იტალიელია, 37 წლის, ტორონტოში დაიბადა. განათლება მიიღო ლონდონის წმინდა მარტინის სახელობის კოლეჯში, არტისა და დიზაინის განხრით. მისი სტილი ლაკონიურია. ხშირ შემთხვევაში მუქი ტონების ფერად გამას იყენებს. 6 წელია, Givenchy-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორია.
არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში იგი მოდის სახლ Dior-ის კრეატიულ დირექტორადაც (ჯონ გალიანოს მაგივრად) მოგვევლინოს. ამ თანამდებობაზე მასთან ერთად, ალბერ ელბაზის კანდიდატურაც განიხილება.
მას რიკარდო ტიში ჰქვია... ”მე ყველაზე ახალგაზრდა დიზაინერი ვარ პარიზში და ერთადერთი ჩემი თაობიდან, ვინც ერთდროულად ავითარებს ქალისა და მამაკაცის ხაზს პრეტ-ა-პორტერ-ს.
ამასთან, თავმომწონე მუსიე ჟივანშისგან განსხვავებით, არ ვისწრაფვი, დავიმკვიდრო ადგილი Haute Couture-ს გამაღიზიანებელ კლიენტთა სამყაროში. გამუდმებით მეპატიჟებიან რაღაც გაურკვეველ საღამოებზე, რომლებიც ეწყობა იახტებზე, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ეს სულაც არ არის ჩემი მისწრაფება.
არასდროს ვიჩენ ენთუზიაზმს, ასეთ თავყრილობებზე აღმოვჩნდე. მომწონს ის ადგილი, სადაც ვდგავარ და ყველაფერ ამისთვის რომ მიმეღწია, იოლი გზა როდი გამოვიარე.
ოჯახში მეცხრე შვილი ვიყავი, 8 და მყავს. ვცხოვრობდით იტალიიდან მოშორებით მდებარე ქალაქ კომოში. არც ისე მდიდარი იყო ჩემი ოჯახი, რის გამოც 11 წლის ასაკში მომიწია მუშაობის დაწყებამ.
სულაც არ მინდა ჩემს თავზე ჰოლივუდური ისტორია შევთხზა, მაგრამ, სამწუხაროდ, რასაც გიყვებით, სრული სიმართლეა.
მამა ადრე გარდაგვეცვალა, რამაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ჩვენს ოჯახს. თავის გასატანად ფული გვჭირდებოდა, არადა, არც ისე ადვილი იყო მაშინ ცხოვრება, განსაკუთრებით ოჯახისთვის, სადაც ერთადერთი ბიჭი ვიზრდებოდი.
შაბათ-კვირას ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში, ბოლო ხმაზე ჩავრთავდი აირონ მეიდენის სიმღერებს და საათობით ვხატავდი.
არასდროს ვზარმაცობდი, ყოველთვის მიზანმიმართული გახლდით. არ დავიწყებ მოყოლას, რით ვიყავი დაკავებული, გეტყვით მხოლოდ იმას, რომ საკმაოდ კარგ თანხას გამოვიმუშავებდი. არათუ ოჯახს ვეხმარებოდი, ჩემი სწავლის ფულსაც კი მოვუყარე თავი.
16 წლის რომ გავხდი, უკვე იმდენად ვიყავი ფინანსურად დამოუკიდებელი, თავს უფლება მივეცი, ლონდონში გავმგზავრებულიყავი. არ დაგავიწყდეთ, რომ ღერი ინგლისური არ ვიცოდი. მაინც მოვახერხე იმდენი, რომ წმინდა მარტინის კოლეჯში ჩამებარებინა ხელოვნებისა და დიზაინის განხრით.
მეტიც, პირველივე კურსიდან სტიპენდიაც კი დამინიშნეს. ამ კოლეჯში მიღებულმა განათლებამ უდიდესი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაზე.
კოლეჯი 1999 წელს წარმატებით დავამთავრე და იტალიაში დავბრუნდი. სამსახურის შოვნა არ გამჭირვებია. 5 წლის განმავლობაში ვიმუშავე კრეატიულ კონსულტანტად ისეთ ბრენდებში, როგორებიცაა: Antonio Berardi, Coccapani, Puma, Ruffo Research ბოლო კონტრაქტი მარკა Ruffo Research-ისთან მქონდა დადებული და როგორც კი დამიმთავრდა, მაშინვე საკუთარი საქმის წამოწყება გადავწყვიტე.
