ელეგანტური სისადავე – სტილი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან - ეს კოკო შანელის სტილია. ლეგენდარული კოკო უკვე წლებია, რაც თაობების იდეალად რჩება და მანამ სამყარო მისი პირველი ბუტიკის გახსნის ასი წლის იუბილესთვის ემზადება, გამომცემლობა Naïve გამოსცემს კომიქსების წიგნს მე-20 საუკუნის ცნობილი დიზაინერის ცხოვრების შესახებ.
ეს გამოცემა შევა მსოფლიოს გამოჩენილი ქალბატონებისადმი მიძღვნილი წიგნების სერიაში, რომელთა შორისაც იყვნენ: აისიდორა დუნკანი, ვირჯინია ვულფი და დაიან ფოსი. წიგნის ილუსტრაციები ბერნარდ ჩიკოლინის ეკუთვნის, ტექსტი კი – პასკალ ფრეის. კოკოს თაყვანისმცემლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ გაბრიელ შანელის (კოკოს ნამდვილი სახელი) ცხოვრების ყველა ეტაპს, დაწყებული მისი ბავშვობითა და პირველი სიყვარულით, დამთავრებული საყოველთაო აღიარებით.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ცნობილმა მადმუაზელმა, თავისი 87-წლიანი ცხოვრების მანძილზე, ქალბატონებს ჩაცმის უზადო სტილი, შანელის სუნამოს განუმეორებელი არომატი, მოდის სახლი და შეუფასებელი რჩევები უსახსოვრა, რომელთა უმეტესობაც დროთა განმავლობაში ერთგვარ აფორიზმებადაც კი იქცა!
გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:
... მოდა შემოდის, სტილი რჩება.
... მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.
... აი, თურმე რა ყოფილა აღიარება: სიმარტოვე!
... ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამიტომაც ისინი არასდროს უნდა დავუშვათ!
... მოდა არქიტექტურას ჰგავს: მთელი საქმე პროპორციებშია.
... ძალზე ძვირად ღირებული სამოსი აბერებს.
... ყველა ქალს ის ასაკი გააჩნია, რასაც იმსახურებს.
... სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან; სამაგიეროდ, სიყვარული გვიცავს სიბერისგან.
... ძნელია, გაუფუჭო ხასიათი ღია ფერებში ჩაცმულ ქალს.
... სად უნდა წავისვათ კოსმეტიკა? იქ, სადაც გინდათ, რომ გაკოცონ.
... ჭეშმარიტი ხელგაშლილობა უმადურობის შეუმჩნევლობაშია.
... არსებობს დრო მუშაობისთვის და დრო - სიყვარულისთვის. სხვა რამისთვის დრო აღარ რჩება.
... მიყვარს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის, მაგრამ არ ვუშვებ, რომ ის იქიდან შემოვიდეს.
... თუკი უფრთებოდ დაიბადეთ, ნუ შეუშლით ხელს მათ ზრდას.
... 20 წლის ასაკში სახე ბუნებისგან გაქვთ ბოძებული, 50 წლის ასაკში მას თავად ქმნით.
... სენ-ლორანს შესანიშნავი გემოვნება აქვს. რაც მეტად მბაძავს, მით უფრო ხვეწს მას.
... არ ვიცი, რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერს, რაც მამაკაცებს გააჩნიათ. ქალებს ხომ, ყველაფერთან ერთად, მამაკაცებიც ჰყავთ.
... თუკი რომელიმე ქალის სილამაზემ მოგაჯადოვათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, თუ რა ეცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას იდეალურად ეცვა.
... არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები.
... აქსესუარების შერჩევისას მოიხსენით ის, რაც უკანასკნელად მოირგეთ.
... რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს.
... ქალი, რომელიც კოსმეტიკას არ ხმარობს, ძალიან მაღალი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.
... ქალი ნერვიულობს მომავალზე, სანამ გათხოვდება, მამაკაცი კი - მხოლოდ დაქორწინების შემდეგ.
... ხელები ქალის სავიზიტო ბარათია, ყელი – პასპორტი, მკერდი კი – საზღვარგარეთის პასპორტი.
... სილამაზეზე ზრუნვა გულიდან და სულიდან უნდა დაიწყოს. სხვა შემთხვევაში კოსმეტიკა ვერაფერს გიშველით.
.... სუნამოს უფრო მეტის თქმა შეუძლია ქალზე, ვიდრე მის ნაწერს.
... როგორც უნდა ვატრიალოთ, ქალი მამაკაცის ცხოვრებაში მხოლოდ ერთია, დანარჩენები მისი ჩრდილები არიან.
... არასდროს მოგეცემა მეორე შანსი, რომ მოახდინო პირველი შთაბეჭდილება.
... ქალმა ისე უნდა ჩაიცვას, რომ მისი გახდა გსიამოვნებდეს.
... ნამდვილი ბედნიერება არ ღირს ძვირი: თუ მისთვის ზედმეტად დიდი საფასურის გადახდა გიწევთ, მაშინ ის ყალბია.
... მიმიფურთხებია, თქვენ რას იფიქრებთ ჩემზე, რადგან მე საერთოდ არ ვფიქრობ თქვენზე.
... თუ გინდათ, გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ!
... სილამაზე იმისთვის გვჭირდება, რომ მამაკაცებს ვუყვარდეთ; სისულელე კი - იმისთვის, რომ მამაკაცები შევიყვაროთ!
ია ბერიაშვილი
ჟურნალი "... და ქალი" (მაისის ნომერი)