გრძნობთ, რომ დიდი თოჯინა ბარბი ხართ? თუკი ასეა, აუცილებლად Blumarine-ს სამოსი უნდა ჩაიცვათ. ასეთ დეკორატიულობას და სიცოცხლით სავსე გლამურობას ვერც ერთი მარკის ტანსაცმელში ვერ შეხვდებით.
კომპანია Blumarine 1977 წელს დაფუძნდა. მისი შემქმნელებია ცოლ-ქმარი ანა მოლინარი და ჟანპაოლო ტარაბინი. ანა - ნიჭიერი დიზაინერია, ჟანპაოლო - წარმატებული მეწარმე.
ანა კარპიში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს და მუშაობს. ანას მშობლებს საკუთარი საფეიქრო ფაბრიკა ჰქონდათ. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ, ანამ ამ ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, სადაც დაეუფლა სამკერვალო ოსტატობას, შეიძინა გამოცდილება, რომელიც შემდგომ მომგებიანად გამოიყენა.
დედისგან ანას ძალა, სიჯიუტე და პატივმოყვარეობა ერგო, რამაც ხელი შეუწყო და მან გახსნა საკუთარი სამოდელო ბიზნესი, დააარსა მარკა Blumarine და შექმნა ქალის სამოსის პირველი კოლექცია.
რამდენიმე წლის შემდეგ Blumarine მილანში გამართულ მაღალი მოდის კვირეულზე გამოჩნდა. აქედან იწყება Bლუმარინე-ს მიერ ევროპის დედაქალაქებისა და აზიის ქვეყნების დაპყრობა. ანა მოლინარიმ თანდათან გააფართოვა კომპანიის სპეციალიზაცია.
იგი ქმნიდა საცვლების, საფირმო აქსესუარების, საათების, პარფიუმერიისა და კოსმეტიკის კოლექციებს. დღესდღეობით, იტალიური ბრენდის ქსელი 600-ზე მეტ ქალის ტანსაცმელსა და აქსესუარების მაღაზიებს ფლობს. 30 წლის არსებობის განმავლობაში Blumarine-მ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა და ქალურობის ეტალონად იქცა.
Blumarine-ს კოლექციას ”ბარბის ტანსაცმელს” უწოდებენ. დახვეწილი და გლამურული სტილი - იტალიელი დიზაინერების საფირმო ხელწერაა. ყოველი კოლექციის აუცილებელი დეტალია ბეწვი და მაქმანი. ბრენდი ცნობილია მდიდრული ლეოპარდისფერებიანი ზედა სამოსითა და ძვირად ღირებული წაულის საყელოთი.
წაულისსაყელოიანი კარდიგანი Blumarine-ს ”ავტოგრაფია”. ამ თემის ვარიაციების გარეშე წარმოუდგენელია რომელიმე კოლექცია. კარდიგანი განსაკუთრებით მაშინ გახდა პოპულარული, როდესაც ქალებმა უარი თქვეს ქვედა საცვალზე.
Blumarine-ს სამოსი არ არის იმ ადამიანებისათვის, ვისაც ჩრდილში ყოფნა მოსწონთ. Swarovski-ს სტრაზებით შექმნილი ელვარე, მოდური დეტალები, შეუმჩნეველს ვერ დაგტოვებთ.
Blumarine-ს სტილის ძირითადი ნიშნებია - ფუფუნება, ქალურობა და ელეგანტურობა.
Blumarine-ს ფილოსოფია აერთიანებს შეგრძნებებსა და კულტურულ ზეგავლენას, წარსულისკენ დაბრუნებასა და მომავლის განჭვრეტას.
Blumarine შექმნილი თანამედროვე ქალისთვის, ისეთივე ქალური და სიცოცხლის მოყვარულისთვის, როგორიც თავად ანა მოლინარია.
საათების წარმოება
Blumarine-ს სახელობითი საათები 2005 წლიდან გახდა ცნობილი. ეს იყო მექანიზმები, რომელსაც უშვებდა იტალიური კომპანია Global Watch Industries. ყოველ მოდელში იგრძნობოდა Blumarine-ს საავტორო ხელწერა: საათები ქალებისთვის იყო განკუთვნილი და დამახასიათებელი ფერი ჰქონდა - ლურჯი, ფირუზისფერი და ცისფერი. საათების სტილი იყო დახვეწილი და რომანტიკული.
ფერთა სპექტრი დროთა განმავლობაში მრავალფეროვანი გახდა, მაგრამ ბრენდის ცნობა მაინც ყველასთვის ადვილი იყო.
Blumarine-ს საათები გამოირჩევა როგორც ელეგანტურობით, ასევე - გამძლეობით. მექანიზმები აღჭურვილია წყალდამცავი სისტემით, ხოლო მინერალისგან დამზადებული მინა საათს ნაკაწრებისგან იცავს.
კოლექცია იქმნებოდა შწაროვსკი-ს კომპანიასთან და იაპონელ ამწყობებთან ერთად. ყოველი ეგზემპლარი სტრაზებით, ბრილიანტებით, მარგალიტის ვარსკვლავებითა და კრისტალებით არის შემკული. საათების კორპუსის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი - ბრენდის ლოგოტიპის პირველი ასო ”B”, რაც ავტორობის ნიშანია.
ჟურნალი ”ბომონდი”