ფახრია ხალაფოვადიზაინერი, პარფიუმერი, ტელეწამყვანი და მომხიბვლელი ქალბატონი... ასეთი გახლავთ ფახრია.
დიზაინერად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დიდ მოდას ემსახურება, იყენებს მხოლოდ ძვირფას ქსოვილს და მისი კოლექცია ყოველთვის ხელნაკეთია.
-თქვენმა შოუმ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა, როგორ იმუშავეთ კოლექციაზე?
-კოლექციისთვის ქსოვილსაც მე ვქმნი, ისევე როგორც კაბებია ხელით დამუშავებული, ქსოვილიც ხელნაკეთია. ამ კოლექციას "კასპიის ვარდი" შევარქვი. ძალიან მომწონს ვარდის ფურცლები, მისი სურნელი, შეფერილობა და მისი შთაგონებით ვიმუშავე კოლექციაზე.
კოლექცია ot couture-ია და რა თქმა უნდა, ერთ დღეში არ შეკერილა. საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი. როცა სრულ სახეს ვაძლევ, მხოლოდ მაშინ გამომაქვს პოდიუმზე.
საქართველოს მოდის კვირეულის ორგანიზატორების წინადადება, რომ ეს კოლექცია საქართველოში მეჩვენებინა, სიამოვნებით მივიღე. ვიცოდი, ყველაფერი საუკეთესოდ ორგანიზებული იქნებოდა.
-დიდია თქვენი მოდის სახლი?
-ვერ ვიტყვი, რომ დიდი მოდის სახლი მაქვს. დაახლოებით ხუთი ადამიანი მუშაობს, რომლებიც პერიოდულად იცვლება. გარდა დიზაინერის პროფესიისა, ხელოვნების ინსტიტუტში ლექციებს ვკითხულობ.
ვარ ტელეწამყვანი, მიმყავს გადაცემა, რომელიც ეხება მოდას, ქალს... მიმყავდა გადაცემა "ფაქიზი ინტერესი".
პირველი ქალბატონი ვარ, რომელმაც ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მოდასა და დეფილეზე მოვამზადე გადაცემა, სადაც მოსკოვისა და პარიზის კვირეულებიდან ვიღებდი კადრებს.
-თქვენ პარფიუმერიული ხაზის შემქმნელიც ბრძანდებით...
-ერთი წელია, რაც პარფიუმერიის შექმნამ გამიტაცა, ძირითადად ქალის სუნამოზე ვმუშაობ. პარფიუმს "ნურაი" ვუწოდე. ეს გახლავთ ლამაზი, აზერბაიჯანული, ქალის სახელი. ნიშნავს "მთვარის სინათლეს". ვფიქრობ, ჩემი სუნამოები საქართველოშიც გამოჩნდება და თაყვანისმცემლებიც გაუჩნდება.
"ნურაის" აქვს მკვეთრი სურნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ნარჩუნდება. პარფიუმერებმა მირჩიეს, შემექმნა მსუბუქი არომატი, რომელიც ყველასთვის მისაღები აღმოჩნდებოდა.
დიზაინერის პროფესიის დაუფლებამდე უნივერსიტეტში ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, შესაბამისად, ვიცნობ ქიმიურ პროცესებს და ამ მხრივ პროფესიონალი ვარ. ვაპირებ მამაკაცის ხაზზე მუშაობასაც.
-თქვენი კოლექცია ძვირად ღირებული იქნება. თქვენი კლიენტების შესახებ რას გვეტყოდით?
-ჩემი კლიენტები აზერბაიჯანში ცნობილი ადამიანები არიან, ტელეწამყვანები, მსახიობები. ბოლო დროს ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ ამ სტილით. ვაღიარებ, რომ ძვირად ღირებული კაბებია და ყველას არ აქვს მათი შეძენის შესაძლებლობა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი ”ბომონდი”