არცთუ წარუმატებლად. ყოველი მომდევნო წელი უფრო იღბლიანი ხდებოდა ჩემთვის. 2004 წელს საკუთარი მარკის პირველი კოლექცია წარვადგინე. პრეზენტაციას თან ახლდა საოცარი სანახაობა და ხალხს სრულიად ახლებურად დავანახვე მოდის სამყარო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად ცნობილი დიზაინერი ვარ. ალბათ ამასაც დრო სჭირდება...
ჩემს მუყაითობას უკვალოდ არ ჩაუვლია. გავიდა ცოტა ხანი და ჩემმა ვარსკვლავურმა საათმაც დაჰკრა. 2005 წლის 28 თებერვალს, მუსიე ჟივანშიმ თავისი მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად მიმიწვია.
უნდა გამეკეთებინა ქალის ხაზის კოლექცია Haute Couture pret-a-porterდა აქსესუარები. გადავწყვიტე, ერთგვარი სიურპრიზი მომეწყო საზოგადოებისთვის. ამის გამო, ჩემი საკუთარი ბრენდი საერთოდ მივივიწყე.
ივლისში უკვე მზად მქონდა კოლექცია და წარმოვადგინე 2006 წლის გაზაფხული-ზაფხულის ქალის ტანსაცმელი, რომელიც ჟივანშის მოდის სახლისთვის შევქმენი. სტარტი წარმატებული აღმოჩნდა. მაშინ პირველად აღმოვჩნდი გაზეთ ”ნიუ-იორკ თაიმსის” ფურცლებზე, სადაც ჩემს ინტერვიუში აღვნიშნე:
”როცა მე მოვედი, ჩვენს ბრენდს 5 კლიენტი ჰყავდა, ახლა კი 29 გვყავს”. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ ყოველ ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი...
ერთი წლის შემდეგ მამაკაცის ხაზის შექმნა დამავალეს. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ ამ კოლექციამ მსოფლიოში ცნობილ დიზაინერთა სიაში საპატიო მე-15 ადგილი დაიკავა.
ამით არ დამთავრებულა ჩემი აღზევება. სამი წლის წინ, 2008 წელს საუკეთესო დიზაინერის წოდება მომანიჭეს მოდაში მიღწეული წარმატებებისთვის და პრემიაც გადმომცეს, ამ ყველაფრის ორგანიზატორი კი გახლდათ ჟურნალი Marie Claire.
რითია გამორჩეული ჩემი კოლექცია? როგორ გითხრათ... ყოველთვის ვცდილობ, სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე და ამავდროულად, რომანტიკული ელეგანტურობა ვაჩვენო ჩემს სამოსში.
იცით, რა დამეხმარა ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში? ის, რომ ქალების გარემოცვაში გავიზარდე. ვიცოდი, რა იყო გაჭირვება და რა მოთხოვნები ჰქონდათ ქალებს. ამით აბსოლუტური უპირატესობა მაქვს სხვა დიზაინერებთან შედარებით. მე შემიძლია შევქნა რაღაც ძალიან საყვარელი, თან ისეთი, რითაც ქალს ადვილად შეეძლება თავის წარმოჩენა.
ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ დავანებე თავი საკუთარ საქმეს და რატომ დავთანხმდი ჟივანშის შემოთავაზებას? ცოტა ადრე რომ მიმეღო ეს წინადადება, ალბათ არ დავთანხმდებოდი, მაგრამ ერთი კვირით ადრე, სანამ ეს მოხდებოდა, დედამ დამირეკა და მითხრა, ძვირფასო, გადავწყვიტე, სახლი გავყიდოო.
ჩემს დებს შვილები ჰყავთ და მათ რჩენა სჭირდებოდათ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ვიღაცამ დანა გამიყარა გულში, ვერაფრით დავუშვებდი, დედას ის სახლი გაეყიდა, რომელიც მამისგან მემკვიდრეობით გვერგო და რომელიც ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი თითქმის არ მახსოვს. როცა მამა გარდაიცვალა, ძალიან პატარა ვიყავი.
