სულ, სულ პატარა, ისეთი, ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამს, კიდევ- ლამაზი და თავისებური ხიბლით. მისი ცხოვრება ზღაპარივით დაიწყო, დასაწყისი ტრადიციულად ჟღერს: იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, სახელად სალომე...
ალბათ უფალმა დააჯილდოვა სილამაზით, წარმატებით და ზღაპრის გმირობისთვის გაიმეტა. რატომ ზღაპრის? სალომე ჯუღელის ცხოვრების მოყოლას ახლავე დავიწყებ. დასასრული კი, ჯერ შორსაა.
სულ რაღაც 19 წლისაა და დიდების პროფესიას შეეჭიდა, "ალმა მატერში" სწავლობს, ფაკულტეტი კი, სრულიად არამოდელურად ჟღერს: ბიზნესის მართვა და ფინანსები. ამ ასაკის გოგონასთვის სრულიად ჩვეულებრივი ცხოვრება ჰქონდა: დილას ლექციები, საღამოს მეგობრებთან ყოფნა, გართობა, მეცადინეობა... არაფერი განსაკუთრებული იქამდე, სანამ...
სულ თავიდან ყველაფერი თითქოს სხვათა შორის მოხდა. სალომეს დედას ურჩიეს, გოგონას მონაცემები აქვს, გარეგნულად კარგია და იქნებ, რომელიმე სამოდელო სააგენტოში მიგეყვანათო. ოჯახში დაფიქრდნენ და მოიფიქრეს. რატომაც არა, იქნებ...
ის დღე ახლაც ახსოვს ან რა დაავიწყებს, ისე ინერვიულა. სააგენტო "ნატალის" კარი შეაღო, გასაუბრება წარმატებით გაიარა და აიყვანეს. ჰო? აიყვანეს? მართლა აიყვანეს? არ სჯეროდა, პირველ გაკვეთილზე ბედნიერებას ასხივებდა. ცდილობდა ყველაფერი ზუსტად აეთვისებინა, რასაც ასწავლიდნენ, ყურადღებით უსმენდა და იმახსოვრებდა.
ასწავლეს სიარული, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დგომა, აუხსნეს, როგორ უნდა წარმოაჩინო კოსტიუმი პოდიუმზე, პატარა სამსახიობო ელემენტებიც აითვისა, შემდეგ ჩვენებებზეც გამოიყვანეს... პირველი ჩვენება? რა თქმა უნდა, ახსოვს, მაშინ 16 წლის იყო, "ნემოს" ჩვენებაზე უნდა გამოსულიყო. პოდიუმზე გასვლის წინ ძალიან ინერვიულა, ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი, რაც სააგენტოში ასწავლეს, დაავიწყდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა.
ზამთრის ტანისამოსი ეცვა, დიდი ქუდი ეხურა და ჭრელი ფერებით მხიარულ განწყობას ქმნიდა. ნერვიულობის მიუხედავად, პირველი ნაბიჯი, შემდეგ მეორე და სიმშვიდეც თავისით მოვიდა, ყველაფერი გაახსენდა, რაც მისთვის იქამდე უთქვამთ და უსწავლებიათ, საიდანღაც მოვიდა თავდაჯერებულობა, აღფრთოვანება- კამერები, ამდენი თვალი, ამხელა ინტერესი, თითქოს ყველაფერი შენია...
მას მერე პოდიუმზე გასვლას ასე ახასიათებს: ძალიან მაგარი შეგრძნებაა!
ზღაპრული ცხოვრება ცოტა მერე, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიწყო. პარიზში დასასვენებლად ჩასული სალომე, ოჯახთან ერთად, ერთ ჩვეულებრივ საღამოზე მოხვდა. იქ ეუცნაურა, მაგრამ მოეწონა, რომ ყურადღების ცენტრში მოექცა, ყველა მას უყურებდა... შემდეგ ერთმა ურჩია, ბედი ეცადა და პარიზის რომელიმე სააგენტოში მისულიყო. მართლაც, ერთ ჩვეულებრივ სააგენტოში მივიდა, შეხედეს, შეაფასეს, მაგრამ უთხრეს, რომ რეორგანიზაციის გამო, ახალ მოდელს ვერ აიყვანდნენ და პარიზი ცოტა ხნით არ დატოვოო, ურჩიეს.
ამან სტიმული მისცა და სხვა სააგენტოში მისვლა გადაწყვიტა. მივიდა კიდეც და რაც ნახა, თავიდან არც კი დაიჯერა, აგენტები კომპიუტერთან სხედან და მხოლოდ ერთი საქმით არიან დაკავებული- შეაფასონ, ან იმედი მოუკლან, ან კიდევ ლამაზი მომავალი დაუხატონ. ყველა საკმაოდ კრიტიკულადაა განწყობილი, სამი მათგანის უარი ნიშნავს, რომ იმედი აღარ არსებობს, განაჩენი გამოტანილია და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუმცა სალომეს უთხრეს: კი, კი, კი, კი...
