ჰაიდი კლუმი ულამაზეს ცნობილ გერმანელ ქალთა სიაში რიგით მესამეა...
სახელი და გვარი: ჰაიდი კლუმი
სიმაღლე: 176 სმ
პარამეტრები: 89-65-92
თვალის ფერი: მომწვანო-მოთაფლისფრო
თმის ფერი: ღია წაბლისფერი
ცნობილია: უნაკლო სხეულითა და მამაკაცების ჭკუიდან გადაყვანის ხელოვნების ფლობით,
მოდის სამყაროს "აკვნიდანვე" ეზიარა. მამამისს ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმეტიკური ფირმა ებარა, დედა კი სტილისტი გახლდათ.
მოდის თემა მის ოჯახში ყოველთვის აქტუალური იყო. ჟურნალის მაგიდაზე მოდის ჟურნალების ტევა არ იყო. ერთხელ, მოწყენილობის ჟამს, გოგონამ ერთ-ერთი ჟურნალი გადაშალა და პირველი, რაც თვალში მოხვდა, განცხადება იყო: "მიუნხენში ტარდება კონკურსი მოდელებისთვის. გამარჯებულს..."
18 წლის ჰაიდიმ გადაწყვიტა ბედი ეცადა და კონკურსში "მოდელი 1992" მიიღო მონაწილეობა.
- გამარჯვებაზე არც ვოცნებობ. ლამის არ გავემგზავრო მიუნხენში ამ კონკურსზე. - უთხრა ერთ დღეს დედას.
- საიდან ასეთი პესიმიზმი? შენ ხომ ძალიან ლამაზი გოგონა ხარ. - გაუღიმა დედამ.
- ვიცი, მაგრამ ისეთი კონკურენციაა... ოცდახუთი ან ორას ორმოცდაათი კი არა, 25 ათასი კონკურენტი მყავს. წარმოგიდგენია?!
- რას ამბობ! - შეიცხადა დედამ. - თუმცა არცაა გასაკვირი, ჯილდოა ისეთი, რომ...
- ჰო. Late-Night-Show-ში მონაწილეობა და სამასათასდოლარიანი კონტრაქტი ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან. ეჰ, მე ვინ მომცა მაგის ბედი...
- ზოგჯერ სასწაული მაშინ გეწვევა ხოლმე ადამიანს, როცა ამას საერთოდ არ მოელი. - დაამშვიდა დედამ, თუმცა აშკარა იყო, კონკურსანტების რაოდენობამ გუნება წაუხდინა.
მოხდა სასწაული და ჰაიდიმ გაიმარჯვა. კონტრაქტს აღელვებულმა მოაწერა ხელი და ნიუ-იორკში გადაბარგდა. იმ დღიდან მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
დამწყები მოდელის ხიბლი "sport illustreited"-ის რეპორტიორმა შენიშნა.
- დაგვირეკეთ. - გაუღიმა რეპორტიორმა და სავიზიტო ბარათი გადასცა. - არაა გამორიცხული, ჩვენი ჟურნალის გარეკანზე მოხვდეთ. მშვენიერი გარეკანი გამოვიდა. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი უცნობი მოდელის ფოტომ ყველას ყურადღება მიიპყრო. ნამდვილი ფურორი მოახდინა.
- ალო... დედა... როგორ ხარ?.. ო, მე - გადასარევად! წარმოგიდგენია, ამ ჟურნალის გარეკანზე იმდენად კარგად გამოვიყურები, რომ ვინ აღარ დამიკავშირდა საქმიანი წინადადებით. ისეთმა ფირმებმა მთხოვეს მათთან კონტრაქტის გაფორმება, თვითონაც არ მჯერა. აი, მისმინე, ჩამოგითვლი: "გუჩი" "კრისტიან დიორი" კიდევ... ოჰ, ახლა ისე ვღელავ, ყველას ვერ ვიხსენებ.
