არცთუ "ხმაურიანი" ბიოგრაფია აქვს, თუმცა მსოფლიოში ცნობილი დიზაინერია. არც ინტრიგებით ყოფილა მისი ცხოვრება გადაჭრელებული. შეხედავ- ტიპური იტალიელია, სიმპათიური, მუქი კანის ფერით, მკაცრი მამაკაცური ნაკვთებით, დიდრონი თვალებით...
ჯამბატისტა ვალი- ეს მისი გვარ-სახელია და 44 წლისაა... ახალგაზრდაა ჯერ... ასე ითქმის... დაიბადა იტალიაში, 1966 წელს... უფრო კონკრეტულად- რომში. ხმაურიან ოჯახში არ გაზრდილა, ამიტომაც თავადაც წყნარი ბიჭუნა იყო, ცნობისმოყვარე თვალებით და ეშმაკური ღიმილით.
ცელქი იყო? კი, როგორ არა, სიცელქით ყოველთვის გამოირჩეოდა თანატოლებისგან, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, თანდათან ემატებოდა სიდინჯე. როცა სკოლიდან შინ ბრუნდებოდა, საათობით შეეძლო დამდგარიყო ქუჩაში და ეთვალიერებინა გამვლელ-გამომვლელი გოგონები, შემდეგ კი მეგობრებთან დამჯდარიყო და "განეხილა", ვის როგორი გემოვნებით და რომელი ფირმის ტანსაცმელი ეცვა.
იმთავითვე იზიდავდა ეს საქმე, თუმცა სხვებივით ბავშვობაშივე არ დაუწყია თარგების გამოჭრა და თოჯინებისთვის კაბების შეკერვა. ეს მერე მოვიდა, გვიან, როცა სკოლა დაამთავრა.
ხატავდა... ხატვის გამორჩეული ნიჭი აღმოაჩნდა. ამიტომაც გადაწყვიტა, ხელოვნებას გაჰყოლოდა.
ასეც მოიქცა...
1980 წელი
14 წლის ბიჭუნა ხელოვნების სკოლაში მიაბარეს მშობლებმა, როგორც განსაკუთრებულად ნიჭიერი მოზარდი. ბეჯითი აღმოჩნდა. გულმოდგინედ სწავლობდა. არასდროს დაზარებია დავალების შესრულება. უცოდინარი ერთხელაც არ გამოცხადებულა გაკვეთილზე...
დაუფასდა.
-შენ უნდა გაჰყვე შენს საქმეს, ჯამბატისტა!- ურჩია ერთხელაც მასწავლებელმა,- შენს ადგილას, დიზაინერობას მოვკიდებდი ხელს და მსოფლიოს ავალაპარაკებდი.
-ავალაპარაკებ კიდეც,- სრული სერიოზულობით განაცხადა ბიჭუნამ და იდუმალი ღიმილი ესროლა პედაგოგს...
1986 წელი
ეს ის წელია, როცა ვალიმ რომის ევროპული დიზაინის ინსტიტუტში (Istituto Europeo del Design) ჩააბარა. ჩააბარა და წარმატებით შეისწავლა ტანსაცმლის დიზაინის საიდუმლოებები, ეზიარა მაღალი მოდის ხელოვნებას და არჩეულ გზას თავდაჯერებით დაადგა.
მიზანდასახულად მიიწევდა წინ, წარმატებული კარიერის შესაქმნელად, რისთვისაც მხოლოდ ინსტიტუტის დამთავრება არ იყო საკმარისი. თვალში საცემად სიმპათიურმა ჯამბატისტამ კარგად იცოდა ეს. ისედაც არასდროს კმაყოფილდებოდა მცირედით.
-სან მარტინის სკოლაში უნდა ჩავაბარო!- ერთ მშვენიერ დღესაც გამოუცხადა სარკეში თავის ორეულს და ნიშნის მოგებით "ჩახედა" თვალებში.
-ჩააბარე!- ჯიბრიანად უპასუხა ორეულმა და ნიშნის მოგებითვე გაუღიმა "ორიგინალს".
1987 წელი
დაუვიწყარი წელი იყო მისთვის. ლონდონისSaint Martin-ის ხელოვნების სკოლა სწორედ ის სასწავლებელი აღმოჩნდა, რომელმაც გზა გაუკაფა ახალგაზრდა მამაკაცს, თავისი ადგილი ეპოვა ცხოვრებაში.
ერთწლიანი ილუსტრაციის კურსი გაიარა. აქ მოხვედრა არ იყო ადვილი... არც სწავლა... არც ერთი გასჭირვებია და არც მეორე... მოხვდა... ისწავლა...
და დაამთავრა... სხვათა შორის, წარმატებით.