ნერვიულობით გაყინული თითები გაუთბა, აკანკალებული ფეხები თავისით აცეკვდა და გაუხარდაააა... შემდეგ შეეჩვია იქაურ რიტმს, მუშაობის სტილს, იქ თითქოს საათის მექანიზმი ხარ ან სულაც მექანიზმის რაღაც ნაწილი, ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ზუსტად დაგეგმილი, არაფერი ხდება გაუაზრებლად...
საოცარია, თავიდან ეგონა, რომ კოლეგები, აგენტები ცივი და კონკურენციის მანიით იქნებოდნენ შეპყრობილნი. თუმცა იმედი სასიამოვნოდ გაუცრუვდა, პარიზის მოდის კვირეულზე, ვედინგ შოუზე გამოდიოდა, ჩვენებას გამოცდილი მოდელი ხურავდა, თუმცა მოულოდნელად, ერთ-ერთ რეპეტიციაზე გადაწყდა, რომ ჩვენებას სალომე დახურავდა.
ამას მხოლოდ კეთილი სურვილები და წარმატების მილოცვა მოჰყვა, არადა, რამდენი სმენია მოდელებს შორის გიჟურ კონკურენციაზე. საოცარი იყო მისთვის განცდა და ემოცია- პარიზის მოდის კვირეულზე თეთრი საქორწინო კაბით, ძალიან სიმპათიურ, ახალგაზრდა ვაჟთან ერთად.
პარიზის მოდის კვირეულზე ოცნებაც კი სისულელედ ეჩვენებოდა, იქ მოხვედრის მსურველთა კილომეტრიანი რიგი იყო. აგენტები ეუბნებოდნენ, რომ თუ გასაუბრებასა და სინჯებზე მოხვდებოდა, დამწყები მოდელისთვის ესეც სასწაულის ტოლფასი იქნებოდა. ბევრი საათი იდგა რიგში, თუმცა საბოლოოდ ის პარიზის მოდის კვირეულზე მიიწვიეს, გამოვიდა წედდინგ სჰოწ-ზე, დევასტეს, ბერნარდ ვილჰელმის და კონტე დე კონს-ის ჩვენებებზე, ასევე იმუშავა ორ ცნობილ ფოტოგრაფთან: ანტონი ჩამბერტთან და ბენ ბრიტთან.
პარიზი...
ულამაზესი ქალაქია, სადაც უნდა გაიხედო, ყველა კუთხე და კუნჭული რაღაცას გიყვება, გელაპარაკება, მის ქუჩებში
სეირნობას არაფერი ჯობია. თუმცა თბილისი ენატრებოდა, იმდენად, რომ ერთ დღესაც, როცა ნოსტალგიამ პიკს მიაღწია, პარიზის შუა ქუჩაში იდგა და საქართველოს ჰიმნს მღეროდა.
ერთ კვირაში მიხვდა, რომ პატრიოტია, ყველას ესაუბრებოდა სამშობლოზე, ასწავლა ფრაზა "საქართველოს გაუმარჯოს!", უყვებოდა საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე. ერთ-ერთი ჩვენების წინ სლაიდებით მივიდა და ჩვენს ქვეყანას ლამაზი პრეზენტაცია გაუკეთა.
ყველას შეაყვარა თბილისი და დაპატიჟა, ალბათ მთელი პარიზის სამოდელო ბიზნესის წარმომადგენლები თბილისის დასათვალიერებლად ჩამოვლენ. მიხვდა- საქართველოდან სამუდამოდ ვერ წავიდოდა.
სწავლობს და თან ძალიან მოსწონს სწავლის პროცესი, რთული პროფესია აირჩია, თუმცა მისაღები გამოცდების წინ, როდესაც გადახედა ფაკულტეტების სიას, მიხვდა, რომ სწორედ ეს უნდა- ბიზნესის მართვა და ფინანსები. ახლა უკვე ცდილობს შეათავსოს მოდელობა სწავლასთან, უნივერსიტეტიც ხელს უწყობს და საქართველოს ფარგლებს გარეთ წასული სალომე მაინც პოულობს მეცადინეობისთვის დროს, თუნდაც ღამის 3-ზე ან 5-ზე, თუნდაც ძილის სანაცვლოდ...
თაყვანისმცემლები ჰყავს, თუმცა არაფერს ჩქარობს, არჩევანიც ჯერ არავისზე შეუჩერებია, ამის დრო არ რჩება და ალბათ იმიტომ. ან იქნებ ჯერ ვერ შეხვდა, ვერ ნახა. ამ ეტაპზე სულ სხვა რამითაა გართული. გართობა? არ უყვარს ხმაური, კლუბები და ხალხმრავლობა.
თუ თბილისშია, ურჩევნია მეგობრებთან ერთად სიმშვიდეში იყოს, ისაუბროს, იჭორაოს. საქართველოს ფარგლებს გარეთ, პარიზში გართობისთვის დრო არ არსებობს! იანვარში ისევ მიდის პარიზში, ისევ დაიწყება საგიჟეთი, სასიამოვნო საგიჟეთი ლამაზ ზღაპარში.
ჟურნლი "ბომონდი"
ქეთი მიქანაძე