გადაღებები ისეთმა ჟურნალებმა შემომთავაზეს, ოცნებასაც რომ ვერ გავბედავდი. მისმენ?.. ახლავე ჩამოგითვლი: "ელი", "ვოგი" "მარი კლერი" კიდევ... ოჰ, რა გაიხსენებს ყველას. ძალიან ბედნიერი ვარ, ნახვამდის. გკოცნი.
პირველად იტერვიუ რომ ჩამოართვეს, თავი ნამდვილ ვარსკვლავად იგრძნო.
- იცით, ჩემი აზრით, დიდი კარიერის დაწყებას პატარა რამ ჰყოფნის. ესაა ფოტო ლამაზი და ცნობილი ჟურნალის გარეკანზე. ნურავინ დამიწყებს მტკიცებას, რომ მოდელის ფოტოში მთავარი მისი ვარცხნილობა და ტანსაცმელია.
დიზაინერისა და სტილისტის შემოქმედების დემონსტრირებაზე მნიშვნელოვანი მოდელის შარმია. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ დიდი კარიერის დაწყებას პატარა რამ ჰყოფნის. ესაა ფოტო ლამაზი და ცნობილი ჟურნალის გარეკანზე. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა.
უამრავ კომპანიას სურდა მასთან თანამშრომლობა. ერთხელ სამოდელო სააგენტოდან კი არა, მხატვრის სახელოსნოდან დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ჯოან გეირი მოდელებს არჩევდა ბოდი-არტისთვის. ჰაიდი დათანხმდა.
მოგვიანებით, მისი ფოტოები ჯოანის წიგნში შევიდა. სხვათა შორის, ამ ფოტოალბომისთვის შესავალი სიტყვის დაწერის პატივიც ჰაიდი კლუმს ხვდა წილად. მისი პოპულარობა დღითი დღე იზრდებოდა. მალე გერმანელი გოგონა "ამერიკის №1 ლამაზმანის" ტიტულს დაეუფლა.
თვალისმომჭრელ მოდელს არ რცხვენოდა აღიარება: - მართალია, გამხდარი არ ვარ, მაგრამ ამის გამო ჩემს სამოდელო კარიერას კრახი არასდროს განუცდია. უნდა ვაღიარო, დეფილეზე გამოსვლებით არასდროს მანებივრებენ. მე მესმის დიზაინერების. ძალიან ხორცსავსე ვარ საიმისოდ, რომ მოდელის ტანზე გათვლილი კაბა თეძოებზე მომერგოს.
წარმატებული, მომხიბვლელი მოდელის მიმართ ვერც კინოინდუსტრია დარჩა გულგრილი. ერგო ეპიზოდური როლები ცნობილ სერიალებში: "სექსი დიდ ქალაქში" და "როგორ გავიცანი დედაშენი."
რამდენიმე სრულმეტრაჟიან ფილმშიც მიიწვიეს, ისეთებში, როგორიცაა "დემონი იცვამს პრადას" და "იდეალური უცნობი."
ყოველი ახალი გადაღება ფილმსა თუ რეკლამაში, ცხადია, მის ბიუჯეტზე აისახებოდა. ჰოდა, 2007 წლისთვის ამ ბიუჟეტში იმდენი დაგროვდა, რომ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, მაღალანაზღაურებად მოდელთა სიაში მესამე აღმოჩნდა. ეგ კიდევ არაფერი, შემდეგ წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დაუჯერებელია, მაგრამ წლის დასაწყისშივე, მხოლოდ სამ თვეში 14 მილიონი დოლარი გამოიმუშავა!
ჰო, უდეფილეობა პრობლემა ნამდვილად არაა, როცა ჰაიდი კლუმი ხარ. გარეგნობის წყალობით არნახული კაპიტალი დააგროვა. ჯერ მარტო რეკლამებში აღებული თანხა. რის რეკლამაში აღარ გადაიღეს.
მაკდონალდის რესტორანთა ქსელისა და ტკბილეულის, გერმანული წარმოების ფეხსაცმლის, ჯინს Jordache-ს რეკლამაში. თავის მოვლის საშუალებებს ხომ სათვალავი არ აქვს.
