ვერასდროს ვიფიქრებდი.
მე – ბრიჟიტ ბარდოს როლში.
სანამ გადაღებები დაიწყებოდა, დავურეკე და ვთხოვე – მიამბეთ თქვენზე! მან მიამბო, მე კი მისი ცხოვრება მაყურებლებს მოვუყევი.
ლეტიცია კასტამ - ცნობილმა სუპერმოდელმა, 2010 წელს ბრიჟიტ ბარდოს და სერჟ გინსბურგის შესახებ გადაღებულ ფილმში ”სერჟ გინსბურგი, ხულიგნური სიყვარული” (Serge Gainsbourg, Vie Heroique) მთავარი როლი შეასრულა.
ძნელია ითამაშო ადამიანი, რომელიც შენი თანამედროვეა, მასზე ლეგენდებსაც ვერ შეთხზავ და ვერც ვერაფერს გადაასხვაფერებ – უბრალოდ, ძალიან კარგად უნდა ითამაშო.
ვღელავდი. პირველ დღეს ცოტა ჯინიც კი დავლიე, ოღონდ ეს რეჟისორისთვის არ მითქვამს. იმედია, ამ ჩანაწერსაც ვერ წაიკითხავს, არ ეწყინოს. თუმცა, რატომ უნდა ეწყინოს, ჩემი თამაში ძალიან მოეწონა. ფილმებში კი მითამაშია, თუმცა დიდი გამოცდილება მაინც არ მაქვს.
გადაღების დაწყებამდე კოჭზე პატარა წითელი ლენტი შევიბი, როგორც ბრიჟიტის განსხვავებულობის სიმბოლო; მერე დიდხანს ვიქექებოდი ჩემს უზარმაზარ კარადაში და ერთი ძველი, უცნაური კაბა ამოვაძვრინე, ზემოთ მთლიანად თვლებით მოოჭვილი, ქვემოთ – ძალიან მოკლე, ფეხზე მაღალქუსლიანი, ხასხასა, წითელი ფეხსაცმელი ჩავიცვი და ასე წავედი.
ყველა გაოცდა, ჩემს თავს არ ვგავდი. მეც ზუსტად ეს მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ისეთი ეფექტი მოვახდინე, როგორსაც ბრიჟიტი ახდენდა თავის ახალგაზრდობაში, რაც მთავარია, განსხვავებული ვიყავი.
ბრიჟიტიც ასეთია.
იცით, ის თავისი დროის ანარქისტი იყო, ანარქისტი და ექსტრემალი. იმ დროს განქორწინებაზე ვერც იფიქრებდი, ეს მეტისმეტად სკანდალური იქნებოდა. ბრიჟიტმა ეს გაბედა.
უფრო მეტიც!
მკერდის მოშიშვლება - უარესი იყო, ვიდრე განქორწინება. მას არც ამის შეშინებია.
არა, მე ასეთი ექსტრემალი ვერ ვარ. არც მისი ანალოგი, მე უბრალოდ, ლეტიცია ვარ, რომელმაც ძალიან, ძალიან დიდი სიამოვნება მიიღო ამ როლის შესრულებით. არ მიცდია, მეორე ბარდო ვყოფილიყავი – ეს შეუძლებელია. სამაგიეროდ, ვეცადე, კარგად მეამბნა მასზე. ამისთვის, ჯერ, პირადად მას დავურეკე. გაუხარდა. მერე მომიყვა, როგორ აღიქვამდნენ მას გარშემომყოფები. პატარა ბავშვივით იყო – აღიარა კიდეც – ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა და მაინც ვაკეთებდიო. ალბათ, სერჟსაც ამიტომ შეუყვარდა. ისიც ხომ დიდი ხულიგანი იყო, ისე, მისი ფანი ვარ, ალბათ, როგორც ყველა ფრანგი, შესანიშნავი მომღერალია.
ძნელია, იყო ლამაზი ქალი. ბრიჟიტის მესმის. ლამაზი ქალი მხოლოდ სურვილის ობიექტია, მაგრამ, რა ხდება მის შიგნით?! ორი ღამე ვფიქრობდი ამაზე, მერე მივხვდი, ბევრს თუ ვიფიქრებდი, ძალიან დავიბნეოდი. საერთოდ, დაბნეული არ ვარ, მშვიდი ვარ და გაწონასწორებული. აი, ბრიჟიტი...
- წინააღმდეგი ხომ არ ხართ, თქვენი თავი მე ვითამაშო?! – ვკითხე. ცოტა დაბნეულად გამომივიდა, ვაღიარებ.
მას გაეცინა.
- რა თქმა უნდა, არა.
და მერე ანეკდოტებიც მიამბო. მისი ეს განწყობა დამეხმარა და როლი თავისუფლად ვითამაშე. ნეტავ, ოდესმე, ჩემს ცხოვრებაზეც გადაიღებენ ფილმებს?!