1988 წელი
დაუფასდა მონდომებაც და სიბეჯითეც. პრესტიჟული არტსკოლის დამთავრების შემდეგ იგი შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ეგრევე მიიწვიეს Roberto Capucci-ის სტუდიაში.
როგორი მადლიერი იყო შემდგომ აქ მიღებული ცოდნით და გამოცდილებით. სწორედ აქ ჩასწვდა ტანსაცმლის შექმნის ყველანაირ საიდუმლოს. ეს მისი პირველი პრაქტიკული გაკვეთილები იყო.
ორი წელი დაყო სტუდიაში და დიზაინერებისგან მაქსიმალურად აითვისა ყველაფერი, რაც მომავალში, როგორც მოდის კანონმდებელს, აუცილებლად გამოადგებოდა. ბევრი რამ ისწავლა... "ხეზე ასვლაც" კი.
და შედეგმაც არ დააყოვნა... დაიწყო მისი კარიერული აღმასვლა.
1990 წელი
ტელეფონი გაბმულად რეკავდა. ჯამბატისტას ეძინა. ადრიანი დილა იყო (ეს მისთვის, თორემ კარგა ხანია, 10 საათი გამხდარიყო), ზანტად გადაყო ხელი ტელეფონისკენ და ნამძინარევი ხმით უპასუხა.
-გამარჯობა, სინიორ ვალი!- სასიამოვნო ხმის ქალი ელაპარაკებოდა,- გირეკავთ მოდის სახლი "ფენდი". გთხოვთ, ხვალ ჩვენთან შემოიაროთ და ჩვენს კრეატიულ დირექტორს შეხვდეთ. შემოთავაზება გვაქვს!
ჯამბატისტა სწრაფად წამოხტა საწოლიდან. ისე იყო დაბნეული, ფეხი რაღაცას წამოჰკრა და იატაკზე გაიშ ხლართა ნახევრად შიშველი. გული გამალებით უცემდა. არის! ასრულდა მისი ოცნება! შემოთავაზებაო! "ფენდის" მოდის სახლიო!
ეს ის არის, რასაც უმიზნებდა! უნდა მოაწონოს თავი! არა, ჯერ არა. ჯერ მოუსმინოს, რას სთავაზობენ. იქნებ... იქნებ ისეთს არაფერს? სად წავლენ, რომ არ შესთავაზებენ! ვის იპოვიან მასზე უკეთესს?.. ვერავის!..
...მეორე დღეს ჯამბატისტა ვალი "ფენდის" მოდის სახლის მთავარი დიზაინერი გახდა. ერთ საათში გაფორმდა კონტრაქტი. სინიორ ვალიმ კურირება უნდა გაუწიოს ახალი ხაზის- Fendissime-ს შექმნას.
შედეგი? არაჩვეულებრივი! უკვე ჩამოყალიბებულმა მოდელიერმა თავისუფლად შეძლო ემუშავა უფრო მაღალი კლასის, Pret-a-Porter-ს კოლექციებზე.
იმისთვის, რომ უფრო მეტი ემუშავა საკუთარ თავზე და მეტი გამოცდილება მიეღო, გადაწყვიტა, სამოგზაუროდ წასულიყო. ეს იყო, ფაქტობრივად, "მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო", რომელიც ლამის წელიწადი გაგრძელდა.
კრუიზმა დიდი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე, რაც დაეტყო კიდეც მის კოლექციებს. ჯამბატისტა მას შემდეგ ძალიან ხშირად იყენებს თავის ნამუშევრებში ეთნიკურ ელემენტებს.
ამართლებს და იმიტომ!
იცის თავისი საქმე და იმიტომაც!
1995 წელი
დიზაინერი რომიდან მილანში გადადის საცხოვრებლად, რადგან მისმა კარიერულმა "ბილიკმა" კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ- ჯამბატისტა ვალი მოდის სახლ Krizia-ს ქალის ტანსაცმლის ხაზის მთავარი დიზაინერი ხდება.
გგონიათ, ამას დასჯერდა? არა, რა თქმა უნდა...
1997 წელი
ჯამბატისტა უკვე მწვერვალზეა! ხუმრობა ხომ არ არის, დიზაინერი პარიზში გადაბარგდა. ახლა პარიზი უნდა აალაპარაკოს და მერე ვისთან ერთად? რა თქმა უნდა, მოდის სახლ Emanuel Ungaro-ს დახმარებით, უკაცრავად, დახმარებით კი არა, ხელშეწყობით.
ის სწორედ უნგაროსთან იწყებს თანამშრომლობას და სახელგანთქმული მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად გვევლინება. მისი "მისიაა", შექმნას Pret-a-Porter-ს ხაზი და აქსესუარები.
