმელი, თანაც ძალზე კარგი, ფართო მოხმარება - ეს უკვე სხვა პროფესიაა."

სიმეტრია, ასიმეტრია და დესტრუქცია

იამამოტომ თავისი დესტრუქციული მოდით ყველა სიმეტრია დაარღვია. თვლის, რომ სიმეტრია იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ თავადვე ასკვნის, - ადამიანებისთვის სრულიად უჩვეულო.

ამბობს, თუ საგანი ან ნივთი სიმეტრიულია, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ის პლასტმასის მანეკენისთვის იყოს განკუთვნილიო.

იამამოტოს ასიმეტრიულ და დეკონსტრუქციულ სამოსს საოცარი თვისება აქვს - ხმარების დროს თანდათან ტრანსფორმირდება და "ემსგავსება" მფლობელს, ზუსტად გამოხატავს მის სულს.

იამამოტოს სამოსს ერთი განსხვავებული ნიშა აქვს - მათ მუდამ ნახმარი, გაცვეთილი სამოსის, ე.წ. . se­cond han­d-ის ელფერი დაჰკრავთ. ეს ის სამოსია, რომელიც არასოდეს არის ულტრათანამედროვე, შესაბამისად, არც არასოდეს გადის მოდიდან.

როგორც იამამოტო ამბობს, ეს მომავლის მოდაა! ასე რომ, თუ ძალიან გახეხილი ჯინსები გაცვიათ და პიჯაკის სახელოს კიდეებიც მოცვეთილია, ნამდვილად შეგიძლიათ იამაყოთ - თქვენ იამამოტოს სტილი გაქვთ! ბევრ რამეში სწორედ იაპონელი დიზაინერების, რომლებიც განზრახ აძლევდნენ თავიანთ ტანისამოსს დაუსრულებლის შტრიხებს, დამსახურებაა, რომ ზუსტი თარგის ხელოვნების ტრადიციები XX საუკუნის მე-2 ნახევარში უკვე აღარ აღიქმებოდა "აბსოლუტურ სიკეთედ" და მოდელიერები შეუდგნენ ფორმების დარღვევის ხელოვნების, ე.ი. დეკონსტრუქტივიზმის დაუფლებას...

ერთხელ, იამამოტომ იაპონელებისთვის ტრადიციული, დანარჩენი სამყაროსთვის კი ეგზოტიკური კაბა დასავლეთევროპული სტანდარტის მიხედვით გადააკეთა, რის შედეგადაც დაიბადა სრულიად უნიკალური, განუმეორებელი სტილი, რომელიც არასოდეს არაფერში აგერევათ...

და მაინც, კონკრეტულად რისგან შეიქმნა იამამოტოს დესტრუქციული სტილი? ამ კითხვაზე პასუხი საკმაოდ მარტივია, ის იაპონური ტრადიციული სამოსის ტრანსფორმირებული მოდელებია - იაპონელი ფერმერების ქურთუკები, სამურაების ჯავშანი და გეიშების კიმონო, სულ ეს არის!

* * *
"მოდა სულის მდგომარეობაა, გემოვნება სულაც არაა ზედაპირული და არასერიოზული, როგორც ხშირად ფიქრობენ, მოდა და ყველაფერი ის, რაც მისგან წარმოიქმნება, შეიძლება შევადაროთ ვაშლის კანს, იგი იცავს ნაყოფის რბილობს.

ამავდროულად იგი ჩვენი მამოძრავებელი შინაგანი, ხშირად ამოუცნობი ძალების ვიზუალური გამოვლინებაა. ტანსაცმელი ენა, გზავნილი, თვითგამოხატვის საშუალებაა. მუსიკის გარდა ადამიანის მოღვაწეობის რომელ სფეროს შეუძლია დღეს ამ ყველაფრის სიმართლით გამოხატვა? ან ადამიანურ ურთიერთობებზე ასეთი ზეგავლენის მოხდენა?" - იღიმის იოჯი იამამოტო.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "ბომონდი"
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93