რა ამბიციურად ჟღერს – ფილმ-ებს! არადა, სულაც არ ვარ ამბიციური. უბრალოდ, ეს ისეთი საინტერესოა...
ისე, არც გადაღებები გაგრძელებულა დიდხანს, სულ რაღაც ხუთი დღე. რა არის ხუთი დღე?! ერთი, ორი, სამი, ოთხი და...
მეხუთე დღეს განსაკუთრებულად ვიხალისე და განსაკუთრებულად დავიღალე. ყველა დუბლი უნდა გადაგვეღო, რაც მანამდე არ მოგვეწონა. კიდევ კარგი, დატვირთულ რეჟიმს შეჩვეული ვარ. არ გინდა მთელი დღე ფეხზე დგომა და პოდიუმზე სიარული?! თუმცა, ეს სხვა თემაა.
იმ დღეს სასტიკად წვიმდა. წვიმა მიყვარს, იმ დღეს კი დიდად არ გამხარებია, მინდოდა, ყველაფერს ებდღვრიალა. გულში ჩავუთქვი, თუ გამოიდარებს, ყველაფერი კარგად იქნება, გადაღებებიც კარგად დამთავრდება და ფილმიც წარმატებული იქნება-მეთქი.
როგორ გავრისკე! ის აღარ ჩამითქვამს, წვიმა რომ გაგრძელებულიყო, რა მოხდებოდა. ალბათ, მაინც იმავეს ჩავიფიქრებდი.
არ დაიჯერებთ! სანამ სახლიდან გავიდოდი, ღრუბლები ნელ-ნელა გაიფანტა და გამოიდარა.
მეც გავიბადრე.
იმ დღეს გადამღები ჯგუფიც განსა-კუთრებულად მობილიზებული იყო და მელოდნენ. მე ოცი წუთით დამაგვიანდა. საოცარია, მე ხომ არსად ვაგვიანებ ხოლმე, მოდელის ცხოვრებისთვის ეს უჩვეულოა. კაცმა რომ თქვას, არც მსახიობს ეპატიება დიდად.
გინდათ გითხრათ, რატომ?!
ბრიჟიტს ველაპარაკებოდი. მთელი ოცი წუთი, სახლიდან გამოსვლამდე! თვითონ მთხოვა, ბოლო დღეს დამერეკა. იცით, რა მითხრა?! გამოგიტყდები, ჩემს თავს მე თვითონაც სიამოვნებით ვითამაშებდი, ბედნიერი ხარ, რომ სხვა ცნობილი ადამიანის თამაში გიწევს, ეს ხომ ძალიან ძნელი და თან ძალიან საინტერესოაო.
იმ დღეს ყველაფერი მშვენივრად გადავიღეთ. რეჟისორიც კმაყოფილი იყო და მეც. დღის ბოლოს მითხრა – ვერ წარმომედგინა, რომ ბრიჟიტს ისე ითამაშებდი, სულ არ მემახსოვრებოდა, რომ შენ ლეტიცია კასტა ხარ და არა ბრიჟიტ ბარდოო. რამხელა კომპლიმენტია!
არა, კარგად თამაში კი არ გამხარებია, - ის, რომ მას შემადარეს. კარგად რომ ვთამაშობ, ვიცი...
ისევ ამბიციურად ჟღერს, არადა, ხომ გითხარით, არ ვარ ამბიციური-მეთქი. უბრალოდ, ფრანგები ნიჭიერები ვართ... და რაც უნდა თავდაჯერებული ვიყო, მაინც მომიწევს იმის აღიარება, რომ ბარდოსთან შედარება ჩემთვისაც კი დიდი პატივია.
იმედია, ოდესმე მეც ვიქნები ქალი-ლეგენდა და ტყუილად არ მაქებენ მთელ მსოფლიოში. თუ არ ვიქნები და... საკუთარი პოპულარობაც მეყოფა.
ფილმის გამოსვლის შემდეგ ტელეფონი ავიღე, მისთვის მინდოდა დამერეკა და... ზუსტად იმ წუთს მას პირიქით – ჩემი ნომერი აუკრებია.
- მადლობა, შესანიშნავი ხარ, პატარა ბრიჟიტ, - მითხრა.
გამიხარდა.
გამიხარდა, რომ შესანიშნავი ვარ, თუმცა მთლად ”პატარა ბრიჟიტიც” ვერ ვიქნები, უკვე ქალი ვარ და შვილების დედა... ჩემი ქმარიც ასე ფიქრობს, მისთვის მხოლოდ ლეტიცია ვარ.
- შესანიშნავი ხარ, ლეტი, - მითხრა მან.
დიახ, მე ლეტიცია ვარ, ლეტიცია კასტა, და ბოლო დროს კიდევ ერთი ანარქისტი მსახიობი შემიყვარდა განსაკუთრებულად
– ბრიჟიტ ბარდო.
წითელი ლენტი კი დიდხანს არ მომიხსნია – სანამ რომელიღაც აუზზე არ მომძვრა.
ჟურნალი ”ბომონდი”
თამუნა თოდუა