სითამამე, შემოქმედებითი ძიება, დამოუკიდებლად აზროვნების თავისუფლება სწორედ ის შტრიხები ხდება, რითაც ვალის საშუალება ეძლევა, მოდის სახლი ახალ მწვერვალებზე აიყვანოს.
-ჯამბატისტა, გვითხარი ერთი, როგორია ის- "უნგაროს" თვალით დანახული ქალი?
-პირველ რიგში, ეს ქალბატონი გამოკვეთილად გამოხატული ინდივიდუალობით გამოირჩევა,- დინჯად პასუხობს ვალი,- არის თავის თავში და თავის ქალურობაში დარწმუნებული, უყვარს სიმდიდრე და ბრწყინვალება, მას სიამოვნებს მდიდრული და ძვირად ღირებული სამოსის ტარება.
იგი მასში თავს კომფორტულად გრძნობს. და კიდევ... ჩვენი სამოსი საშუალებას აძლევს ქალებს, ადვილად იმოგზაურონ. თანამედროვე ქალი ხომ ხშირად უნდა გადაადგილდეს.
-შენი საყვარელი ფერი?- არ ეშვებიან "არამკითხე" ჟურნალისტები.
-წითელი... თუმცა, ბუნებით ძალიან მშვიდი ვარ.
-ნუთუ? დიზაინერებს ხომ ერთობ ნერვული სამუშაო აქვთ? განა არ გაქვთ ისეთი მომენტი, როცა რაღაც ძლიერად გაღიზიანებთ და, ბოლოს და ბოლოს, წყობიდან გამოდიხართ?
-დიახ, ხშირად, განსაკუთრებით ჩვენებების დროს. საერთოდ ყველაფერი, რაც ორგანიზაციულ საკითხებს შეეხება, ძლიერად მაღელვებს. მაგრამ, ბევრისგან განსხვავებით, შემიძლია თავის ხელში აყვანა და ვცდილობ, მაქსიმალურად შევინარჩუნო სიმშვიდე, თუნდაც კრიტიკულ სიტუაციებში.
-თავად როგორ სამოსს ანიჭებთ უპირატესობას?
-მე იმდენ ტანსაცმელს ვქმნი, რომ საკუთარ ჩაცმულობაზე ზრუნვისთვის გონებას არ ვიღლი. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის, ვისთვისაც ვმუშაობ. ამის გამო, ჩემს გარდერობში უფრო სპორტული სტილის ტანსაცმელს თუ წააწყდებით, ძირითადად "ადიდასის" ფირმის.
2005 წელი
-დღეს ჩემი დღეა!- კიდევ ერთხელ "დაეძგერა" სარკეში ვალი თავის ორეულს. ამჯერად სარკიდან დაბნეული ახალგაზრდა ყმაწვილი კი არა, სოლიდური, ჩამოყალიბებული მამაკაცი შემოჰყურებდა. აბა რა, იგი უკვე 39 წლისაა. კვლავ სიმპათიური, კვლავ ნიჭიერი, კვლავ თავდაჯერებული...
და, რაც ყველაზე მთავარია, თავისთავადი!
დღეს პარიზის მოდის კვირეულზე ვალი პირველად წარადგენს საკუთარი ბრენდის კოლექციას! ეს ზეწარმატებაა! ეს მისი თვითმიზანი იყო, რომელსაც მიაღწია კიდეც! ბრავო, ჯამბატისტა!
მოდის ინდუსტრიის კოლეგები მაღალ შეფასებას აძლევენ დიზაინერის შემოქმედებასა და ტალანტს. მისი განუმეორებელი სტილი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს სხეულის სკულპტურულობას. დიზაინერი მხოლოდ ძვირად ღირებულ ქსოვილებს იყენებს მუშაობისას და ძალზე თავშეკავებულია ფერების შერჩევის დროს. ბევრი მისი მოდელი კინოფილმების კოსტიუმებს მოგაგონებთ.
2011 წელი
ახლახან ჯამბატისტა ვალი ბრენდ Longchamp-ის მთავარ დიზაინერად დაინიშნა. იტალიელი მოდელიერი ამ ფრანგული მარკისთვის ქალის ტანსაცმლის კოლექციებს ready-to-wear-ს შექმნის.
მაისში მან უკვე წარმოადგინა პარიზში რამდენიმე მოდელი ამ კოლექციიდან, რომელთა შორის აღმოჩნდა ტყავის ქვედაბოლოები და დალიანდაგებული ჟაკეტები.
დიზაინერი ხომ ათ წელზე მეტია, ქალებისთვის ქმნის მოდას. Longchamp-ის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ჯამბატისტა ვალის მოსვლით ბრენდი ქალის ტანსაცმლის ხაზით ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავა.
ჟურნალი "ბომონდი"
(ივლისის ნომერი)