"ცხელი კოცნის" ისტორია - Marao

"ცხელი კოცნის" ისტორია

2014-02-24 13:59:37+04:00

ფოტოსურათმა, რომელიც ფოტოგრაფ რობერტ დუანომ 1950 წელს, ჟურნალ Life-ის დაკვეთით გადაიღო, მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

ის პარიზის ერთგვარ სიმბოლოდაც კი იქცა. დუანოს "კოცნა" ძალიან ჰგავს შემთხვევით და მოხერხებულად "დაჭერილ" კადრს. დარღვეული კომპოზიცია და ოდნავ გადღაბნილი გამოსახულება თითქოს ცხოვრების რეალურ მომენტს ასახავს.

ფოტო ჟურნალ Life-ში გამოქვეყნდა, ფირი კი არქივში 30 წელზე მეტ ხანს ინახებოდა...

ფოტოსურათი მსოფლიოში ცნობილი კი მხოლოდ 1986 წელს გახდა, როდესაც ის პოსტერზე დაიბეჭდა.

დუანოს "კოცნა" 2.5 მილიონ ღია ბარათზე, 500 000 პლაკატზე, კალენდრებზე, ფოტოალბომის ყდებზე, ფარდებზე და თითქმის ყველაფერზე იყო დაბეჭდილი. ამ ერთმა ფოტომ შემქმნელს იმაზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ვიდრე დანარჩენმა ფოტოებმა ერთად.

თუმცაღა, პოპულარობას მეორე მხარეც აქვს. ასეთი ფურორის შემდეგ დუანო ათასობით წერილს იღებდა თაყვანისმცემლებისაგან. მათ შორის იყო წერილი იმ წყვილისაგან, რომელიც სურათზე იყო აღბეჭდილი.

ისინი ჰონორარს - 90 000 $-ს ითხოვდნენ კომპენსაციისათვის. საქმე სასამართლომდე მივიდა. დუანომ მოიგო პროცესი, მაგრამ მას მოუხდა იმის აღიარება, რომ ფოტო დადგმული იყო. ფოტოგრაფის სიტყვებით, ის ვერ გაბედავდა ნებართვის გარეშე გადაეღო წყვილი კოცნის მომენტში, რადგან ასეთ წყვილებს იშვიათად აქვთ "კანონიერი ურთიერთობები".

თეა ინასარიძე