ახლახან ავსტრალიელმა მოდელმა ესენა ონილმა უარი განაცხადა სოციალური ქსელის, Instagram-ის გამოყენებაზე და ვებგვერდი სიყალბეში დაადანაშაულა.
მან აღიარა, რომ თავისი იდეალური ფოტოებით ატყუებდა გამომწერებს. გოგონა მომენტალურად გახდა ინტერნეტსივრცის გმირი, ხოლო მისი ისტორია - პრესისთვის ყველაზე განხილვადი. ამ მაგალითის შემდეგ ბრიტანელმა მოდელმა და ბლოგერმა სტინა სანდერსმა გადაწყვიტა, მსგავსი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. მან უარი განაცხადა გლამურულ ფოტოებზე და შედეგად გამომწერები დაკარგა, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე ხნით მოხდა.
24 წლის გოგონამ საზოგადოებას უჩვენა თავისი ნამდვილი ცხოვრება: ფრჩხილებზე აქერცლილი ლაქი, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი, არასწორი რაკურსით გადაღებული სელფი, ასევე, ეპილაციის პროცესი.
სწორედ ამიტომ პირველ დღეებში მისი გამომწერების რაოდენობა 13 000-დან 10 000-მდე შემცირდა, ხოლო მას შემდეგ, რაც გოგონას ექსპერიმენტზე მსხვილმა გამოცემებმა დაწერეს, ბლოგერის მიმდევართა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
"მინდოდა მენახა, რა მოხდებოდა მაშინ, თუ აღარ დავდებდი გლამურულ ფოტოებს და საზოგადოებას გავუზიარებდი იმას, რასაც ახლო მეგობრებსაც კი არ უჩვენებენ. ქმედებებს, რომლებიც ტაბუირებულია. ვთვლი, რომ Instagram-ი სიყალბეა, თავისი ფოტოს გაფილტვრებით და შელამაზებებით. ამიტომაც მაინტერესებდა, რა მოყვებოდა ჩემს საქციელს"- განაცხადა ბრიტანელმა მოდელმა სტინა სანდერსმა.