წლების განმავლობაში უკეთებდა რეკლამას Shwarzkopf-ის ფირმის შამპუნს. რეკლამას უკეთებდა ტანსაცმლისა და საცურაო კოსტიუმის, თეთრეულის ხაზს.
სხვების წარმოებული პროდუქციის წარმოებას არ დასჯერდა, რაღაც სხვაც უნდოდა.
- რატომაც არ უნდა მქონდეს თუნდაც სუნამოს საკუთარი ხაზი? - ჰკითხა ერთხელ საკუთარ თავს. მართლაც...
სულ მალე, ჰაიდის სახელობის კოსმეტიკური ხაზი დაიბადა. ბრენდი სახელწოდებით Victoria‘s Secret "Very Sexy Makeup". თავის სამშობლოში, გერმანიაში კი, ახალი სურნელი გამოჩნდა, რომელსაც "ჰაიდი კლუმი" ერქვა და, რა თქმა უნდა, გერმანელებმა უმალ დაიტაცეს. ასევე უდიდესი წარმატება ხვდა წილად კლუმის სუნამოს "Me".
- ვითომ მხოლოდ ჩემი სახელობის კოსმეტიკა და სუნამო საკმარისია? - ასეთი კითხვა გაუჩნდა ერთ დღეს. ჰო, ფულთან ერთად ამბიციაც მატულობს.
- ვიცი, რაც მინდა.
მისი სურვილები და შესაძლებობები ყოველთვის (თითქმის) მოდის გარშემო ტრიალებენ. ჰოდა, ვითომ დიზაინერობაში რატომ არ უნდა ესინჯა თავი?
- საჩემო საქმეა. - თქვა ერთ დღეს კმაყოფილმა, როცა მისი დიზაინით შექმნილ სამკაულს გადახედა.
- ახლა კი დროა, მათ რეალიზებაზე ვიფიქრო. - თვალი ჩაუკრა საკუთარ თავს სარკეში და გეგმაც დააწყო. იდეის ხორცშესხმას რაღა უნდა.
სამკაულები ერთ-ერთი ტელეარხით, პირდაპირი ეთერით გაიყიდა.
- ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. - თქვა თვითკმაყოფილმა. ხუმრობა ხომ არაა, 16-დან 14 ნაკეთობა პირდაპირი ეთერის დაწყებიდან ნახევარ საათში გაიყიდა!
ჟურნალი "ვოგი" - ერთ დროს როგორი მიუწვდომელი, საოცნებო... ჰაიდი ყავას სვამს და ჟურნალს ფურცლავს. მისი ფოტოების გარდა, ინფორმაციაც არის დაბეჭდილი. "ვოგი" დიდ ადგილს უთმობს ჰაიდის, ეს კარგია.
Victoria‘s Secret-მა გერმანელ სუპერმოდელ ჰაიდი კლუმთან 2,5-მილიონ დოლარიანი კონტრაქტი გააფორმა. უნდა ითქვას, რომ კონტრაქტი საკმაოდ გრძელვადიანია და მოდელს ნებისმიერი სახით იმიჯის შეცვლას უკრძალავს. კონტრაქტის დასრულებამდე მოდელს გათხოვება ეკრძალება.
ჟურნალი მაგიდაზე დადო, ყავის ფინჯანი ნიჟარაში ჩადო და ჩაფიქრდა.
- მილიონები კარგია, კარიერაც, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი მაკლია. ალბათ, ოჯახი. აი ახლა რომ უცებ გადავწყვიტო და ოჯახი შევქმნა, რა მოხდება? - გაიღიმა. მერე კი სევდიანად დაამატა: - მოხდება ის, რომ ჩემს მრავალმილიონიან კონტრაქტს დავემშვიდობები.
