ხატავდა ბავშვობიდან: უცნაური ხედვა ჰქონდა, ერთ მოდელს ოთხ ხელს უხატავდა, რომ რამდენიმე სავარაუდო კოსტიუმი მოერგო მისთვის.
ამ ნამუშევრებს ესკიზს ვერ დაარქმევდით, თუმცა, 3-4 წლის ბავშვი მართლაც ორიგინალური ფანტაზიით გამოირჩეოდა. რამდენიმე ესკიზს დღემდე ინახავს.
ახლა პროფესიონალი დიზაინერია და მის ნამუშევრებს ყოველთვის ინტერესით ელიან.
ხატვა თუ სიმღერა
მოგვიანებით თეატრალურ სტუდიაში შეიყვანეს და სულ სხვა მიმართულებით განვითარდა მისი ნიჭი. კარგად მღეროდა, ცეკვავდა და მუსიკალურ სპექტაკლებში მონაწილეობდა. იმდენად კარგად მღეროდა, მუსიკალურ ფესტივალებზეც გამოდიოდა, სადაც უყურადღებოდ არ რჩებოდა გოგას მონაცემები.
შემოქმედებით გარემოში იზრდებოდა. დედა თეატრში მუშაობდა და ბუნებრივია, ხელოვნების სფეროსთან დაახლოებული იყო. ისიც, რომ ხატვა უყვარდა ეს მისი შემოქმედებითი ნიჭის ერთ-ერთი მხარეა. შემოქმედებითი საქმიანობის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდა.
გარდატეხის ასაკში სიმღერა არ შეიძლებოდა და ისევ ხატვას დაუბრუნდა. იმ დროს უკვე იცოდა, რომ აუცილებლად დიზაინერი გამოვიდოდა. 14 წლის ასაკში ისევ ძველ ესკიზებს მიუბრუნდა, დახვეწა და პირველ კოლექციაზე მუშაობა დაიწყო. რამდენიმე კაბა შეკერა და გოგაზე სატელევიზიო გადაცემაც მომზადდა.
გოგას ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მისი ნამუშევრების პირველი ჩვენება, რომელიც ცნობილმა მსახიობმა, ლიკა ქავჟარაძემ წაიყვანა. ჩვენებაში მსახიობის სამოდელო სტუდიის მოდელები მონაწილეობდნენ.
ჩვენება ბათუმში ჩატარდა და თამამი განაცხადი გახლდათ ახალგაზრდა დიზაინერისთვის.
"ყველაფერს მაინც გართობის სახე ჰქონდა. ჩვენებებზე ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ, მათ შორის, სოფო ხალვაში. ამ გადასახედიდან საკუთარი ნამუშევრების მიმართ კრიტიკული ვერ ვიქნები. რასაც ვგრძნობდი, იმას ვქმნიდი - ფერი, ქსოვილი, სილუეტი, ყველაფერი ემოციას უკავშირდებოდა, ბავშვურ ინტუიციას ეყრდნობოდა და მიუხედავად ყველაფრისა, ნამუშევრები მაინც კარგი გამოდიოდა." - იხსენებს გოგა.
კომპოზიციის შეგრძნება იმდენად დახვეწილი ჰქონდა, განსაკუთრებული ცოდნა არ სჭირდებოდა. უფრო ემოციით, ინტუიციით ქმნიდა, ვიდრე გონებით. იმდენად ნაყოფიერად მუშაობდა, რომ წელიწადში ორი ჩვენების გამართვაც კი ეცოტავებოდა.
"მიმაჩნია, რომ ამ საქმიანობაში წარმატების მიღწევა, პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირდება. უფრო იხვეწება და იკვეთება ინდივიდუალური სტილი. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ფეშენ ტივის არ ვუყურებდი, რომ ვიღაცას პლაგიატობაში არ დავედანაშაულებინე.
მინდოდა, შემოქმედებითი დამოუკიდებლობა მქონოდა. მაინც ხდება ხოლმე დამთხვევები, თუმცა იქვე შეიძლება გაარკვიო, დამთხვევაა თუ კოპირება", - ამბობს გოგა.
რა ბედი ეწევათ ხოლმე კოლექციებს? – რაც მოსწონს, იმის გაყიდვა ენანება. რამდენიმე კოსტიუმი შენახული აქვს, რომელსაც გასაყიდად ვერასდროს გაიმეტებს.
გაგრძელება...
არ უყვარს, როცა დიზაინერი ერთსა და იმავე თემას ან სილუეტს უტრიალებს. უყვარს მრავალფეროვნება, რომელიც გოგას კოლექციებზე აისახება. მასთან ყველაფერი იცვლება, რაც რჩება, ეს ქსოვილის ფაქტურაა: აბრეშუმი და შიფონი. მიაჩნია, რომ ეს ფაქტურები ქალის ბუნებასთან ახლოსაა.
დეტალებისა და ფერადოვნების სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. მუქ ფერებში ერთადერთი კოლექცია შექმნა და "შერატონში" ჩატარებულ დიზაინერების კონკურსზე გაიტანა.
კონკურსზე უმაღლესი შეფასება, გრან-პრი მოიპოვა. კოლექციაში, ელეგანტური, დახვეწილი კაბები იყო წარმოდგენილი. გოგას აინტერესებდა, როგორ იმუშავებდა მუქ ფერზე და განსხვავებულ სტილზე.