სწორედ იმ პერიოდში ჩავედი პარიზში, იქ კი კონტრაქტი დამხვდა... რამდენიმე ნოლით ”დამშვენებული” და ჩავთვალე, რომ ეს ღვთის წყალობა იყო. ვიფიქრე, თუკი ამ კონტრაქტს ხელს მოვაწერ, დედას არ მოუწევს იმ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმა და ყველა პრობლემა მოეხსნება-მეთქი.
ასეც მოვიქეცი. როცა კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ავიღე, მაშინვე დედას გადავუგზავნე იმდენი, რამდენიც მისი პრობლემების მოგვარებას სჭირდებოდა. ეს იყო საუკეთესო საჩუქარი, რომელიც ოდესმე მისთვის გამიკეთებია.
სწორედ იმიტომ, რომ მოდელიერი ვარ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, გულწრფელი და მართალი ვიყო ქალების წინაშე. ისეთი სახე კი არ უნდა მიმეღო, თითქოს შემიძლია მათი დახმარება, მე აუცილებლად უნდა დავხმარებოდი მათ. ეს ჩემი ფილოსოფიაა დღემდე.
მიუხედავად იმისა, რომ ერთობ უჩვეულო პერსონად მიმიჩნევენ მოდის სამყაროში, ჩემი შეხედულებები და იდეები ქალის სამოსის მიმართ ერთდროულად ბრწყინვალეც არის და უბრალოც.
ჟივანშის მოდის სახლი უკვე ლეგენდადაა ქცეული. თუმცა, ჩემი ტრადიციისთვის არ მიღალატია, როცა მისთვის კოლექციას ვქმნიდი. უპირატესობას ასკეტურ დიზაინს ვანიჭებ, რომელშიც გაერთიანებულია მახვილი ელემენტები და ოდნავ ”დახშული” რომანტიზმი, რამაც საშუალება მომცა, ჟივანშის პატარა კლასიკური კაბა თანამედროვე მოთხოვნების შესაფერის სამოსად მექცია.
ქალის სამოსი ერთდროულად მგრძნობიარეც უნდა იყოს და რაციონალურიც. ვუყურებდი ჩემს დებს, როგორ გადაიქცეოდნენ ისინი გოგონებიდან ქალებად და რაც დრო გადიოდა, მით უფრო ნათლად ვხვდებოდი, რის დახვეწას მოითხოვდნენ ქალები თავიანთი გარეგნობიდან.
ნებისმიერი ქალი უნდა ამაყობდეს თავისი სხეულით, არ უნდა შეშინდეს და ცოტა რისკი გასწიოს. ისე უნდა ჩაიცვა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი და აუცილებელი გინდა თქვა.
მაღალი მოდის სამოსი რომ შექმნა, აუცილებელია, ფანტაზიას თავისუფლება მისცე და როგორც დიზაინერმა და მხატვარმა, ფრთა შეასხა ჩანაფიქრს. რადგან დიზაინერის ყოველი თარგი პრაქტიკულად, მოდელის სხეულზე იქმნება, სწორედ ეს მახსენებს გამუდმებით იმას, რომ ყველა ქალის ფიგურა უნიკალურია.
ეს კი საშუალებას მაძლევს, შემდეგი კოლექციების შექმნისას ნებისმიერი ქალის მოთხოვნა გავითვალისწინო.
როცა ქალს კაბას ჩააცმევ, მისი სხეულის ღირსებების გამოკვეთა უნდა შეძლო - თეძოებს მაცდური ხაზი უნდა დაამატო, მხრები სექსუალურად წარმოაჩინო და ა.შ.
როცა ქალები ტანსაცმელს ირჩევთ, დაკმაყოფილდით მხოლოდ ერთი შემოტმასნილი ელემენტით. დანარჩენმა ელემენტებმა უბრალოდ, ინტიმური, მაცდური დამატების ილუზია უნდა შექმნას და მეტი არაფერი. თქვენმა სამოსმა ქალი უნდა წარმოაჩინოს და არა ტანსაცმელი.
არ არსებობს განსაზღვრული, მით უმეტეს, დადგენილი წესი, როგორ უნდა ჩაიცვას ქალმა. ასეთ დროს მთავარია, ძალიან კარგად შეისწავლო შენი სხეული და მიიღო ის ისეთი, როგორიც არის.
საუკეთესო ვარიანტია სტილის აღრევა, ანუ მიქსი, როგორც ახლა ვუწოდებთ თანამედროვე სლენგით. ეს ყველაზე მართებული მიდგომაა. როცა ქალისა და მამაკაცის გარდერობის ელემენტებს ერთმანეთს შეუხამებ, სრულყოფილება გამოდის.
