ფეხსაცმელი მისთვის ყოველდღიურობაა, უფრო მეტიც - ცხოვრებაა, მთელი ორი ათწლეულია... ზაზა სვანიძის ფეხსაცმელი, ჩანთა და აქსესუარები - ექსკლუზიურად ყველასთვის, ვინც დიზაინერს "ტერფსა და ნაბიჯებს ანდობს". და არა მხოლოდ - გემოვნებიანი ჩანთა და ფეხსაცმელი სრულყოფს ქალს, ორივე ერთად ჰარმონიულობას ქმნის...
პირველი ფეხსაცმელი ბავშვისთვის შექმნა. თითქოს, საკრალური აღმოჩნდა ის წყვილი მცირე ზომის "ნაშრომი", - ეს იყო ფეხბედნიერი ფეხსაცმელი.
ის ენთუზიაზმი და ემოცია, რომელიც ოცი წლის წინ პირველ "შემოქმედებაში" ჩააქსოვა, დღემდე მოჰყვება - ზაზას შექმნილი ყოველი პროდუქტის ღირებულება და ფასეულობაც ალბათ, ამაში მდგომარეობს - ყოველი წყვილი იქმნება ისეთივე ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით, როგორც მაშინ...
ყოველი მომდევნო არასდროს არის "მერამდენე-ღა", მუშაობის პროცესი და პრინციპი უცვლელი - როგორც პირველად, თითქოს პირველად...
პიარი. პოპულარობა... - სხვაგვარად ესმის. უფრო ზუსტად, სწორად ესმის, მაგრამ არ იყენებს. კარგად იცის, რომ ხარისხიანი პროდუქციით კმაყოფილი კლიენტი საუკეთესო პიარია მისი შემოქმედებისთვის.
თუმცა, მოდის კვირეულზე რამდენჯერმე შესთავაზა კოლექცია საზოგადოებას. მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. მთავარია, ზაზა მისი საქმიანობის შედეგად იღებს საფასურს, რომელსაც ვერასდროს ვერაფერი შეედრება - საფასურში მატერიალური არ იგულისხმება, შექმნილ პროდუქტში დაბანდებულის კომპენსირება ის მადლიერი კლიენტია, რომელიც აუცილებლად დაბრუნდება მასთან - მერამდენეჯერ...
ურთიერთობა მყარდება "ფეხსაცმელების" ხარჯზე, დიზაინერი კლიენტის მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურად მუშაობა ძალიან რთულია, დიზაინერი მაინც ახერხებს, ყველაზე პრეტენზიული კლიენტის სურვილიც კი დააკმაყოფილოს.
ყველა ფეხსაცმელი ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი, უნიკალური და ერთადერთია. იმას, რასაც ერთხელ შექმნის, მეორედ აღარ გაიმეორებს - ეს დიზაინერის პრინციპია, რომელსაც არასდროს ღალატობს. ფანტაზია კი ულევია, მოდა მუდმივად იცვლება, შესაბამისად შემოქმედებითი რესურსი არასდროს დაელევა.
და კიდევ, მოდური ტენდენციების მიხედვით შექმნილი ფეხსაცმელი, ბრენდის ქვეშ ZAZA -შემოქმედება ექსკლუზიურად..., აუცილებლად შეიცავს დეტალს, რომელიც არასდროს არსად ფიქსირდება, არც მეორდება, მაგრამ მისეულია - ხელწერისმაგვარი.
არასდროს შეუქმნია ფეხსაცმელი სერიულად, კვლავ და კვლავ პრინციპის გამო - ეს უნიკალურობაა! თუმცა, არის შემთხვევა, როდესაც ცნობილი დიზაინერი სწორედ ზაზას უკვეთავს ფეხსაცმლის კოლექციას.
ამ შემთხვევაში შექმნილს დამკვეთი დიზაინერის სახელი ერქმევა, მაგრამ მერე რა... ზაზასთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ის დიზაინერი კმაყოფილია, შექმნილ ფეხსაცმელს კი არაერთი ადამიანი ასევე კმაყოფილებით ატარებს, რაღა მნიშვნელობა აქვს, ვისი სახელით შეკერილს?
ფერები... ფერებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს - შეიძლება ითქვას, ფერებს ათამამებს და ფერებითაც ათამამებს მომხმარებელს.
ფერთა ჰარმონიული შერწყმა - ფეხსაცმელს განსაკუთრებულად წარმოაჩენს.
ფერები... ფერებით საკუთარ თავსაც ათამამებს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, ტილოს აფერადებს. პორტრეტები, პეიზაჟები - ზეთით ჩახატული ტილოები - ეს მისი ჰობია, შემოქმედებითი "ვნება". ძილისთვის დრო ენანება - დღისით ფეხსაცმელს ქმნის, ღამით - ფიქრებს ტილოში ხატავს.
ეს მისი ცხოვრებაა - ფერადი, შემოქმედებითად დატვირთული, ესთეტიკური და ჰარმონიული.
და კიდევ, ოცნების ფეხსაცმელი, რომელსაც არასდროს არავინ ჩაიცვამს - ესკიზად ჩახატული - ექსკლუზიურად "ბომონდისთვის" - from ZAZA...
სალომე ლილუაშვილი
ჟურნალი "ბომონდი"