"ბავშვობაშიც უკვე ზრდასრული ადამიანი ვიყავი. ჩემი თვისებები, ალბათ, ცხოვრების წესმაც განსაზღვრა. ვიზრდებოდი დედასთან და ბებიასთან. ისინი მუშაობდნენ და მარტო დარჩენილს შემეძლო საკუთარი თავის მოვლა. ბავშვობიდან დამოუკიდებლობას ვარ მიჩვეული.
ჩემი ბავშვურობა უფრო კოლექციებზე, განსაკუთრებით ფერადოვნების სიყვარულზე აისახებოდა. ფერების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება დღემდე მომყვება."
პირველი განაცხადი
მუშაობდა ბევრს, რომ პროფესიულად გაზრდილიყო და ნამუშევრები უფრო დახვეწილიყო.
"წინასწარ არაფერს ვგეგმავ. სამუშაოში სპონტანურობა მიზიდავს. როცა ინდივიდუალურ დაკვეთაზე ვმუშაობ, კლიენტს, რამდენჯერმე ვიბარებ, სანამ იდეა არ დაიბადება. მერე, იდეის განხორციელებაზე ვიწყებ მუშაობას. როცა მზად ვარ, შემდეგ ვურეკავ.
ჩემს სახელოსნოში ყოველთვის შემოქმედებითი ატმოსფეროა. ხელოსნებთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, ამიტომ ისინი ვერ გრძნობენ, რომ სხვის საქმეს ემსახურებიან. ერთი გუნდი ვართ, რომელიც ერთ საქმეზე მუშაობს." - აღნიშნავს გოგა.
თბილისი
საქართველოს მოდის კვირეული საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მის შემოქმედებით ცხოვრებაში. ეს გახლდათ მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე გამოიტანა. იმდენი იდეა აქვს განსახორციელებელი, ხუმრობს: სამი ფეშენ ვიკი რომ ტარდებოდეს, სამივეზე გამოვიდოდიო.
"ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა სამოდელო სააგენტო "ნატალის" მიერ განხორციელებულ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ომის შემდეგ განხორციელდა. სამშვიდობო აქციაზე რამდენიმე დიზაინერმა მივიღეთ მონაწილეობა.
თითო თეთრი კოსტიუმი უნდა გამოგვეტანა, რომელსაც ცნობილ მოდელებს მოვარგებდით. ჩემი ნამუშევარი გახლდათ თეთრი ატლასისგან შეკერილი კაბა, მკლავებზე თეთრი ბუმბულისგან შექმნილი ფრთების იმიტაციით.
თავად კაბა, კიმანოს მოგაგონებდათ, რომელსაც მაღალი კორსეტი ამშვენებდა. ძალიან ლამაზი და ორიგინალური ნამუშევარი გამოვიდა. - იხსენებს გოგა.
საქართველოს მოდის კვირეულზე განსხვავებული კოლექცია წარმოადგინა. კოსტიუმები პასტელის ფერებში იყო გადაწყვეტილი. ამ კოლექციის შთაგონების წყარო გახლდათ მუსიკა, რომელსაც სხვადასხვა მომღერალი ასრულებდა. კოლექციასაც იგივე სულისკვეთება ჰქონდა.
"წარმოვადგინე ტრიკოტაჟისა და შიფონის ქსოვილისგან შექმნილი კაბების კოლექცია. ასევე გამოვიტანე პალტოების სერია და სუპერ-მინი კაბებისა და უფორმო ჟილეტების მიქსი. კოლექცია ბაფთებითა და სხვადასხვა ფერის ხელით ნაქსოვი ყვავილებით იყო გაფორმებული."
შემდეგი კოლექცია თბილისის მოდის კვირეულზე წარმოადგინა. თინეიჯერებისთვის გათვლილი კოლექცია "ბონიემის" თემამ უკარნახა. გრძელი წინდები, ფერადი კაბები და უნაზესი, ხელით ნაქსოვი მოსაცმელები, ახალგაზრდულ განწყობას ქმნიდა. კოლექცია ხალისიანი და ლამაზი იყო, შესაბამისად, კრიტიკამ კარგად მიიღო.
შემდეგი კოლექცია ისევ საქართველოს მოდის კვირეულზე გამოიტანა. კოლექციიის ჩვენებამ გია ყანჩელის ულამაზესი მუსიკის თანხლებით ჩაიარა. ორიგინალური ფორმის კოსტიუმებს ბაფთები და ყვავილები ამშვენებდა.
საერთოდ, ეს თემა გოგასთვის ახლობელია და კოლექციაში ხშირად იყენებს. მიაჩნია, რომ ბაფთა და ყვავილი, ქალურობისა და სინაზის სიმბოლოა.
პროექტი
"ბომონდის" პროექტს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდა. წარმოდგენილი ქალის სახე თანამედროვე ქალის სახის სიმბოლო უნდა გამხდარიყო. მოკლე შარვალი და ბეწვის ფაქტურა, ხასიათის სიძლიერეს გამოკვეთდა.
განსხვავებული სტილი გამოვიდა, რომელზე მუშაობაც მოეწონა - საინტერესო ლანდშაფტზე გოგას ნამუშევრები, მართლაც, ახალი რაკურსით წარმოჩინდა.
გოგა ნამდვილი პროფესიონალია. სილუეტი, ყოველი დეტალი მის კოლექციაში გრძნობით იქმნება. ამიტომაც ყველაფერი ინდივიდუალურია და განსხვავებული. თავისი პროფესია ძალიან უყვარს. როცა სიყვარულია, იქ შემოქმედებაა და შედეგიც გამორჩეული.
ქეთი დარჩია
ჟურნალი "ბომონდი"
(სექტემბრის ნომერი)