არის კიდევ სხვა მიდგომაც - სრულიად განსხვავებული ორი სტილი შეუხამო ერთმანეთს, მაგალითად, პანკ-სამოსი და სამხედრო სტილი. სწორედ ეს წარმოაჩენს თქვენს გარეგნობას განუმეორებელს, უნიკალურს, თქვენთვის და არა სხვისთვის სახასიათოს.
ხომ გასულხართ სახლიდან სხვადასხვა გუნებაზე? რატომ არ შეიძლება იგივე მიდგომა სამოსის არჩევისას გამოიყენოთ?
წარმატებული კოლექცია რომ გამოგივიდეს, თავისუფლად შეიძლება რამდენიმე სტილი ერთმანეთს შეუხამო. ადამიანებიც ხომ უთავსებენ ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესს? მოდაც ასეა.
მე, მაგალითად, კიკბოქსინგით და იოგათი ვარ გატაცებული. ჩემს პარიზის ბინაში მაქვს კასტინგიონის ლამპა, რომელიც 60-იან წლებშია გამოშვებული და იგი მშვენივრად უწევს ”მეზობლობას” ამავე ბინის კედლებზე გამოფენილ უძველეს, მე-7 საუკუნის მძივების კოლექციას.
ჟივანშის კოლექცია კაფსულის პრინციპით შევქმენი. გაინტერესებთ, რას ნიშნავს კაფსულის კოლექცია? ახლავე აგიხსნით. ეს ისეთი კოლექციაა, რომელიც ტანსაცმლის რამდენიმე ელემენტისგან შედგება, როგორც წესი, 6-დან 12-მდე, რომლებიც ადვილად შეეხამება ერთმანეთს და შთამბეჭდავ გამას ქმნის.
იდეალური ბლუზა, იდეალური ნახატებიანი ქსოვილები, სტრატეგიულად განლაგებული ნაკეცები... სპეციალურად შევქმენით ისეთი მოდელები, რომელთა ერთმანეთთან შეხამება ადვილია და ისეთებიც, ამ ფირმის კლასიკურ ტრადიციებს რომ ინარჩუნებს.
ამ სამოსის ტარება სეზონიდან სეზონამდე შეიძლება. კლასიკური ტრადიციების ტანსაცმელი უკვალოდ არასდროს იკარგება, იგი ივსება ახალ-ახალი ელემენტებით და მათზე მუდმივადაა მოთხოვნა. ნიჭიერად შერჩეულმა დიზაინმა დრო არ იცის.
ძალიან მომწონს ამერიკელი ქალების ჩაცმის სტილი. იგი განსხვავდება ევროპული სტილისგან. პარიზელი ქალბატონები, მაგალითად, უპირატესობას ყოველთვის კლასიკურ სტილს ანიჭებენ, იტალიელები სექსუალური სტილისკენ იხრებიან, ხოლო ამერიკელი ქალების სტილი ბიზნესია, - სილუეტის მკვეთრი ხაზები, ახლებური მიდგომა, დეტალებით გადაუტვირთავი, ყველაფერი ძალიან მინიმალისტური.
იქნებ ეს მანოლო ბლანიკის გავლენაა? ჩემი ოცნებაა, ერთხელ ჩავიდე ნიუ-იორკში, მერე მოვიარო მთელი შეერთებული შტატები, ერთი სანაპიროდან მეორემდე და ჩემი დიზაინით ჩავაცვა ქალების უზარმაზარ არმიას.
ბოლო ხანებში ძალიან მაქებენ... ასეთი აღფრთოვანებული რეცენზიები რატომ დავიმსახურე? მარტივი მიზეზით - ეს იმის ნიშანია, რომ უბრალოდ, ადამიანები შემეჩვივნენ. ხანდახან, იმისთვის, რომ ფილმი კარგად გაიგო, სამჯერ მაინც უნდა ნახო იგი.
ჩემი სტილი უცვლელი დარჩა, მხოლოდ ის არის, რომ როგორც იქნა, შეიცნო ხალხმა იგი. მარტივად რომ აგიხსნათ, მე ჯერ ჩემი სამყარო შევქმენი და სხვებს მერე შევაყვარე იგი...”
ჟურნალი "ბომონდი"