არა, ჰაიდი, ჯერ ადრეა ოჯახზე ფიქრი. ჯერ Victoria‘s Secret-ის ქვედა საცვლების დემონსტრირებით უნდა გავერთო. თანაც კარგა ხანს.
ძნელია, პირადი ცხოვრება დაგეგმო და სიყვარული შენს საქმიან გეგმას დაუმორჩილო. სანამ კონტრაქტი დასრულდება, იმდენი რამ მოხდება ჰაიდის პირად ცხოვრებაში...
როგორც ხდება ხოლმე, კარიერაში წარმატებული ქალი პირად ცხოვრებაში არცთუ წარმატებული აღმოჩნდა.
- აი, დედა, ხომ ხედავ, არჩევანი შენს კოლეგაზე გავაკეთე. - მოეხვია დედას ჰაიდი. - გაიცანი, ჩემი რჩეული, სტილისტი და დიზაინერი რიკ პიპინო.
- რა პროფესიისაც უნდა იყოს, ჩემი გოგონას არჩევანი ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში მისაღებია, - თქვა დედამ და რიკი გულში ჩაიკრა.
ეგონა, სიცოცხლის ბოლომდე ეყვარებოდა, მაგრამ შეცდა. ერთად თითქმის ექვსი წელიწადი გაატარეს და დაშორდნენ.
შემდეგ იყო საკმაოდ გავლენიან მამაკაცთან, ფორმულა-1-ის მენეჯერთან შეხვედრები. გრძნობაში გადაზრდილი ფლირტი. დაოჯახება გადაწყვიტეს. ერთ დღეს ბედნიერმა ჰაიდი კლუმმა პრესას განუცხადა:
- ბედნიერი ვარ, ფლავიო ბრიატორესგან შვილს ველოდები.
იმავე დღეს პრესაში ფლავიოს პიკანტური ფოტოები გაჩნდა, სადაც ის საიუველირო იმპერიის "დედოფალთან," ფიონა სვაროვსკისთან ერთად იყო გადაღებული.
ეს ძალიან ძლიერი დარტყმა იყო ჰაიდისთვის. მალე შავკანიანი მომღერალი, სილი გაიცნო. ამ ადამიანისგან საოცარ მხარდაჭერას გრძნობდა მთელი ორსულობის პერიოდში.
- რა საყვარელი გოგონაა. - გაუღიმმა სილმა ახალნამშობიარებ კლუმს. - ულამაზესია, დედასავით.
გავიდა ზუსტად ერთი წელიწადი ამ ფრაზის წარმოთქმიდან და ეს საყვარელი გოგონა იშვილა. დედამისი კი ცოლად შეირთო. პატარა ლენი (ასე ერქვა ბავშვს) ნამდვილ მამას არასდროს უნახავს, მით უმეტეს, არანაირი მზრუნველობა არ გამოუჩენია მის მიმართ.
ჰაიდიმ სილს ორი ვაჟი გაუჩინა.
ჰო, კონტრაქტი... Victoria‘s Secret-ის კონტრაქტში გარკვევით ეწერა, რომ მოდელს იმიჯის ნებისმიერი სახით შეცვლა ეკრძალებოდა. ჰაიდი კლუმმა კი არათუ ვარცხნილობა შეიცვალა, არამედ დაორსულდა და ფორმა დაკარგა. ფირმამ გულმოწყალება გამოიჩინა და შანსი მისცა. თუ ბავშვის გაჩენიდან 34 დღეში შეძლებდა ძველი ფორმის აღდგენას.
შანსი გამოიყენა. ფორმაში ჩადგა. ის კი არა, მშობიარობიდან ორ კვირაში პოდიუმზე გამოვიდა.
- ოჰ, რად დამიჯდა ეს გამოსვლა - იხსენებს ჰაიდი. - ყოველდღე ხუთ-ხუთ საათს ვვარჯიშობდი.
ჰაიდი კლუმი - მას ყველაფერი შეუძლია.
ნათია როსტიაშვილი
ჟურნალი "ბომონდი"
(ნოემბრის ნომერი)